ახალი ამბები

იოსელიანის განცხადება ლევან ბერძენიშვილზე მორიგი თავდასხმის ფაქტზე

20 ივნისი, 2023 • 906
იოსელიანის განცხადება ლევან ბერძენიშვილზე მორიგი თავდასხმის ფაქტზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იოსელიანი აღნიშნავს, რომ დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ:

„ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებილი აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.

როგორც ბერძენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ერთი მოქალაქე მიუახლოვდა და დაიწყო ერეკლე მეორის დაცვა და მისი მისამართით დედის გინება.

ბერძენიშვილის თქმით, თავდამსხმელს თან კვერცხი ჰქონდა, თუმცა შემთხვევის შედეგად თავად არ დაშავებულა:

„ერთი მოქალაქე იყო, დამინახა თუ არა, ერეკლეს დაცვა და დედის გინება დამიწყო. მომზადებული იყო, ლექსიკის მიხედვით წაიდუდუნებდა. კვერცხი ჰქონდა ჯიბეში, თურმე ასე დადიან მოქალაქეები, ჯიბეში კვერცხით. მე არ დავშავებულვარ, ერთადერთი, ძალიან სერიოზულად იმუშავა, რომ გამოვეყვანე წყობიდან“, — აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, არ გეგმავს, მომხდარის გამო პოლიციას მიმართოს, რადგან მიიჩნევს, რომ მის მიმართ აგრესია სწორედ სახელმწიფოს მიერაა მართული:

„არ მიმიმართავს პოლიციისთვის, იმიტომ, რომ პოლიციიდან და სახელმწიფოდან მოდის ეს ყველაფერი“, — ამბობს ბერძენიშვილი, რომელიც არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი.

„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი