ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციის გაუქმება ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომების გამო მოუხდათ. მიზეზი იქ შეკრებილი უცხო პირები იყვნენ, რომლებმაც გზა გადაკეტეს.
ნეტგაზეთს დეტალების შესახებ შეხვედრის ორგანიზატორმა, ნიკა გურინმა მოუყვა. ის „ყვარლის ევროკლუბის“ დამაარსებელი და დირექტორია.
„ჩვენს კლუბს პერიოდულად ჩამოჰყავს სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა დისკუსიებისთვის თუ ღონისძიებებისთვის.დღეს კი დაანონსებული გვქონდა შეხვედრა ლევან ბერძენიშვილთან აქტივიზმის პროექტის ფარგლებში. ბატონი ლევანი, როგორც აქტივისტი და ლიტერატურათმცოდნე მოვიწვიეთ, თან დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების 185 წლისთავია და ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრის თემა ყოფილიყო – ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა აქტივიზმის კონტექსტში.
მოვიდნენ კოორდინირებულად, ნახევარი საათით ადრე. არ მოგვეცა შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ისინი იდგნენ, და ეუბნებოდნენ, რატომ მიდიხარ, არ გრცხვენია რომ მიდიხარო?! ძირითადად, ბავშვებს ეუბნებოდნენ ამას. როდესაც ბატონი ლევანი მოვიდა, ფიზიკურად ვერ შემოვიყვანეთ, რადგან შემოსასვლელში იდგნენ,“ – ამბობს ნიკა გურინი.
ის განმარტავს, რომ უპირველესად ბავშვების ინტერესების გამო, შეხვედრა გაუქმდა. ის განმარტავს, რომ გამოიძახეს პოლიციაც, რომელიც ადგილზე მოვიდა. შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია.
„მე არ ვიცი ვინ იყვნენ, იმიტომ რომ ადგილობრივებიდან მაქსიმუმ 2 თუ იქნებოდა. თვითონ იძახდნენ თელავმა მოგიკითხათ, ატენმა მოგიკითხათო. იძახდნენ ჩვენ ერეკლეს შვილიშვილები ვართო, ახსენებდნენ თითქოს ლგბტ სწავლებისთვის იყო ჩამოსული. მსგავს მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ,“
ნიკა გურინის თქმით, მან ჯერჯერობით არ იცის დაიწყო თუ არა გამოძიება. არც ის იცის, ვინ იყვნენ შეკრებილები.
ნეტგაზეთი ელოდება დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ერეკლე II და ლევან ბერძენიშვილი – რა ხდებოდა მანამდე?
28 მაისს თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან.
„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“.
ამას წინ უძღოდა ბერძენიშვილი ინტერვიუ. კერძოდ, იუტუბ-არხთან საუბრისას თქვა:
„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?
ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „თეზა რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.
თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა; „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.
მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.
ამის შემდეგ, ამავე წლის 6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.
როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: