ახალი ამბები

პრიგოჟინი ახალ მობილიზაციას და რუსეთში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ცხოვრების დამკვიდრებას ითხოვს

24 მაისი, 2023 • 30950
პრიგოჟინი ახალ მობილიზაციას და რუსეთში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ცხოვრების დამკვიდრებას ითხოვს

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინმა პოლიტტექნოლოგ კონსტანტინ დოლგოვს ინტერვიუ მისცა, რომელშიც, როგორც თავად ამბობს, უპასუხა ყველა „უხერხულ კითხვას“.

ინტერვიუში პრიგოჟინმა ისაუბრა „ვაგნერის“ დანაკარგებზე, განიხილა ომის შედეგები, განაგრძო საჯარო კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსთან და ივარაუდა, თუ რას შეიძლება ველოდოთ მომავალში.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს პრიგოჟინის ინტერვიუდან.

„დღეს უკრაინელები ერთ-ერთ უძლიერეს არმიას წარმოადგენენ“

„დღეს „ვაგნერი“ მსოფლიოს საუკეთესო არმიაა. კორექტულობის გამო უნდა ვთქვა, რომ შემდეგია რუსული, მაგრამ მგონია, რომ უკრაინელები დღეს ერთ-ერთ უძლიერეს ჯარს წარმოადგნენ. აქვთ ორგანიზაციის მაღალი დონე, მომზადების მაღალი დონე, დაზვერვის მაღალი დონე. აქვთ სხვადასხვა იარაღი. უფრო მეტიც, მუშაობენ ნებისმიერ სისტემაზე – საბჭოთა, ნატოს, ნებისმიერზე, ერთნაირი წარმატებით. აბსოლუტურად ფილოსოფიურად უდგებიან დანაკარგებს. მათთან ყველაფერი მიდის უმაღლესი მიზნის მისაღწევად“.

პრიგოჟინმა ბახმუტის ბრძოლებში „ვაგნერის“ დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, დაიღუპა 10 000 მსჯავრდებული და 10 000 „ვაგნერელი“.

„ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ რუსეთის დაკარგვა შეგვიძლია“

ჯარში დიდი დანაკარგებისა და ელიტების ქცევით უკმაყოფილების გამო, პრიგოჟინი „ახალი 1917 წლის“ – სამოქალაქო ომის და რევოლუციის შესაძლებლობასაც ხედავს.

„ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ რუსეთის დაკარგვა შეგვიძლია. უნდა დავაწესოთ სამხედრო მდგომარეობა, გამოვაცხადოთ მობილიზაციის ახალი ტალღები, ვინც კი შესაძლებელია, შეიარაღების წარმოებაზე უნდა გადავიყვანოთ. უნდა შევწყვიტოთ უდარდელი ცხოვრება, ახალი გზების შენება, ინფრასტრუქტურული ობიექტების შენება, ვიმუშაოთ მხოლოდ ომზე.

რუსეთმა რამდენიმე წელი უნდა იცხოვროს ჩრდილოეთ კორეის წესით, ჩაკეტოს ყველა საზღვარი, უცხოეთიდან წამოიყვანოს წასულები და ვირივით იმუშაოს. აი მაშინ მივალთ რამე შედეგამდე“.

„უკრაინა ვაქციეთ ერად, რომელსაც იცნობენ მთელ მსოფლიოში“

„მივედით კიევთან და პირდაპირ გეტყვით, ჩავისვარეთ და უკან დავიხიეთ შემდეგ – ხერსონში, ჩავისვარეთ და უკან დავიხიეთ. შემდეგ, დრო, თუ რა როდის მოხდა, მეშლება, მაგრამ იყო იზიუმი, კრასნი ლიმანი. რაღაც არ მიგვდის საქმე.

პრინციპში, იოსებ ბესარიონის ძე [სტალინი] გააკეთებდა დასკვნებს, დახვრეტდა ასე 200 ადამიანს, შეიძლება ვინმე ჩამოეხრჩო, საკუთარი სიამოვნებისთვის, ესთეტიკური ტკობიბისთვის. ჩვენთან კი დასკვნები არ გაუკეთებიათ.

სპეცოპერაცია იყო დენაციფიკაციისთვის და დემილიტარიზაციისთვის. უკრაინა, უბრალოდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იყო. ჰქონდა უკრაინული ენა, რომელსაც ყველა პატივისცემით ეპყრობოდა, მათ შორის საბჭოთა კავშირში.

ასეთი დენაციფიკაციით, რომელზეც ვსაუბრობდით, უკრაინა ვაქციეთ ერად, რომელსაც იცნობენ მთელ მსოფლიოში. უკრაინის ლეგიტიმიზაცია მოვახდინეთ.

რაც შეეხება დემილიტარიზაციას. თუ სპეცოპერაციისას პირობითად 500 ტანკი ჰქონდათ, ახლა აქვთ 5000. თუ ბრძოლა შეეძლო 20 000-ს, ახლა შეუძლია 400 000-ს. როგორ გამოგვივიდა დემილიტარიზაცია? პირიქით გამოდის, ღმერთმა იცის როგორ, მაგრამ უკრაინას მილიტარიზება მოვახდინეთ“.

„უნდა მოვემზადოთ რთული ომისთვის“

„არის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი. პირველის ნაკლებად მჯერა. ევროპა და ამერიკა დაიღლებიან უკრაინული კონფლიქტისგან. ჩინეთი ყველას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს. შევთანხმდებით, რომ რაც შევყლაპეთ, ჩვენია, რაც არა – არ არის. ეს სცენარი ნაკლებადაა შესაძლებელი.

პესიმისტური სცენარი: უკრაინელებს აძლევენ რაკეტებს, ისინი ამზადებენ ჯარს, რა თქმა უნდა გააგრძელებენ წინსვლას, შეეცდებიან კონტრიერიშზე გადასვლას. შესაძლებელია, კონტრიერიში სადღაც წარმატებული გამოვა, აღადგენენ 2014 წლამდე არსებულ საზღვრებს, ეს მარტივად შეიძლება მოხდეს. შეუტევენ ყირიმს, შეეცდებიან ყირიმის ხიდის აფეთქებას. ამიტომ, უნდა მოვემზადოთ რთული ომისთვის“.

ბირთვული იარაღის გამოყენებაზე

„ჩვენ მოვაწყვეთ ეს ჩხუბი. იჩხუბეს მეზობლებმა. მიდიხარ მეზობელთან და შეგიძლია სახე დაულეწო. მაგრამ, თუ მეზობელმა ნახ** გაგიშვა, შენ კი ნაჯახი აიღე და თავში ლეწე, უცნაური სიტუაციაა. ნაჯახია ბირთვული იარაღი. არ უნდა სდიო მეზობელს ნაჯახით. ან პატიოსნად უნდა სცემო, ან აღიარო, რომ აქეთ გცემა. ბრძოლის ველზე უნდა დაამტკიცო შენი სიმართლე“.

გაიგეთ მეტი:

რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი