კომენტარი

რას იზამს უკრაინა ხერსონის შემდეგ? | გადამდგარი გენერლის ანალიზი

10 ნოემბერი, 2022 • 1884
რას იზამს უკრაინა ხერსონის შემდეგ? | გადამდგარი გენერლის ანალიზი

ავტორი: მიკ რაიანი, ავსტრალიელი გადამდგარი გენერალ-მაიორი, არმიაში 35-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ამჟამად „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ანალიტიკოსი.


ვრცელდება სულ უფრო მეტი ინფორმაცია მდინარე დნიპროს დასავლეთი ნაპირიდან რუსული ჯარის უკან დახევაზე. ეს განაპირობებს ომში რიგი შედეგების დადგომას.

უპირველეს ყოვლისა, ისმმის კითხვა – ეს გასვლა რეალურია, თუ არის ფანდი, რომლის მიზანიცაა, ჩაითრიოს უკრაინელები ბრძოლაში, რომლისთვისაც რუსები მოემზადნენ? ჩემი აზრით, რეალურია. ხერსონში რუსული პოზიციების შენარჩუნება ძალიან რთულია.

უკრაინელები ჯიუტად იბრძოდნენ, ახორციელებდნენ შორეულ დარტყმებსა და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რათა დნიპროს დასავლეთით რუსების პოზიციები რთულად შესანარჩუნები იყოს. უკრაინელები აგრეთვე იზრუნებენ, რომ სადაც კი შესაძლებელია, გასვლის პროცესში რუსულ ჯარს თავს დაესხნენ.

რისი თქმა შეიძლება უკრაინის შემდგომ ნაბიჯებზე? ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს დროში უკრაინა მოაწყობს მასშტაბურ გადასვლას დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ეს უნდა იყოს არამარტო მასობრივი და დაგეგმილი ოპერაცია. ეს იქნებოდაა იერიში რუსების მჭიდრო თავდაცვით ზონებზე.

შესაბამისად, უკრაინელები, – რომლებიც ირიბ შეტევას, ლოჯისტიკის დასუსტებას და რუსებისთვის შიგნიდან ძირის გამოთხრის ტაქტიკას ამჯობინებენ, – შეეცდებიან სხვა რაიონებში ეძებონ შესაძლებლობები სამხრეთიდან რუსების გასადევნად.

რაღა თქმა უნდა, უკრაინელების იერიშები [რუსების პოზიციების] სიღრმეში გაგრძელდება. მათ მიერ ხერსონის დაბრუნება გააფართოებს არეალს, „ჰაიმარსის“ მსგავსი სისტემები შეუძლიათ გამოიყენონ მომავალი იერიშებისა და დარტყმებისთვის.

მეორე პრობლემა ის არის, რომ [უკან დახევა] აჩერებს რუსეთის გეგმებს ოდესასთან დაკავშირებით, უკრაინელებს კი აახლოებს სამხრეთის დაბრუნებასთან. ხერსონი აგრეთვე მნიშვნელოვანია ყირიმის დაბრუნების მომავალი კამპანიისთვის.

მესამე დაკვირვება: განცხადება სამხედროებმა გააკეთეს, მაგრამ ტერიტორიის დათმობა პოლიტიკურია. პუტინის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

ეს მოწმობს, რომ პუტინს შეუძლია რეალობის აღქმა და რაციონალური გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ეს ასევე მოწმობს, რომ უკრაინაში განცდილ ფიასკოში დამნაშავედ  სამხედროებს წარმოაჩენს.

მეოთხე: რუსების უკან დახევის ტემპი და ორგანიზება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს წინასწარ უნდა იყოს განზრახული, ბევრს გვეტყვის სამხრეთში მყოფი რუსული ჯარის შესაძლებლობებსა და მორალურ განწყობაზე. როგორც აღვნიშნავდი, შესაბამისი წესრიგით ტაქტიკური უკან დახევა ძალიან რთული ამოცანაა, ყველაზე კარგ პირობებშიც კი.

უკან დახევისთვის დახარჯული დროის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ რუსები არ დატოვებენ იმდენ აღჭურვილობას და ტყვია-წამალს, როგორც ხარკოვში. მოწინააღმდეგის ხელში ჩაგდებული ტექნიკა, შესაძლოა, არ გახდეს საგანძური უკრაინისთვის.

მეხუთე პრობლემა ის არის, რომ რუსებს შეუძლიათ, უკან დახევისას უკრაინის სხვა რაიონებზე სტრატეგიული დარტყმები განახორციელონ. მართალია, დიდი დისტანციის შეიარაღების მარაგი პატარა აქვთ, მაგრამ მეტის მიღება ირანისგან სურთ.

რუსეთის გადმოსახედიდან, ეს დარტყმები განაგრძობს „ენერგეტიკულ ომს“ და ასევე მოამზადებს მასალას, რომლითაც გამართლდება უკან დახევა და მოსახლეობის ყურადღება იქნება გადატანილი.

მობილიზებულთა ნაკადით და დასაცავი ტერიტორიის ფართობის შემცირებით სუროვკინს შეეძლება აღადგინოს დაქანცული საბრძოლო და დამხმარე ნაწილები. მასვე შეუძლია, აღმოსავლეთში ან სამხრეთში შექმნას ოპერატიული რეზერვები.

გაყვანილი ჯარების დისლოკაციის ადგილი შეგვიქმნის წარმოდგენას მათ საბრძოლო სტატუსზე და სუროვკინის სავარაუდო პრიორიტეტებზე ზამთარში. ასეთ კონსოლიდაციას ომის გაწელვა შეუძლია.

მეშვიდე: უკან დახევა ადასტურებს უკრაინის სამხედრო სტრატეგიისა და მისი უმაღლესი ხელმძღვანელობის მიდგომის სისწორეს. ისინი წარმატებას აღწევენ, რუსებმა კი ეს იციან. ეს აგრეთვე აამაღლებს უკრაინელთა მორალურ განწყობას.

დაბოლოს, ახლა არ არის დრო, უკრაინას მოლაპარაკება ვაიძულოთ. რუსები შეიძლება დასუსტებულნი არიან, მაგრამ უარს არ ამბობენ ტერიტორიულ მისწრაფებებზე. უკრაინიდან მათი განდევნა და დამარცხება ბრძოლის ველზე იქნება საჭირო.

სწორედ ამიტომ, დასავლეთმა უნდა გაზარდოს უკრაინისთვის ტექნიკის (მათ შორის ტანკების) და ტყვია-წამლის მიწოდება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინელებს, უფრო მალე დაამთავროს ეს ომი.

ამ პოტენციური უკან დახევის ირგვლივ ბევრი რამ კვლავ გაურკვეველია. ეს რუსული ძალების გადაჯგუფებაა და არა კაპიტულაცია. უკრაინელებს წინ კიდევ ბევრი ბრძოლა ელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი