ახალი ამბები

ზატულინმა უკრაინაზე განცხადების გამო, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს

5 ივნისი, 2023 • 19866
ზატულინმა უკრაინაზე განცხადების გამო, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა, შეიძლება თანამდებობა დაკარგოს უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

რუსული მედიასაშუალების, „ვედომოსტის“ ცნობით, მმართველ პარტია „ერთიან რუსეთში“ დაიწყეს კონსულტაციები ზატულინის განცხადების გამო.

რა თქვა ზატულინმა?

1 ივნისს ზატულინი გამოდიოდა ფორუმზე „როგორი უკრაინა გვჭირდება?“. მისი თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ [ასე უწოდებენ ომს რუსეთში] თავდაპირველი გეგმა იყო ძალოვანი აქციის შემდეგ უკრაინული სახელმწიფოს დაშლა – „განსაკუთრებული მსხვერპლის გარეშე იმის მიღწევა, რაც არ გამოდიოდა რვა წლის განმავლობაში“.

თუმცა, მისივე თქმით, „ეს გეგმა ჩავარდა“ და „არარეალური“ იყო, რის გამოც საჭიროა სხვა გეგმაზე გადასვლა.

„როგორი იყო სამხედრო ოპერაციის დასაწყისში გაცხადებული მიზნები? ყველას გახსოვთ – დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის დაცვა. დღეისთვის, აქედან რომელ საკითში მივაღწიეთ წარმატებას? არც ერთში. უფრო მეტიც – ზოგმა ყველანაირი აზრი დაკარგა, მაგალითად, უკრაინის ნეიტრალიტეტმა“, – აღნიშნა მან.

„აწი უფრო ფრთხილად ისაუბროს“

„ერთიან რუსეთსა“ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული წყაროები „ვედომოსტის“ ეუბნებიან, რომ ამჟამად განიხილება ზატულინის მომავლის სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის:

  • ფრაქციიდან გარიცხვა და თავმჯდომარის პირველი მოადგილეობის ჩამორთმევა;
  • კონსულტაციები – „ფრაქციის ხელმძღვანელობა გაესაუბრება, რომ აწი უფრო ფრთხილად ისაუბროს“.

თავად ზატულინმა გამოცემას უთხრა, რომ გამოსვლის გამო ფრაქციიდან არავინ დაკავშირებია.

„მე ვამბობდი, რომ ამჟამად სპეციალური სამხედრო ოპერაციის, რეალურად კი ომის მიზნები არაა მიღწეული. რატომ? იმიტომ, რომ ამის შემდეგ მეთქვა, რა არის გასაკეთებელი მათ მისაღწევად“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი