საზოგადოება

რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს

5 მაისი, 2023 • 7079
რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს

ხუთ მაისს „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სამინისტროს პირველი პირები არათუ გააკრიტიკა ტყვია-წამლის არმიწოდებისთვის, არამედ აგინა კიდეც. კრემლში მის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

თუმცა ეს არ გახდა ორ გავლენიან პირს შორის არსებული კონფლიქტის კულმინაცია – მალევე პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერელები“ ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილს, ბახმუტს დატოვებდნენ და მიზეზად კვლავ ტყვია-წამლის დეფიციტი დაასახელა.

„ნეტგაზეთი“ შეეცადა გაერკვია, თუ რის გამო და როგორ მიმდინარეობს და რას შეიძლება ველოდოთ იმ პირების კონფლიქტისგან, რომლებიც ფრონტზე რუსეთის წარუმატებლობის ფონზე, წესითა და რიგით, ერთიანობას უნდა ავლენდნენ.

„პუტინის მზარეული“ და „რუსეთის ყველაზე პოპულარული მინისტრი“

კონფლიქტის ორივე ფიგურანტი დიდი ხანია, მჭიდროდაა დაკავშირებული პუტინის ხელისუფლებასთან, ან სულაც მისი ოფიციალური მაღალჩინოსანი წევრია.

შოიგუსა და პუტინის გზები ჯერ კიდევ 1999 წელს გადაიკვეთა. თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი იმჟამად საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, პუტინი კი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა და მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შესაცვლელად ემზადებოდა.

სახელმწიფო დუმის იმავე წლის არჩევნებში სწორედ პუტინისა და შოიგუს პარტია „ერთიანობამ“ მოიპოვა გამარჯვება. შემდეგი 12 წლის განმავლობაში შოიგუ ჩვეულ თანამდებობაზე აგრძელებდა მუშაობას და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მინისტრად მიიჩნეოდა, 2012 წელს კი თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.

რაც შეეხება პრიგოჟინს, 1981 წელს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 1990 წლიდან კი მაშინდელ სანქტ-პეტერბურგში ჰოთ-დოგების გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით ხელი მოკიდა სარესტორნო ბიზნესს. პრეზიდენტის ამპლუაში პუტინს იქ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც კი მიუღია.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ნელ-ნელა დაიწყო კრემლთან დაახლოება – იგებდა მრავალმილიონიან ტენდერებს სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, სამთავრობოების კვების უზრუნველყოფაზე, რის გამოც მიიღო ზედმეტსახელი „პუტინის მზარეული“.

2010-იანი წლებიდან ჩნდება მისი დაფუძნებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც რუსეთის ინტერესებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აფრიკის ქვეყნებში იბრძოდა.

პრიგოჟინს აგრეთვე უკავშირებენ „ტროლების“ ქარხანას, რომელიც წლებია პეტერბურგში ოპერირებს და აშშ-ის მიერ ბრალდებულია საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში.

„ვაგნერელები“ და „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“

წინა წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრისას, არსებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მარტივ გამარჯვებას გეგმავდა, თუმცა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით ვერ წავიდა და მოსკოვის წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე წელიწადზე მეტია, გრძელდება.

ომის გაურკვეველი მიზეზების მიუხედავად [კრემლი და რუსი ჩინოვნიკები ხშირად სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ], რუსეთის რეგულარულმა ჯარმა ფრონტზე ხელშესახები წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა, ხოლო ადამიანური და ტექნიკური რეზერვების ამოწურვასთან ერთად, ბრძოლებში სწორედ პრიგოჟინის „ვაგნერმა“ დაიწყო მონაწილეობა.

ნელ-ნელა ის მცირე წარმატებებიც კი, რასაც რუსული მხარე აღწევდა, სწორედ „ვაგნერის“ დამსახურება გახდა, ხოლო შემოდგომიდან, როცა ომმა პოზიციური ხასიათი მიიღო, ხოლო რუსეთის სახმედრო ხელმძღვანელობაში ცვლილებები დაიწყო, სათავე დაედო პრიგოჟინისა და შოიგუს კონფლიქტს, რომელშიც პირველი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, უკანასკნელი კი დუმდა.

პორტრეტების დახვრეტა

პრიგოჟინის მიერ კონფლიქტის საჯაროდ დეკლარირებული მიზეზი „ვაგნერელებისთვის“ ტყვია-წამლის საკმარისი რაოდენობით არმიწოდებაა – კრიტიკა ამ მიმართულებით მისი თუ „ვაგნერის“ ჯგუფის შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენლებისგან საჯაროდ დეკემბრიდან ისმის.

როგორც თავად „პუტინის მზარეული“ ამბობს,  2022 წლის შემოდგომაზე ვითარება ამ მხრივ ნორმალური იყო, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები, მიუხედავად ტყვია-წამლის რეზერვების არსებობისა, „ვაგნერელებს“ მას არ გადასცემენ. კრიტიკის ობიექტები მინისტრი სერგეი შოიგუ და მისი მოადგილე ვალერი გერასიმოვია, რომელიც თებერვალში, გენერალ სუროვკინის [რომელსაც პრიგოჟინი აქებს] ნაცვლად, უკრაინაში რუსული ჯარის სარდალი გახდა.

ჯერ კიდევ წინა წლის დეკემბერში „ვაგნერელებმა“ გერასიმოვს ვიდეომიმართვა მიუძღვნეს და „პიდა****ი“ უწოდეს, რომელიც იარაღის მიწოდებას უშლის ხელს. გერასიმოვის სარდლად დანიშვნის შემდეგ, თებერვლის ვიდეომიმართვაში, თავდაცვის სამინისტროს იგივე პრობლემის გამო ჩაწერილ ვიდეოში პატივისცემით [„კოლეგებს და მეგობრებს თავდაცვის სამინისტროდან“] იხსენიებენ.

ეს მიმართვაც, სხვების მსგავსად, უპასუხოდ დარჩა, რის შემდეგაც „ვაგნერელებმა“ ან პირებმა, რომლებიც თავს ჯგუფის წევრად ასაღებენ, ჩაწერეს ვიდეო, სადაც მათ შორის გერასიმოვის პორტრეტს ესვრიან. პრიგოჟინმა მოგვიანებით უარყო ამ ვიდეოსთან „ვაგნერის“ კავშირი.

კონფლიქტის ბოლო მწვავე ფაზა თებერვლის ბოლოს იყო – პრიგოჟინმა კვლავ დაიჩივლა ტყვია-წამლის დეფიციტზე და შოიგუს შეახსენა, რომ მაშინ, „როცა რუსი ჯარისკაცი ფრონტზე იღუპება, თქვენ შვილს დუბაიში დასასვენებლად აგზავნით“. ამავე მიმართვაში იგი ამბობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მას შესაბამისი პირებისთვის ბოდიშის მოხდას ურჩევენ.

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, პრიგოჟინი შოიგუსთან ომში „სამხედრო კორესპონდენტების“ რეკრუტირებასაც ცდილობს. ერთ-ერთი ასეთის, „ვლადლენ ტატარსკის“ მკვლელობა შეიძლება მისთვის „გაფრთხილებაც“ იყო, არ გამორიცხავენ „ომის კვლევის ინსტიტუტში“ [ISW].

რის მიღწევას ცდილობს პრიგოჟინი

„ბრძოლის“ დეკლარირებული მიზნების მიუხედავად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინს სინამდვილეში სხვა მიზანიც შეიძლება ჰონქდეს – კერძოდ, უკრაინასთან ომში „რუსეთის პირველი ვიოლინო“ გახდეს.

გარდა მოკლევადიანი მოგებისა, რომელიც გავლენასა და დიდი ფინანსური ნაკადების კონტროლის საშუალებას იძლევა, ომში მონაწილის „დიდება“ პრიგოჟინს და მის გუნდს მომავალშიც, სავარაუდოდ, დიდ დივიდენდებს მოუტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი