კომენტარი

პრიგოჟინი როგორც რუსეთის ახალი რასპუტინი | ნინა ხრუშჩოვა

12 ივნისი, 2023 • 1710
პრიგოჟინი როგორც რუსეთის ახალი რასპუტინი | ნინა ხრუშჩოვა

ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი


რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რბილად რომ ვთქვათ, გეგმის მიხედვით არ წავიდა. ახლა კი „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი სულ უფრო მძაფრად ესხმის თავს რუსეთის ოფიციალურ სამხედროებს. როგორ ხდება, რომ მაშინ, როცა კრემლი აგრესიულად ებრძვის დისიდენტებს, იგი არ ისჯება?

წინა წლის თებერვალში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ, პუტინი სხვადასხვა მიზნებზე საუბრობდა. თავდაპირველად უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ [ანუ, უკრაინის დაპრყობა] იყო, შემდეგ – დონბასის „გათავისუფლება“. იგი ასევე საუბრობს რუსეთის „ისტორიული საზღვრების“ დაცვაზე და ირწმუნება, რომ დასავლეთმა არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა უკრაინაზე თავდასხმისა.

რიტორიკული გადახრები ასახავს ცვლილებებს ბრძოლის ველზე – რუსული ძალების მრავალ უკან დახევას, შეცდომას და არასწორ გათვლას. მარტივად რომ ვთქვათ, პუტინი ცდილობს სახის შენარჩუნებას. თუმცა პრიგოჟინი, რომელზეც პუტინი სულ უფრო დამოკიდებული გახდა გამარჯვებისთვის, ამას ნამდვილად არ ამარტივებს.

კონსტანტინ დოლგოვთან 24 მაისის ინტერვიუში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინის დენაციფიკაციის ნაცვლად რუსეთმა ის მსოფლიოში ცნობილ ქვეყნად აქცია, დემილიტარიზაციის ნაცვლად კი მილიტარიზაცია მოახდინა: „თუ ადრე 500 ტანკი ჰქონდათ, ახლა 5000 აქვთ. თუ ადრე 20,000-ს შეეძლო ბრძოლა, ახლა 400,000-ს შეუძლია“.

პრიგოჟინმა ბრალი დასდო ელიტებს, კონკრეტულად კი სამხედრო ხელმძღვანელობას, და დაადანაშაულა ისინი ომისადმი ერთგულების ნაკლებობაში. მანვე გაახმიანა გაფრთხილება, რომ ჩვეულებრივი რუსები, სულ უფრო იმედგაცრუებულნი პროგრესის არარსებობით, აჯანყდებიან. ერთადერთი გამოსავალი მისი გადმოსახედიდან არის ომზე მეტი რესურსის დახარჯვა, სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და მობილიზაციის ახალი ტალღა. სხვანაირად შეიძლება რუსეთი დავკარგოთო, ამბობს პრიგოჟინი.

პრიგოჟინი არ ცდება, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელიტების ომისდამი ერთგულებას. ივნისის დასაწყისში კონსტანტინ ზატულინმა, დუმის დეპუტატმა, მსგავსი განცხადება გააკეთა – „ოპერაციის ბევრმა მიზანმა აზრი დაკარგა… შედეგი არაა“. იგი [პრიგოჟინი] დაჟინებით ამბობს, რომ რუსეთს გადაჯგუფება და წინსვლა სჭირდება, მაგრამ მისი კომენტარები გამოხატავს გაოცებას იმით, თუ რა ხდება ხელისუფლების სათავეში. მინისტრთა მთელი კაბინეტი, მათ შორის პრიგოჟინის საყვარელი სამიზნე სერგეი შოიგუ [ამ თემაზე გირჩევთ: რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს], ამჯობინებდა, თავი აერიდებინა შემდგომი [კონფლიქტის] ესკალაციისთვის და სამხედრო სტრატეგია შეიძლება სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდეს.

ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა. რუსეთის მმართველი კლასის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის „მოგება“ რთულია. რაც უფრო მეტს ომობს, მით უფრო იქცევა რუსეთი ერთგვარ ჩრდილოეთ კორეად – ქვეყნად, რომელსაც სურს ყველაფერი (ცხოვრების სტანდარტები, უსაფრთხოება, სუვერენიტეტიც კი) გაწიროს ლიდერის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად.

თუმცა პრიგოჟინი სულაც არაა წინააღმდეგი. მას უნდა, რუსებმა მატერიალური კომფორტი (არ ვახსენოთ დიდი თანხები, რომლებსაც ის ომით შოულობს) დათმონ მითიური „უნიკალური ცივილიზაციისთვის“, რომელსაც წარმოადგენენ რუსეთი და „რუსული სამყარო“. მისი გადმოსახედიდან გამართლება არ აქვს რუსული ელიტების უარს ჯინგოიზმზე [აგრესიული და ნაციონალისტური პატრიოტიზმი], განსაკუთრებით, რუსულ ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევის შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების მზარდი რაოდენობის ფონზე.

პრიგოჟინი მარტო არაა.

დაუღალავმა პროპაგანდამ შეიძლება ვერ დაარწმუნა ჩვეულებრივი ხალხი, ომისთვის მხარი დაეჭირა, მაგრამ მათ ბრაზს მისცა საწვავი. როცა იანვარში მოსკოვში ვიყავი, თავისუფლად შეიძლებოდა კრემლით უკმაყოფილების გამოთქმა, შედარებით დახურულ სოციალურ სივრცეში მაინც. ახლა, როგორც სტალინის დროს, ყველგან მტრები არიან. მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს აბეზღებენ, კაფეების პერსონალი კი კლიენტებს უსმენს.

ზოგი გაბრაზებული რუსი ყველგან მტრის დანახვას იწყებს და ამიერიდან აღარ იქნება რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის სრული მილიტარიზაციის წინააღმდეგი. ისინი კვლავ უჭერენ მხარს პუტინს, მაგრამ რაც უფრო გრძელდება ომი, მით უფრო შეაქვთ ეჭვი მის ძლევამოსილებაში. ანუ, აჯანყება, რომელსაც პრიგოჟინი პროგნოზირებს და, როგორც ჩანს, სურს, უფრო სავარაუდოა?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მისი გავლენა უნდა განვიხილოთ. ეს გავლენა დაფუძნებულია „ვაგნერელების“ სისასტიკეზე და გამარჯვებებზე. გაბრაზებული რუსები შეიძლება მისმა დაუნდობელმა რიტორიკამაც მიიზიდოს („ძაღლს ძაღლური სიკვდილი“ – ასე შეაფასა მან უკრაინის მხარეზე გადასული „ვაგნერელის“ უროთი მოკვლის ვიდეო).

ის, რომ პრიგოჟინს შეუძლია სასჯელის გარეშე აკრიტიკოს ომი, მხოლოდ ამყარებს მის რეპუტაციას. ზემოთ ხსენებული დოლგოვი პრიგოჟინთან ინტერვიუს შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. პრიგოჟინის მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში ადრე იყო ნაბოკოვის ან პუშკინის პეტერბურგის ტურები. ახლა პრიგოჟინისაც არის.

თუმცა პრიგოჟინი არ იყენებს გავლენას პუტინის წინააღმდეგ. პირიქით, სამხედრო და პოლიტიკურ ელიტებზე თავდასხმით მას ყურადღება გადააქვს სულ ზემოთ მყოფისაგან. თანაც, პუტინი დიდი ალბათობით ეთანხმება პრიგოჟინის აზრების დიდ ნაწილს. ხელისუფლებაში თითქმის 25 წლის გატარების შემდეგ, პუტინს აღარ აქვს რევოლუციის წარმოების უნარი. მაგრამ ომი უკრაინაში და ხშირად გაუწონასწორებელი რიტორიკა აჩვენებს, რომ გულში წამქეზებელია.

პრიგოჟინი სისტემის გარეთაა, მაგრამ სისტემას ემსახურება. ასე დიდად წააგავს გრიგორი რასპუტინს, რომელიც დაუმეგობრდა და დიდ გავლენას ახდენდა რუსეთის ბოლო მეფის ოჯახზე. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო არ იყო თანმიმდევრული, მისი ლიდერი კი გასცემდა ბრძანებებს, მაგრამ ადეკვატური ხელმძღვანელი არ ყოფილა. რასპუტინის მსგავსი ელემენტები გამოჩნდნენ სიცარიელის შესავსებად, თანაც, კი არ ცდილობდნენ გამოეცნოთ, უფროსს რა სურდა, არამედ თავიანთ თავს აყალიბებდნენ ძალად, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ.

პუტინი შეიძლება ეთანხმებოდეს პრიგოჟინს და აფასებდეს უკრაინის განადგურებაში „ვაგნერის“ წვლილს. ოღონდ, მას უნდა ესმოდეს, რომ პრიგოჟინის დამოუკიდებლობა, სიმამაცე და ამბიცია ძირს უთხრის საზოგადოების მორჩილებას, რომელიც აუცილებელია რეჟიმის გადარჩენისთვის. რასპუტინმა ცუდად დაასრულა მას შემდეგ, რაც თავი დეკადანტური ელიტის სამიზნედ აქცია. პრიგოჟინიც შეიძლება მსგავს გზაზე დგას.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი