საზოგადოება

“ალტ-ინფოს” “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაცია არ მოუწევს – დამფუძნებელი

20 თებერვალი, 2023 • 7469
“ალტ-ინფოს” “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაცია არ მოუწევს – დამფუძნებელი

“ხალხის ძალის” მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაცია “უცხოური გავლენის აგენტად” კლასიფიცირდება მის შემოსავალში უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წილის მიხედვით.

უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია, რომლის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ორგანიზაციისგან თუ მთავრობისგან მოდის, ავტომატურად მიიჩნევა “უცხოური გავლენის აგენტად”. რას/ვის წარმოადგენს ორგანიზაცია, რაში მდგომარეობს მისი მიზნები და რეალურად ლობირებს თუ არა რომელიმე “უცხოურ გავლენას”, კანონპროექტის ავტორთათვის მნიშვნელობა არ აქვს.

ამ სტანდარტით “უცხოური გავლენის აგენტად” დარეგისტრირება, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, არ მოუწევს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს”, რომელიც ღიად ახმიანებს პრორუსულ გზავნილებს საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ტელეარხის ერთ-ერთი დამფუძნებლის და სპონსორის კონსტანტინე მორგოშიას ნათქვამიდან.

“ეგეთი საერთოდ არავინ გვყავს, ასე რომ, ეგ კანონპროექტი ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს…” — პასუხობს ის “ნეტგაზეთს”, როცა ვეკითხებით, იღებს თუ არა “ალტ-ინფო” დაფინანსებას რომელიმე უცხო ქვეყნის მთავრობისგან, ფიზიკური/იურიდიული პირისგან თუ ორგანიზაციისგან.

“არაფერს, ერთ თეთრსაც კი [არ ვიღებთ უცხოეთიდან]”, — ამატებს მორგოშია, რომელიც მართალია, საქართველოს მოქალაქეა, თუმცა 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავიდა და იქ გაარძელა ცხოვრება და საქმიანობა.

რას წარმოადგენენ “ალტ-ინფო” და მისი პარტია

ტელეკომპანია “ალტ-ინფო”, რომელიც თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, მედიამონიტორების შეფასებით, “ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა”. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

სწორედ “ალტ-ინფოს” ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, რომლის დროსაც რადიკალებმა სცემეს და ტექნიკა დაუმტვირეს ჟურნალისტებს, ისევე როგორც, დაარბიეს აქტივისტთა ოფისები და “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტთან.

აქციის მიმდინარეობისას ნაცემთა შორის იყო ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

2021 წლის ბოლოს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს. პარტიაში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ რუსეთთან “პარტნიორული ურთიერთობებისთვის”.

2022 წლის ოქტომბერში “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ “ევრაზიული კავშირის” ფორუმზე დასასწრებად, მანამდე კი რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია გაიმართა “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით.

“ამ კანონის მიზანი ეს არც არის”

იურისტი ნინო რიჟამაძე ხაზს უსვამს, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტის მიზანი არც არის “მტრული სახელმწიფოების ინტერესების შესაბამისად მოქმედი ორგანიზაციების” გამოვლენა:

“პირიქით, [კანონპროექტის მიზანი] მათი გაძლიერებაა იმის ხარჯზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო ორგანიზაციები იქნებიან უფრო სტიგმატიზებულები, უფრო შევიწროებულები და სერიოზულ წნეხში, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან”.

“ეს კანონი ნამდვილად არ ემსახურება რუსული საფრთხეების აღმოფხვრას. ის ემსახურება რუსული სტილის მმართველობის დამყარებას საქართველოში”.

მეორე მხრივ, რიჟამაძე დასძენს, რომ არ შეიძლება, ერთ სიბრტყეში დავაყენოთ საქართველოს პარტნიორებისგან თუ მეგობრებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები და “ალტ-ინფო”, რომელიც “რუსული ჰიბრიდული ომის იარაღს” წარმოადგენს.

“ერთ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ოფიციალურად აღიარებულ მტრულ სახელმწიფოზე, მეორე შემთხვევაში კი, სტრატეგიულ პარტნიორებზე და საქართველოს მეგობრებზე”, — დასძენს ის.

რიჟამაძე ახსენებს ფაქტსაც, როცა “ალტ-ინფოს” წარმომადგენელთა მიერ დაფუძებული პარტია აუდიტის სამსახურმა დააჯარიმა, დაადგინა რა შემოწირულებების დამალვა. პარტიაში მაშინ ამბობდნენ, რომ “შარი მოსდეს”.

“რაც შეეხება ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც შემოწირულობას და დაფინანსებას იღებენ დასავლური ინსტიტუტებისგან და ფონდებისგან: აქ იმთავითვე ყველაფერი ნათელი და ცხადია, ვინაიდან მათი დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა და ცნობილი, ისევე როგორც დაფინანსების ოდენობა, მათი მიზნები და ამოცანები”, — აღნიშნავს იურისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი