კომენტარი

რუსეთის გეგმა: შანტაჟიდან მოჩვენებით კონსტრუქციულობამდე?

10 ნოემბერი, 2022 • 1375
რუსეთის გეგმა: შანტაჟიდან მოჩვენებით კონსტრუქციულობამდე?

„უკრაინას ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ გუშინ რუსეთმა განიცხადა სამხედრო მარცხის შესახებ უკრაინაში“, — ასე აფასებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი შოთა ღვინერია ხერსონიდან რუსეთის უკანდახევას.

რუსეთის სამხედრო სარდლობამ 9 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადასვლის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკან იხევენ და ტოვებენ ქალაქ ხერსონს და ხერსონის ოლქის ნაწილს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად მიიერთა.

„სამხედრო თვალსაზრისით, ხერსონიდან უკა ნდახევა იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთს არათუ სამხედრო ოპერაციის ჩატარება შეუძლია, თავდაცვის შესაძლებლობებიც კი გამოელია. მოგეხსენებათ, შემტევ მხარეს სჭირდება მინიმუმ სამჯერ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე დაცვაში მყოფს. როდესაც თავდაცვაში მყოფი მხარე [ამ შემთხვევაში რუსეთი] ვეღარ ახერხებს თავის დაცვას და ტერიტორიის შენარჩუნებას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის უპირატესობა მინიმუმ სამჯერ დიდია. სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, ხერსონის გათავისუფლება ტერიტორიის გათავისუფლებაზე ბევრად მეტს ნიშნავს. ეს არის აღიარება, რომ რუსეთმა ამოწურა რესურსი, რამე ტიპის სამხედრო წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ ღვინერია.

რუსეთის გეზი მოლაპარაკების მაგიდამდე

„რუსეთს აქვს ორი სტრატეგია და ტაქტიკა — ერთი, შანტაჟი, მეორე კი, დეესკალაციის გათამაშება და ამ ვითომ კონსტრუქციულობის ფონზე დასავლეთში ერთიანობის მოსპობის მცდელობა“, — ამბობს ღვინერია.

ხერსონიდან გასვლით და, ამავდროულად, თითქმის პარალელურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, რომ რუსეთი მზად არის, შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, გამართოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, შოთა ღვინერიას აზრით, შესაძლოა, მოსკოვი შანტაჟიდან მოჩვენებითი კონსტრუქციულობის ტაქტიკაზე გადადის.

„რუსეთმა დაინახა, რომ შანტაჟმა ვერ გამოიღო ვერანაირი შედეგი — ვერ მოახერხა ვერც საერთაშორისო სანქციებზე კონსენსუსის დარღვევა და უკრაინისთვის მხარდაჭერა არათუ იკლებს, პირიქით, იზრდება. ალტერნატიული ვარიანტია, რომ ახლა რუსეთმა რამენაირად მოლაპარაკებების მაგიდამდე მიაღწიოს მანამდე, სანამ სრული სამხედრო კრახი და მარცხი ექნება საბრძოლო ველზე. მოლაპარაკების მაგიდაზე სრულიად დამარცხებული და განადგურებული არმიით მისვლა რუსეთისთვის კატასტროფაა.

ამიტომ, ალბათ, ცდილობს, რუსეთისადმი ჯერ კიდევ პოზიტიურად განწყობილი აქტორებისთვის გააძლიეროს არგუმენტი — შექმნას პირობები, რომ დასავლეთის შიგნით ვიღაცებმა დაიწყონ მანიპულირება: “9 თვე გავიდა, ომი, ამდენი ხარჯია, დაინგრა ნახევარი ქვეყანა, ამდენი ხალხი დაიხოცა და საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს კონფლიქტი და ამ მოლაპარაკებების დაწყების დრო ხომ არ დადგა?”, მაგრამ როგორც შანტაჟის, ისე კონსტრუქციულობის თამაშის საბოლოო მიზანი არის ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს დასავლეთი და უკრაინა მანამდე, სანამ რუსეთის არმიას ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანობის ხარისხი აქვს შერჩენილი“, — განაცხადა ღვინერიამ.

მისივე შეფასებით, ძალები დასავლეთში, რომლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ახლავე გამართვას ლობირებენ, უმცირესობაში არიან და პრორუსულად მოიაზრებიან. გადამწყვეტი კი, შოთა ღვინერიას თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მთავარი მხარდამჭერი და დონორი სახელმწიფოს — ამერიკის შეერთებული შტატების — პოზიცია იქნება.

„გუშინ ორი სტრატეგიული მარცხი განიცადა რუსეთმა: ერთი ის, რომ გასვლა მოუწია ხერსონიდან, მეორე კი, ამერიკის არჩევნების სახით — ამერიკის შიდა პოლიტიკაში უდიდესი მარცხი განიცადა იმ დასაყრდენმა, რომლის იმედიც რუსეთს ჰქონდა, რომ ამერიკის პოზიციაში უკრაინის მიმართ რაღაც ბზარს შეიტანდა. გამოჩნდა, რომ ამერიკის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი იქნება. არ მგონია, ვინმე დღეს ვერ ხვდებოდეს, რომ ამ წუთას მოლაპარაკებებზე გასვლის დაძალება უკრაინისთვის იქნება ამხელა მსხვერპლის წყალში გადაყრა და რუსეთის წინაშე იმ უპირატესობის განიავება, რომელიც მთელ მსოფლიოს გაუჩნდა უკრაინის გმირობის ხარჯზე“, — ამბობს შოთა ღვინერია.

მინსკი 3-ის მსგავს „უაზრო“ სამშვიდობო შეთანხმებას, ღვინერიას თქმით, რეალურად მოჰყვება არა მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება, არამედ სტატუს-კვოს გაყინვა, რასაც მოსკოვი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდა მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში.

ბირთვული შანტაჟი

შოთა ღვინერიას აზრით, უკრაინის და დასავლეთის დათმობებზე წამოყვანის სტრატეგიის ნაწილი იყო ბირთვული შანტაჟიც, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე მიმართავდა.

„ბირთვული შანტაჟი შანტაჟია მანამ, სანამ გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ ბირთვული შანტაჟი წყდება და იწყება ბირთვული კატასტროფა. ის არის კატასტროფა აბსოლუტურად ყველასთვის — გამარჯვებული მხარე არ არსებობს. ცივი ომიდან მოყოლებული ბირთვული შეკავების მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო ურთიერთგანადგურების გარანტია (Mutual assured destruction), რამაც გამოიწვია ბირთვული ძალის დაბალანსება აქამდე. ბირთვული იარაღი არ არის ომის მოგების საშუალება — ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, პუტინის ჩათვლით“, — ამბობს ღვინერია.

იგი დარწმუნებულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი ვერაფერს მოიგებს ომის მსვლელობაში გარდატეხის თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით ეს მისთვისვე იქნება კატასტროფა, რადგან თუ დღეს რუსეთი იზოლირებულია დასავლეთისგან, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში გახდება იზოლირებული გლობალურად, ხოლო უკრაინისადმი დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება.

„თუ ახლა ფიქრობენ, რომ შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები და თვითმფრინავები გადასცენ თუ არა უკრაინას, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება მომენტი, რომლის შემდეგაც უკრაინა მიიღებს ყველაფერს, რაც კი დასჭირდება რუსეთის გარანტირებულად დასამარცხებლად. რაციონალურად, რუსეთისთვის აზრი არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაგრამ იმიტომ, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა რაციონალური აქტორის სახე და მისი ყველა რაციონალური სტრატეგია დამარცხდა, სასოწარკვეთილი ნაბიჯების ფარგლებში არაა გამორიცხული, ასეთი შეცდომაც დაუშვას. ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები ვლადიმერ პუტინს და იმის მიხედვით, რა მოხდება რუსეთის შიდაპოლიტიკურ ბრძოლებში უახლოეს მომავალში, გადაწყდება. ბოლომდე ვა-ბანკზე წავა პუტინი და რისკის ქვეშ დააყენებს რუსეთის ამ ფორმით არსებობას თუ უკან დაიხევს და სერიოზულ დათმობებზე წავა“, — დასძენს შოთა ღვინერია.


ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალითა და საშუალებით და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო სიცოცხლის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი დიდი განმათავისუფლებელი მისია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გაფორმებისას. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის თქმით კი, „შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად შესაძლოა, გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობა, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, სტრატეგიული ბირთვული იარაღის ჩათვლით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი