ახალი ამბები

ძმები ბერძენიშვილები ლაპარაკობენ იმას, რასაც ენმ ვერ ამბობს – თალაკვაძე

7 ივნისი, 2022 • 1318
ძმები ბერძენიშვილები ლაპარაკობენ იმას, რასაც ენმ ვერ ამბობს – თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმიდან მეორე დღეს მათ აკრიტიკებს და ძალადობის გამართლებაში თავად ადანაშაულებს. ამის შესახებ თალაკვაძემ დღეს, 7 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.

“ქალბატონ ხათუნა სამნიძეს მინდა ვუთხრა, ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობა და ძალადობის წახალისება არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად. როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევებში უმძიმეს ბრალდებებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ საქართველოს საზოგადოების და ევროპის წინაშე. როდესაც პოლიტიკურ გუნდში ის ხალხი დაპატიჟეთ, რომელთაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

აი, ეს არის ძალადობის წახალისება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებთ, თორემ ბერძენიშვილები რომ “ნაციონალური მოძრაობის” მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, საქართველოს ეკლესიაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და ყველა იმ ფასეულობებზე, რამაც ეს ქვეყანა მოიყვანა დღემდე, ეგ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს [ბერძენიშვილები] არის “ნაციონალური მოძრაობის” მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა”, ამ შემთხვევაში ძმები ბერძენიშვილები ამბობენ და უტიფრად, კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, რომ ძალადობას ახალისებთო”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

თალაკვაძის გამოსვლამდე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას , სადაც კობახიძემ თქვა, რომ ძმები ბერძენიშვილები ქართულ იდენტობას ებრძვიან. სამნიძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძისგან ძალადობის წახალისება მოისმინა.


6 ივნისს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა „ფორმულასთან“ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას უთხრეს, რომ ის და მისი ძმა „ერეკლე მეფეს აგინებდნენ“.

“მე დავაპირე მშვიდი საუბარი, მათი ინტერესი არ იყო მშვიდი საუბარი. მერე გვითხრეს, ჩვენ წმინდანს აგინებს შენი ძმა, თქვენც აჰყევით. მე ვუთხარი, ერეკლე წმინდანი არ იყო, მერე გადავიდა გინებაზე, აქ ვერ გაივლითო, სიტყვიერი შეურაცხყოფა პირდაპირ მიაყენა ხათუნას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბოლო კვირებია, „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებლის, პუბლიცისტ ლევან ბერძენიშვილის განცხადება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით განხილვის თემაა.

პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“. აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი