კომენტარი

“მივესალმები” – კონსტანტინე მორგოშია რუსულ კანონზე

3 მარტი, 2023 • 1145
“მივესალმები” – კონსტანტინე მორგოშია რუსულ კანონზე

პრორუსული ტელეკომპანიის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ მიესალმება რუსულ კანონს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები აგენტებად უნდა გამოცხადდნენ.

მორგოშიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ კანონპროექტი „თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა“.

„აგრეთვე საინტერესოა შესწევს თუ არა “ქართულ ოცნებას” უნარი, ბოლომდე დაიცვას თავისი პრინციპები. იდეაში, ამ კანონის მიღებამდეც, შექმნილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, უკვე ნათელი და ცალსახაა თუ ვინ წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, უცხო ქვეყნიდან მართულ აგენტურულ ქსელს. მე მივესალმები ამგვარი კანონპროექტის მიღებას და მეტიც, მხარს ვუჭერ უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ჯგუფების არამხოლოდ „აგენტებად” რეგისტრაციას, არამედ მათი პოლიტიკური, ენჯეო თუ მედია საქმიანობის შეჩერებასა..“, – წერს მორგოშია.

რაც შეეხება თავად „ალტ-ინფოს“, ჯერ კიდევ 20 თებერვალს ნეტგაზეთს მორგოშიამ უთხრა, რომ ტელეარხს ეს კანონპროექტი არ შეეხებოდა.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.კანონპროექტებს მხარი პირველი მოსმენით 2 მარტს დაუჭირეს საგარეო და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტებმა. „ოცნება“ ამბობს, რომ ამგვარი კანონი აშშ-დან გადმოიღეს. აშშ-ში ნამდვილად მოქმედებს “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” (FARA), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია კონტექსტი:ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. ამჟამად, იმისათვის, რომ სუბიექტი აგენტად აშშ-ში რეგისტრაციას დაექვემდებაროს, ნათლად უნდა ჩანდეს მის მიერ სხვა სახელმწიფოს ინტერესების ლობირება.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი