კომენტარი

უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება – ბენ ჰოჯესი

5 სექტემბერი, 2022 • 2935
უკრაინა ხერსონს დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება – ბენ ჰოჯესი

„უკრაინა ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება… უკრაინელები ომს აუცილებლად მოიგებენ, საქართველომ კი ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ისტორიის სწორ მხარესაა“, – აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი ნეტგაზეთთან ინტერვიუში. ჩვენ მას საერთაშორისო კონფერენცია „Slava Ukraini-ს“ მიმდინარეობისას, თბილისში ვესაუბრეთ.

ომს დაწყებიდან 6 თვეზე მეტი გავიდა. ვხედავთ, რომ რუსეთს ამ ეტაპზე დიდი შეტევის საშუალება აღარ აქვს. მეორე მხრივ, უკრაინა ცდილობს კონტრშეტევის დაწყება, თუმცა ფრონტზე ვითარება პრაქტიკულად უცვლელია. რაზეა დამოკიდებული რეალურად კონტრშეტევის დაწყება, სხვა სიტყვებით, რა არის საჭირო იმისათვის რომ კიევს შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცეს? უჭერს თუ არა დასავლეთი კონტრშეტევის იდეას მხარს?

უკრაინამ ბოლო კვირების განმავლობაში მოამზადა შესანიშნავი პირობები კონტრშეტევის დასაწყებად. მათ შეუტიეს ტყვია-წამლის საცავებს, ხიდებს, სამართავ პუნქტებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. შავი ზღვის რუსული ფლოტი „იმალება“ ყირიმის მეორე მხარეს. მათ ეშინიათ უკრაინის, მიუხედავად იმისა, რომ კიევს ამჟამად ფლოტი არ ჰყავს. ამგვარად, წინაპირობები მომზადებულია.

ასევე უნდა ითქვას, რომ უკრაინის გენერალური შტაბი ძალიან პროფესიონალურად მუშაობს. იცავს საკუთარ ინფორმაციას და არის ძალიან დისციპლინირებული. შედეგად, ჩვენ რუსეთზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე უკრაინის შესახებ და ეს ასეც უნდა იყოს.

აქ კითხვაა, თუ რამდენად მზად არის უკრაინა ადამიანური რესურსით, სამხედრო შეიარაღებით, ლოჯისტიკით, ტექნიკით დაიწყოს კონტრშეტევა. მივიჩნევ, რომ ისინი მზად არიან და ესეც არის მომზადების აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ ჩვენ [დასავლეთმა] აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იმის გადაცემა, რასაც დავპირდით.

ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთი ცდილობს, რომ ენერგია იარაღისა და დასავლეთის შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე და რა უნდა იყოს დასავლეთის საპასუხო რეაქცია?

არაერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო მუშაობა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. მათ შორის გერმანიამაც. მნიშვნელოვანი ცვლილებებია ამ მიმართულებით. ეს საკითხი არ შეეხება მხოლოდ სახლების გათბობას, ეს უკავშირდება მთლიანად ეკონომიკას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ამ ყოველივეს გავლენა ეკონომიკაზე. მე გერმანიაში ვცხოვრობ და ვფიქრობ, ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველაზე ცუდი გავლენა, რაც შესაძლოა ამას ომზე ჰქონდეს, იქნებოდა ის, თუ, მაგალითად მას შემდეგ, რაც ბოლო 6 თვეში გაკეთდა, დასავლეთში იტყოდნენ, რომ ეს ყოველივე ძალიან ძვირი, ძნელია. „რისთვისაა ეს ყოველივე საჭირო“.

ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები და ყველა სხვა სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს და აუხსნას საკუთარ მოსახლეობას რატომაა ეს მნიშვნელოვანი. ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას, არამედ ბრძოლას დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორისაც. თუ რუსეთს აქ არ შევაჩერებთ, მაშინ ის შეეცდება იმავეს გაკეთებას სხვა ქვეყნებში. ასევე, რა თქმა უნდა, ამას ჩინეთიც აკვირდება, ამიტომაც ეს მნიშვნელოვანია.

ამავდროულად, უკრაინა არ აპირებს გაჩერებას. ისინი გამარჯვებამდე იბრძოლებენ.

თქვენ საუბრობთ, რომ უკრაინა გამარჯვებამდე იბრძოლებს. ბოლო პერიოდში აქტუალურია უკრაინის სამხრეთის და კონკრეტულად ხერსონის საკითხი. რატომ არის ხერსონი მნიშვნელოვანი როგორც ერთი ისე მეორე მხარისათვის და როგორია თქვენი პროგნოზი მის მომავალთან დაკავშირებით?

პირველ რიგში, ხერსონს აუცილებლად დაიბრუნებს უკრაინა და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება. მათ ამისთვის წინაპირობები შესანიშნავად მოამზადეს. ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცია მომწყვდეული მდინარე დნიპროს ჩრდილოეთით, შესაბამისად, თეორიულად, თუ უკრაინა მათ გაანადგურებს, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა რუსეთისთვის.

გარდა ამისა, ხერსონს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. ეს იყო პირველი ოლქი, რომელიც რუსეთმა დაიკავა. მნიშვნელოვანია, რომ ის დაუბრუნონ და ასევე, რომ არ ჩატარდეს ცინიკური რეფერენდუმი. როგორც ვიცი, კრემლმა განაცხადა, რომ შეაჩერა რეფერენდუმის ორგანიზებაა. ეს უკვე კარგის ნიშანია.

ხერსონის დაბრუნება პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს. ხერსონში არის არხი და სატუმბი სადგური, საიდანაც მდინარე დნეპრის წყლით მარაგდება ყირიმის ნახევარკუნძული. თუ უკრაინა დაიკავებს ხერსონს, შეუძლია, რომ ყირიმს წყალი აღარ მიაწოდოს. ამას რუსეთზე ზეწოლისთვის პოზიტიური მნიშვნელობა აქვს.

ასევე, უკრაინელები რაც უფრო სამხრეთით წავლენ წინ, უფრო მიუახლოვდებიან ყირიმს და მიეცემათ საშუალება, რომ ყირიმს HIMARS-ების მოკლე მოქმედების რაკეტებითაც კი მიწვდნენ, შესაბამისად იგი და განსაკუთრებით სევასტოპოლი [ქალაქი ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც განთავსებულია სამხედრო ბაზები და შავი ზღვის ფლოტის სარდლობა] რუსული სამხედრო ნაწილებისთვის გამოუსადეგრად აქციონ.

შესაძლოა, რომ ეს ომში ერთგვარი გარდამტეხი მომენტი იყოს?

ეს რუსებს ნამდვილად აიძულებს გადახედონ საკუთარ მოქმედებებს.

6 თვის შემდეგ რუსეთმა ვერ მოახერხა ომის დასაწყისში ან ამ ომის მიმდინარეობისას დასახული ვერც ერთი ამოცანის სრულად შესრულება. როგორ ფიქრობთ, ამ კონკრეტულ მომენტში რა არის რუსეთის სტრატეგიული გეგმა და ჩანაფიქრი. ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა არის მიზანი, რომელიც რეალურად აქვს რუსულ არმიას, კონფლიქტის გაყინვა და ფრონტის ხაზის შენარჩუნება ისე როგორც ახლაა, თუ ისინი კვლავ შეეცდებიან წინსვლას?

მათ აღარაფერი დარჩათ, რითაც შეტევას წამოიწყებენ. მათთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ ომი გაწელონ, იმ იმედით, რომ დასავლეთი დაკარგავს ინტერესს და შემდეგ მოიგებენ დროს, რომ აღადგინონ შეტევითი პოტენციალი და ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებით, გაზარდონ ევროპულ სახელმწიფოებზე ზეწოლა.

ამიტომ სტრატეგიულად, რუსებს სჭირდებათ თანხები, რომ აღიდგინონ საკუთარი ძალები, მაგრამ ამჟამად ეს თანხები არ აქვთ – დასავლეთი ამას სანქციებით კარგად ახერხებს. მეორე მხრივ, აღარავის უნდა რუსულ არმიაში ყოფნა. მათ ცოცხალი ძალის ძალიან დიდი პრობლემა აქვთ.

სანქციების გავლენისა და ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო, ვფიქრობ, რუსეთში კრემლის წინააღმდეგ ზეწოლა გაიზრდება.

ომის დასაწყისში ჩვენთან ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ კიევი არ დაეცემოდა და ეს პროგნოზი ახდა, ახლა ამბობთ, რომ უკრაინა ხერსონს გაათავისუფლებთ. გვითხარით თქვენი მოლოდინის შესახებ ზოგადად ამ ომთან დაკავშირებით.

თუ ჩვენ მივცემთ უკრაინელებს იმას, რაც მათ სჭირდებათ, მაშინ ისინი ამ წლის დასრულებამდე შეძლებენ რუსები 23 თებერვლის პოზიციებზე დააბრუნონ.

მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ უკრაინელებს მივაწვდით იმას, რაც მას სჭირდებათ. ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ გავაგრძელებთ ფეხის მოთრევას, ეს ძალიან გაიწელება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.

უკრაინა აუცილებლად მოიგებს, ახლა უბრალოდ საკითხი დროს შეეხება. რამდენად სწრაფად მოხდება ეს.

მინდა საქართველოს შესახებაც გკითხოთ, იმან, თუ როგორი იქნება ამ ომის დასასრული შეიძლება გაზარდოს რუსეთის აგრესიის საფრთხე საქართველოსთვის ან შეამციროს? რა უნდა გაკეთდეს ამ რისკების შესამცირებლად.

საქართველოს უსაფრთხოებას საუკეთესოდ უკრაინის გამარჯვება უზრუნველყოფს.

მე ვფიქრობ, ეს გააუმჯობესებს საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად, რადგან უკრაინა რუსეთს ყირიმის სახით ჩამოართმევს ბაზებს შავ ზღვაში. ზღვა გაიხსნება დასავლური გემებისთვის და ბიზნესისთვის, ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს კარგია საქართველოსთვის.

მეორე მხრივ, მას შემდეგ რაც უკრაინა რუსეთს დაამარცხებს, არ მგონია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს რუსეთის ჩონჩხთან დარჩენა სურდეს.

არსებობს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, „მარტივი საკბილოს“ ძებნას დაიწყებს, რომელიც შეიძლება საქართველო იყოს. რას უპასუხებდით ამგვარ ხედვას?

სრულიად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. 2008-ში რუსეთმა არცთუ ისე კარგად იბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. ახლა კი 2022 წელია და მათ აქვთ არნახული დანაკარგები. შავი ზღვის ფლოტი არის აბსოლუტურად საშინელი და არაპროფესიონალური ბრძოლის ველზე. არ ვიცი, რუსეთი რაიმეს თუ კიდევ წარმოადგენს…

მინდა სწორად გამიგოთ, რა თქმა უნდა, მათ კვლავ შეუძლიათ ბევრი ადამიანის მოკვლა, მაგრამ დამარცხების შემდეგ არ მგონია ამის ხასიათზე იყვნენ… ან საერთოდაც, ამისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეთ.

საქართველომ მოლდოვისა და უკრაინისაგან განსხვავებით ვერ მიიღო EU კანდიდატის სტატუსი, რის შემდეგაც, ვაკვირდებით ურთიერთობათა შედარებით დაძაბვას საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორთა შორის. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

საქართველოს მომავალი ცხადია არის ევროკავშირში, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

ვგულისხმობ იმ 12 პუნქტს.

ასევე, რაც საქართველოს ძალიან დაეხმარებოდა არის ის, რომ გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი.

რუკაზე ქვეყანა შესანიშნავ ადგილზეა. ვიმეორებ რუკაზე. მას შეუძლია იყოს „ჰაბი“ [კარიბჭე] აზიასა და ევროპას შორის. საქართველოზე გამავალი კორიდორი არის ერთადერთი უსაფრთხო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის, რომელიც არ გადის რუსეთსა და ირანზე. მაგრამ რატომ არ აკეთებს საქართველო ყველაფერს, რაც მას ამ ჰაბად გახდომის საშუალებას მისცემს?! – ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ ანაკლიის პორტზე, მაგრამ ასევე სხვა ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის რკინიგზაზე, ენერგეტიკაზე, სამუშაო ძალაზე, რეფორმებზე, რომელიც ქვეყანას უფრო მიმზიდველად აქცევდა.

ეს ყველაფერი ქვეყანას ნამდვილად დაეხმარებოდა, მაგრამ არ ვიცი მთავრობა ამას რატომ არ აკეთებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს და ზოგადად დასავლეთს დასდეს ბრალი, რომ ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი ჰქონდათ, რას ფიქრობთ ამ ბრალდებაზე, დასავლეთს სჭირდება და სურს საქართველოს ომში ჩათრევა?

ეს აბსოლუტურად არასწორი ბრალდებაა. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ამისთვის.

რა თქმა უნდა, გვინდა ვიხილოთ საქართველო, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი მოძალადეა, რუსეთმა ევროპული სახელმწიფოს საზღვრების შესაცვლელად ძალა გამოიყენა.

ხელისუფლებამ აუცილებლად, ძალიან ცხადად უნდა თქვას. ეს კარდინალურად განსხვავდება ბრალდებებისგან, რომ საქართველოს ვინმე ომში ითრევს.

ეს სასაცილოა. ვიღაც ცდილობს, რომ ყურადღება გადაიტანოს ფაქტიდან, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს წინ აღუდგეს ავტოკრატიას.

როგორ უყურებთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან და რას ეტყოდით საქართველოს ხელისუფლებასა და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ დასავლეთს ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა?

უკრაინა აუცილებლად მოიგებს, საქართველომ კი ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ისტორიის სწორ მხარესაა.

ქვეყანამ უნდა აჩვენოს, რომ მხარს უჭერს უკრაინას, პოლიტიკურად, ჰუმანიტარული დახმარებით, საწვრთნელი ადგილებით, ნებისმიერი რამით, რასაც მნიშვნელობა ექნება.

თუ მხარდაჭერას არ აჩვენებს საქართველო, მაშინ როგორ შეიძლება მოელოდე იმავე მხარდაჭერას, მაშინ, როდესაც ქვეყანას ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი