კომენტარი

კოლაბორაციონიზმში მხილებული ხელისუფლება არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენ ქვეყანას — ირაკლი კაკაბაძე

11 მარტი, 2022 • 2047
კოლაბორაციონიზმში მხილებული ხელისუფლება არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენ ქვეყანას — ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი იყო იმ მწერლებს შორის, რომელთაც უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციების გამო ღია წერილით მოითხოვეს  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

გასულ დღეებში ღარიბაშვილი არაერთგზის გააკრიტიკეს განცხადებების გამო, რომელთა თანახმადაც, საქართველო არ შეუერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და ზოგადად, სანქციები არ მუშაობს.  საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უარი უთხრა უკრაინას თვითმფრინავის მიღებაზე, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა.

ყოველივე ამის შემდეგ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 

ირაკლი კაკაბაძე “ნეტგაზეთს” ესაუბრა, რატომ მიაჩნია მიუღებლად “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მიერ უკრაინის საკითხზე გახმიანებული განცხადებები და რატომ ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში აღნიშნული პარტიის ადგილი არ არის. 

ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობის არაერთი განცხადება მოვისმინეთ უკრაინის საკითხზე, ასევე ვნახეთ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე კონსულტაციებისათვის. როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადევნებთ თვალს ამ პროცესებს, რას გრძნობთ მიმდინარე დღეებში?

ხშირად გვესმის ერთი და იგივე ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ ყველას გვრცხვენია. ეს არის სირცხვილის გრძნობა არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის მიმართ… არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ; [იმ სამყაროსი], თავისუფლებისთვის მებრძოლ [ერად] რომ გვიცნობდა, რომელიც ღირსებას უფრთხილდებოდა და ისტორიის მანძილზე, მე მგონი, მეგობრებისთვის არ გვიღალატია. არ მახსენდება ასეთი ფაქტი.

მაგრამ ამ სირცხვილის გრძნობის გარდა, შემიძლია ვთქვა, რომ სასოწარკვეთილი ვარ. ვერც ვხედავ, რა შეიძლება ჩაიდინონ [მთავრობამ] კიდევ ამის შემდეგ, რაც გააკეთეს სიტყვითა თუ საქმით… რა ფსკერამდე შეუძლიათ დაიყვანონ საკუთარი თავი და სახელმწიფო; სახელმწიფოს სახელიც და ღირსებაც. სასოწარკვეთილებას ვგრძნობ იმის გამოც, რომ ამდენი პროტესტის, ხმაურის, ჩვენი ამდენი ყვირილის, განცხადებების, პეტიციის მიუხედავად, ეს ხალხი თავის საქმეს ასე ლაღად, თავისუფლად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე აგრძელებს. თუ აქამდე რაღაცნაირად ფარულად აკეთებდნენ და ისეთი მანქანებით, რომ მოსახლეობა, ამომრჩეველი, ამას ვერ ხვდებოდა, ახლა აღარც მალავენ.

ბელარუსსაც ვეღარ შევადარებ ამ ქვეყანას, რადგან იქ კიდევ სხვა სიტუაციაა, სხვა რეალობა იყო. ქვეყანაში, რომელსაც ასეთი ომი გადაგვხდა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღე ომში ვართ იმპერიასთან, მიწების, ღირსების, ჩვენი დევნილებისა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების გამო, დღეს დაიხატა ასეთი სურათი, რომელიც არის შემაშფოთებელი და თითქოს უიმედო, რადგან ეს ხალხი ასე ლაღად, თავისუფლად, ლაფს გვასხამს თავზე. ლაფს ასხამს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას… რა ვიცი, ყველაფერს.

როგორ ფიქრობთ, კიევისადმი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, სად დგას საქართველო?

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის, შელამაზების გარეშე ვამბობ, რომ ამ ხალხს, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, კოლაბორაციონისტებს ვეძახი. ამ სიტყვას ამართლებს და ესადაგება ის, რასაც სჩადიან.

სანამ ეს ომი დაიწყებოდა, სანამ ეს მანიაკი [პუტინი] დაიწყებდა ასეთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, 2012 წლის შემდეგ, აღარსად ისმოდა არც ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ და არც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შესახებ. ყველგან იყო უკრაინის ხსენება და არსად იყო საქართველო. ეს იყო ჩვენი დიპლომატიის სრული კრახი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იყო [მიზან]მიმართული. არ ყოფილა ისე, უნიათოებს რომ ვეძახდით.

…რაც უნდა მანევრები აკეთონ, რომ ევროკავშირის [წევრობის კანდიდატობა გვსურს], ევროკავშირი მხოლოდ გეოგრაფიული ტერიტორია არ არის. ეს არის იდეების, ღირებულებების, სულ სხვა ფასეულობების კავშირი. ყოველ შემთხვევაში, ასეთად ვხედავთ ჩვენ, ქართველები, იმიტომაც მივისწრაფოდით და მივისწრაფვით ამ სამყაროსკენ.

ვფიქრობ, სახელმწიფო საზღვრები ყველანაირად მორღვეულია. არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ ამათი პოლიტიკის გამო. ქვეყნის იდეა, საქართველოს არსებობის იდეაა მორღვეული [იმით], რასაც სჩადიან ბოლო დღეებში. ბომბები რომ გორში და თბილისში არ ცვივა, არ ნიშნავს, რომ ეს ომი შენი არ არის. ეს ომი სწორედაც რომ ჩვენი ომია, უკრაინელებთან ერთად. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასაც არ აქვს ეს გათავისებული, სამწუხაროდ. ზუსტადაც, ეს ჩვენი ომია, რომელსაც ახლა ჩვენ მაგივრად უკრაინელები გადიან.

საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციებს სხვადასხვაგვარად ამართლებს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თუ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს შეუერთდება, ეს ისევ საქართველოს მოქალაქეებს დააზარალებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ფულს უგზავნიან ოჯახებს. მანვე ახსენა რუსული ბაზარი და ტურიზმი. მეორე მხრივ, მოვისმინეთ, რომ ქართველი მოხალისეებისთვის უკრაინაში წასვლის ნებართვის მიცემა სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვის ტოლფასია. როგორც მოქალაქეს, გაკმაყოფილებთ ეს არგუმენტები?

ეს არის სიცრუეზე დამყარებული პროპაგანდა, რომელიც მოედინება მათი საინფორმაციო ველიდან. თუ ასეთი შიში იყო, თუ ასეთი დამოკიდებულება იყო თუნდაც საკუთარი მოქალაქეების მიმართ, მაშინ რა სიყალბე და ბლეფი იყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი? ამით რუსეთს არ აღიზიანებენ? [თუ შევხედავთ], რუსეთის იმპერია რისთვისაც იბრძვის ახლა უკრაინის წინააღმდეგ, პუტინის ამაზე მეტი გაღიზიანება რა უნდა ყოფილიყო?

ფაქტია, რომ თვითონვე აქვთ ძალიან დიდი შეხება რუსულ კაპიტალთან. კაცი რუსეთიდან გამდიდრებული ოლიგარქია, ბოლოს და ბოლოს. დარწმუნებული ვარ, ეს სანქციები, რაც უნდა იყოს, მათაც შეეხებათ. მე ამ ხელისუფლებას ივანიშვილის გარეშე არ განვიხილავ, ვინაიდან არ მჯერა, რომ გამოეთიშა პოლიტიკას. ჩემი თვალსაზრისი ის არის, რომ მასაც ძალიან მკაფიოდ შეეხება სანქციები: კაცს, რომელსაც ამხელა კაპიტალები აქვს რუსეთში, ბანკებში, კორპორაციებში… [თავად ივანიშვილი ამბობს, რომ რუსეთში ბიზნესებს აღარ ფლობს. რედ]

ასე რომ, თითქოსდა ზრუნვა ჩვენს თანამოქალაქეებზე… საზრუნავი ამ წლების განმავლობაშიც, სანამ ეს ომი დაიწყებოდა, ძალიან ბევრი იყო. გამახსენონ რაიმე ისეთი, რამაც ქვეყანა წინ წაწია, აგუგუნებული ქარხნები, რომელსაც გვპირდებოდნენ… ან სოციალური შეჭირვების დონე ნახეთ საქართველოში და [ამბობენ, რომ] ამ სანქციებთან [შეერთაბზე უარით] გვერდით უდგანან მოქალაქეებს? ამ პოლიტიკით გვერდით უდგანან ერთადერთ ადამიანს, რომელიც დღეს არის ცივილიზაციის ყველაზე დიდი მტერი. ეს არის პუტინი.

არაერთი აქცია გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში. ფიქრობთ, რომ ეს საკმარისია საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის გადასაფარად? რისი გაკეთება შეუძლია ხალხს?

ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არ ვიცი, რამდენი დამეთანხმება… იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მოხალისე წავიდა, იყო ძალიან დიდი აქციები, შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება… ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სოლიდარობა ახლა უკრაინის მიმართ და საკუთარი ქვეყნის, საქართველოს მიმართ, არის ის, რომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ამ ხელისუფლებას, წავიდეს.

არ შეიძლება, ესენი, როგორც კოლაბორაციონიზმში მხილებული ხელისუფლება, წარმოადგენდნენ ჩვენს ქვეყანას ასეთ დროს, ასეთ ისტორიულ მომენტში, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანას არ ჰქონია და არც მომავალში დაუდგეს. არ შეიძლება, ეს ადამიანები წარმოადგენდნენ ჩვენს ისტორიას, ისტორიულ ინტერესებს; არ შეიძლება, ჩვენს მომავალს ეს ადამიანები წყვეტდნენ.

ფაქტია, რომ ძალიან რთულ პერიოდში [ვნახეთ] ღალატის ტოლფასი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობები, განცხადებები და დღემდე ასე გრძელდება. ამიტომ ჩვენთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი ახლა არის, როგორ მოვიშოროთ ეს რუსეთის იმპერიის დამქაშები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებიდან. ეს არის ჩემი რადიკალური, სუბიექტური აზრი.

წერილზე, რომლითაც მწერლები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ, თქვენი ხელმოწერაც იყო. იდეის ავტორთა შორის იყავით?

დიახ. იმდენად სასოწარკვეთაში ვიყავით, არ ვიცოდით, რა გვექნა. გვგონია, რომ ჩვენი მოსახლეობა რაღაცნაირად იმედით შემოგვყურებდა მწერლებს, რადგან ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ ჩვენი ძალიან დიდი ერთიანობა, ერთ მუშტად შეკრული ქართული მწერლობა დაინახა მოსახლეობამ.

შეიძლება, ამან არანაირი შედეგი არ გამოიღოს, მაგრამ რაღაცნაირად ღირსების საკითხიც არის. იმის საკითხიც არის, რომ მაგალითი მივცეთ სხვა სფეროებს, სხვა საზოგადოებებს, სხვა ჯგუფებს, თუ სად არის ჩვენი მთავარი სატკივარი, რაზე გადავიტანოთ აქცენტი. მერე იყო დავა, რას ვთავაზობთ [ადამიანებს]. სხვებმაც ახსენეს არაერთი გზა, რომ შეიძლება ეროვნული თანხმობის მთავრობის [შექმნა], ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, მაგრამ მთავარი იყო, ჩვენი გაბრაზება მიგვეტანა, გვეთქვა, რომ ყველაფერს ვხედავთ, ნათლად ვხედავთ, ვინ ხართ და საით მიაქანებთ ამ ქვეყანას.

ამიტომ, ჩვენი მკაფიო განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ წადით, დატოვეთ ეს ქვეყანა თავის ძალიან დიდი იდეასთან და მიზნებთან ერთად, რომელთაც თქვენ ხელს უშლით. ამიტომაც იყო ძალიან მოკლე ეს პეტიცია. მოკლედ და კონკრეტულად ვთქვით, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და საქმიანობის გამო უნდა გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრი.  ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოსახლეობისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით.

როგორ გგონიათ, ომის დასრულების შემდეგ ისეთივე იქნება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, როგორიც წარსულში იყო?

ძალიან რთულია, ვთქვათ, რა იქნება ხვალ. ერთი ვიცით: ძალიან მძიმეა ამის თქმა, ამდენი ბავშვი, ამდენი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ უკრაინა გამარჯვებულია. გამარჯვებულია როგორც მორალურად… თქვენ ხედავთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს მას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ორად კი არ გაიყო მსოფლიო, ცალკე დგას ეს ბოროტების სიმბოლო [რუსეთი] და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს უპირისპირდება.

ხვალ და ზეგ ეს ომი რომ დასრულება, მე არ ვიცი, რა უნდა თქვან ამათ [საქართველოს მთავრობამ], როგორ უნდა მოიწმინდონ ეს სირცხვილი, რაც ომის პერიოდში ჩაიდინეს: ფაქტობრივად, ღალატი საკუთარი ხალხისაც და მეგობრებისაც.

ერთადერთი, ისევ ჩვენი ორი ხალხის იმედი მაქვს. უკრაინელები საქართველოსა და ქართველ ხალხზე მართლა უზომოდ არიან შეყვარებული. მრავალჯერ ვარ ნამყოფი კიევში, ლიტერატურულ ფესტივალებზე, ვიცნობ ძალიან ბევრ მწერალს, რომლებთანაც ახლაც გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და ვიცი, რა მდგომარეობაში არიან. ბევრი ბრძოლის ველზეა.

მე ისევ იმედი მაქვს, რომ ეს დიდი სიყვარული გაგვინათებს მომავლის გზებს. სხვანაირად წარმოუდგენელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი მიზანი და იდეა გვაქვს. გვყავს ერთი ყველაზე დიდი მტერი და ამ მტრის წინაშე არ ვაჩვენებთ ჩვენს დაქსაქსულობასა და გაყოფას: პირიქით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შეძლებს, მოვწმინდოთ ჩვენს თავს ეს სირცხვილი, როგორც შესაძლებელია და ამას დაინახავს ალბათ უკრაინელი ხალხი.

ის მრავალწლიანი მეგობრობა, [ყველაფერი], რაც მათ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთეს აფხაზეთში თუ 2008 წელს და ჩვენი სულისკვეთებაც, არ ჩაივლის ამაოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი