კომენტარი

რას ნიშნავს ხერსონის დაბრუნება და რას უნდა ველოდოთ – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

10 ნოემბერი, 2022 • 3993
რას ნიშნავს ხერსონის დაბრუნება და რას უნდა ველოდოთ – 2 ქართველი გენერლის მოსაზრება

რუსეთის სამხედრო ნაწილები ტოვებენ ხერსონის ოლქის ნაწილსა და უშუალოდ ქალაქ ხერსონის ტერიტორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უკან იხევენ და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან სრულად გადადიან მარცხენა სანაპიროზე.

ნეტგაზეთმა გადამდგარ ქართველ გენერლებს, ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და ვახტანგ კაპანაძეს ჰკითხა, თუ რას ნიშნავს რუსული ძალების მიერ ხერსონის დატოვება და რას შეიძლება ველოდოთ ფრონტის ხაზზე ამის შემდეგ.

ქართველი გენერლების განცხადებით, კონტრშეტევაზე გადასული უკრაინული ძალებისგან თავდასაცავად რუსეთი ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას და სწორედ ამიტომ თმობს ტერიტორიას, რათა თავდაცვითი ზღუდეები მოაწყოს.

თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია:

„(მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვებით) მიმდინარეობს ოპერატიული გადაჯგუფება, ერთგვარი რესურსების გადანაწილება ფრონტის ხაზზე. ის ტერიტორია, რომელიც რუსეთს ეკავა, მას არ აძლევდა საშუალებას ეწარმოებინა თავდაცვითი ოპერაციები.

ახლა კი იმედოვნებენ, რომ ბუნებრივი ბარიერი – მდინარე დნეპრი ხელს შეუწყობს თავდაცვითი ზღუდეების მოწყობას.

ბუნებრივია, ამას უკრაინელების მხრიდანაც მოჰყვება გადაჯგუფება.

როდესაც ჩართული არ ხარ უშუალო პროცესებში, რთულია კალკულაციების გაკეთება, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ფრონტის ხაზი სხვა მიმართულებით, შესაძლოა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთით გააქტიურდეს, თუმცა უკრაინელებს მართებთ სიფრთხილე, რადგან ხერსონში გამოთავისუფლებულ ძალებს რუსეთი ფრონტის სხვა მიმართულებით გადაისვრის“, – აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

რუსეთის ძალები თავდაცვით ნაგებობებს მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აწყობენ

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე:

„ხერსონი რუსეთისთვის იყო მნიშნველოვანი პლაცდარმი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ოდესა-ნიკოლაევზე შეტევას გააგრძელებდნენ. სხვა შემთხვევაში ეს ტერიტორია იყო ყველაზე მოწყვლადი ადგილი რუსეთის თავდაცვის სისტემაში, რადგან იყო მდინარით გამოყოფილი თავდაცვის ძირითადი ზღუდიდან. რუსეთმა ვერ შეძლო ნიკოლაევზე წინსვლა, ხერსონი კი „თავკომბალასავით“ დარჩა, რომლის მომარაგებაც ძნელი იყო.

ხერსონიდან გამოსვლით გაძლიერდება რუსეთის თავდაცვა, მაგრამ ისინი დაკარგავენ მნიშვნელოვან ტერიტორიასაც.

რუსეთი ემზადება ზამთრისთვის, რათა გაზაფხულისთვის მოაგროვოს ძალები და თავდაცვას მოაწყობს მდინარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ, რაც მას ბუნებრივ ზღუდეს შეუქმნის უკრაინელების კონტრშეტევისგან თავდასაცავად. უკრაინელები მოქმედებენ ძალიან ჭკვიანურად, ისინი ფრთხილად მოქმედებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა ზამთარს პოზიტივით ხვდება. მან გაათავისუფლა ხარკოვი, ხერსონი, რაც მორალისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება.

რუსებს სჭირდებათ ხერსონის დაკარგვის რეაბილიტაცია, ამიტომ იქ, სადაც ტაქტიკური უპირატესობა აქვთ (ბახმუტი), შეეცდებიან წარმატების მიღწევას დაზამთრებამდე, შემდეგ კი დაპირისპირება უფრო პოზიციურ ხასიათს მიიღებს.

არ არის გამორიცხული, რომ ხერსონის საარტილერიო დაბომბვაც დაიწყონ და მეორე მარიუპოლის მოწყობა სცადონ“, – აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.


რუსეთის სამხედრო სარდლობამ ხერსონის ოლქის ნაწილის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ, 9 ნოემბერს მიიღო.

ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

გარდა ხერსონისა, უკრაინული ძალები პერიოდულად ათავისუფლებენ დასახლებებს ლუგანსკის ოლქში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

რას იზამს უკრაინა ხერსონის შემდეგ? | გადამდგარი გენერლის ანალიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი