საზოგადოება

მაღაროელები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

21 ივნისი, 2023 • 929
მაღაროელები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

თბილისში ჩამოსული გაფიცული 4 მაღაროელი პარლამენტის წინ კარვებში შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ ფეისბუკის პირდაპირი ეთერით ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მაქაცაძემ განაცხადა.

„დღეს ჭიათურაში გაფიცვის მე-16 დღე, ხოლო შიმშილობის მე-10 დღე გახლავთ. იცით, რომ გარკვეული ჯგუფი ვიმყოფებით თბილისში, პარლამენტის წინ, აქედან ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც კომპანიის მხრიდან ხდება.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს დილიდან ვიწყებთ შიმშილობას. ამ კარვებში 4 ადამიანი უკვე ზის და უვადოდ აცხადებს შიმშილობის პროტესტს მანამ, სანამ არ შესრულდება ის მინიმალური, ელემენტარული მოთხოვნები, რაც კომპანიას წავუყენეთ“, – ამბობს ის.

ვიდეოში, რომელიც „მაღაროელის“ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა, ტარიელ მაქაცაძე ქვეყანაში შრომითი უფლებების პრობლემებზეც საუბრობს. ის ამბობს, რომ გაფიცვა მხოლოდ მაღაროელების გასაჭირი არ არის, არამედ წარმოადგენს ყველა დასაქმებულის პრობლემას. მაღაროელი მოუწოდებს მოსახლეობას სოლიდარობისკენ.

„თქვენ გაქვთ უფლება, რომ დღეს ჩვენთან ერთად მოხვიდეთ საღამოს 19:00 საათზე და ერთად დავიცვათ მშრომელი ხალხის უფლებები. არ მივცეთ ჩვენს დამსაქმებელს, ასე უუფლებო, ასე მონურ რეჟიმში გვამუშაოს, კაპიკების, მიზერული თანხების ნაცვლად შეიწიროს ჩვენი ჯანმრთელობა და ესოდენ ძვირფასი დრო, მათ კი დააგროვონ კაპიტალი.“


დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-16 და მათი ნაწილის შიმშილობის მე-10 დღეა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

ჭიათურაში რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, მაღაროელთა ერთი ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა. მათ კარვები გაშალეს პარლამენტის წინ და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი