კომენტარი

ქალაქის ბრძოლები ჯოჯოხეთი იქნება რუსეთისთვის – სამხედრო ექსპერტი

8 მარტი, 2022 • 8490
ქალაქის ბრძოლები ჯოჯოხეთი იქნება რუსეთისთვის – სამხედრო ექსპერტი

რა ვითარებაა უკრაინის სხვადასხვა ფრონტზე ომის მე-13 დღეს? მიაღწია პირველად მიზანს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა? როგორ გადაეწყო ახალ სტრატეგიაზე? რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში? „ნეტგაზეთმა“ ეს კითხვები დაუსვა გიგა ინაშვილს, სამხედრო ანალიტიკოსსა და შეიარაღების სპეციალისტს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

  • ბატონო გიგა, დღეს, 8 მარტს, ომის მე-13  დღეს, რამდენად არის მიღწეული ის მიზნები, რომელიც რუსეთის ფედერაციას ჰქონდა ომის დაწყებისას?

უსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აშკარად იყო დასმული რამდენიმედღიანი ბლიცკრიგის ამოცანა, თუმცა ფაქტია, ეს ვერ შესრულდა. კიევზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხარკოვიც კი ვერ აიღეს და მარიუპოლის მიმართულებაზეც არ აქვთ წარმატება – მარიუპოლში გამაგრებული თავდაცვითი ძალებისა და მოხალისეების ქვედანაყოფები კვლავ იცავენ ქალაქს. მარიუპოლის აღებას ძალიან დიდი რესურსები დასჭირდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უდიდესი დანაკარგები განიცადეს როგორც ხარკოვის, ასევე კიევის მიმართულებებზე. აშკარაა, რომ სერიოზული ჩავარდნა ჰქონდათ ლოჯისტიკურ ნაწილში, ლოჯისტიკურ დაგეგმარებაში, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მოქმედების ტაქტიკაში.

ეს ჩავარდნა აშკარად შეაფასეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბშიც, – ბოლო 2-3 დღეა, გადაჯგუფებებს ვადევნებთ თვალს. მოსალოდნელია, რომ ბრიგადის ზომის შენაერთით მოახდინონ შემდეგი მასირებული შეტევა კიევსა და ხარკოვზე.

  • რაში გამოიხატა გადაჯგუფება?

გადაჯგუფება მოხდა ორი მიმართულებით:

  1. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შერწყმა ბრიგადის ზომის შენაერთად;
  2. დანაკარგების მაქსიმალური შევსება და კონკრეტულ მიმართულებებზე ახალი ქვედანაყოფების შეყვანა.

ჩვენ ვიცით, რომ ხარკოვის მიმართულებაზე მე-200 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის დიდი ნაწილი გამოვიდა მწყობრიდან; მე-200 ბრიგადის მე-60 სატანკო ბატალიონი, ფაქტობრივად, მთლიანად იქნა განადგურებული.

ამ კონკრეტული დანაკარგების შევსებაზეა საუბარი და თვითონ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მოქმედების ტაქტიკის ცვლილებაზე. ეს ტაქტიკა [BTG – ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებად, დროებით ოპერატიულ მოქნილ ფორმირებებად დაყოფა]  შედარებით ახალია რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ეს ტაქტიკა პირველად 2008 წელს ჩვენთან გამოიყენეს, თუმცა აქამდე არ ყოფილა, რომ ასეთი მასშტაბის ომის დროს, ოპერაციების დროს გამოყენებული ყოფილიყო ასზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და ამაში აქვს სწორედ ჩავარდნა.

ასევე, სერიოზული პრობლემები [გამოვლინდა] ლოჯისტიკის მიმართულებით, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია დიდი რაოდენობით ქვედანაყოფების შეფერხება…

სტრატეგიის ცვლილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ ეს იმაშიც გამოიხატება, რომ თავდაპირველად რუსული ძალები თავს არიდებდნენ საქალაქო თავდასხმებს, – ძირითადად სტრატეგიულ და სამხედრო ინფრასტრუქტურას ესხმოდნენ თავს, – ახლა კი ქალაქების დაბომბვის მომსწრენი ვხდებით, არა? რითი აიხსნება ეს?

დიახ, ასეა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში და, ალბათ, ქვეყნის ხელმძღვანელობაშიც ნახეს, რომ სამოქალაქოები დიდ წინააღმდეგობას უწევენ. მათ შორის ის სამოქალაქოებიც, რომლებიც მანამდე პრორუსულად მიიჩნეოდნენ და, სავარაუდოდ, ფსონს დებდნენ იმაზე, რომ ხელგაშლილად შეხვდებოდნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს.

მაგალითად, ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ბევრი ეთნიკურად რუსი ადამიანი ცხოვრობდა, ასეთი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა აშკარაა, რომ დღეს [ოკუპანტებს] უკვე ყუმბარმტყორცნებს ესვრიან ეს ადგილობრივი რუსებიც კი, რომელთაც პროუკრაინული აზროვნება აქვთ.

სწორედ ამის გაცნობიერების შემდეგ დაიწყეს [რუსებმა] სამოქალაქო ობიექტების მასიური დაბომბვები. მაგალითად, გუშინ გავრცელებული [ფოტოები უჩვენებს, რომ] სპეციალური 500 კგ-იანი ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბებია ჩამოგდებული, ამიტომაც არის ასეთი ხშირი ხანძრები.

ამასთან, ქვეითებმა მიზანმიმართული სროლები დაიწყეს სამოქალაქოების წინააღმდეგ. „მწვანე კორიდორი“, რომელიც მარიუპოლიდან გაკეთდა, მოსახლეობის გამოსვლისას ორჯერ დაიბომბა, დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება…

განვიხილოთ სხვადასხვა მხრიდან დაწყებული შეტევები ცალ-ცალკე. დავიწყოთ სამხრეთიდან, ხერსონიდან, – რამდენად მნიშვნელოვანი დანაკარგია ეს ქალაქი უკრაინისთვის?

ხერსონი საკმაოდ სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. დიახ, დაიკავეს ხერსონი და უკვე [მის აღმოსავლეთით], მელიტოპოლიბერდიანსკის მიმართულებითაც გაიჭრნენ, რათა მარიუპოლისთვის ალყა შემოერტყათ [დონბასის მიმართულებიდან ძალების დახმარებით].

რუკა ასახავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში 7 მარტის მდგომარეობით © BBC

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხერსონის დაკავება ძალიან დიდ დანაკარგებად დაუჯდათ რუსულ შეიარაღებულ ძალებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიმართულება იყო და ძალიან დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა იქნა დაკარგული.

მხოლოდ გუშინწინ, მაგალითად, ხერსონის მიმართულებაზე 6 ერთეული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული და 2 ერთეული თვითმფრინავი. გუშინ დამატებით 2 თვითმფრინავი ჩამოუგდიათ; ასევე, ხერსონთან არსებულ ერთ-ერთი საველე-საშვეულმფრენო აეროდრომზე განლაგებული ჰყავდათ ვერტმფრენები, 30 ერთეულამდე, თუმცა უკრაინულმა რეაქტიულმა სისტემებმა შეუტიეს ამ აეროდრომს და, როგორც ვიცით, 30-მდე ვერტმფრენი არის განადგურებული და მწყობრიდან გამოსული.

ერთი სიტყვით, ასეთი ვითარებაა ხერსონზე და [დიდი ალბათობით] ოდესის მიმართულებისთვის ამზადებენ ერთგვარ პლაცდარმს, – სწორედ აქ მოიყრის თავს ის შემტევი დაჯგუფება, რომელმაც შემდეგ ოდესაზე შეიძლება გაიწიოს.

სანამ სამხრეთზე ვსაუბრობთ, – რა ხდება სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან?

აზოვის ზღვა ფაქტობრივად დაკარგულია, თუმცა შავ ზღვაზე უკრაინას ჯერაც აქვს გასასვლელი. მაგრამ ალბათ მოსალოდნელია, რომ სახმელეთო შეტევებთან ერთად სადესანტო ოპერაციაც განხორციელდეს ოდესის მიმართულებით. თუმცა, ეს უკვე შემდეგში.

მაგრამ აქ სადესანტო ოპერაციას აფერხებს სერიოზულად სანაპირო დაცვის ქვედანაყოფები, რომლებმაც გასული ერთი დღის წინ ზღვაში მდგარი ერთ-ერთი [რუსული] ხომალდი დაბომბეს…

თუმცა, ამას გარდა, დიდი სადესანტო ხომალდები დგას ზღვაში, რომლის ნაწილიც არის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი, ნაწილი კასპიის ზღვიდან იქნა გადმოყვანილი ვოლგა-დონის არხით და ნაწილი ჩრდილოეთის ფლოტიდანაც კი იქნა გადმოსროლილი. მათ ჯერ კიდევ ახალ წლამდე დაიწყეს მოძრაობა.

თუმცა დესანტი გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ შეიტანს, ამიტომ ხმელეთიდან ცდილობენ, სავარაუდოდ, ოდესაზე გასვლას…

მიკოლაევის გვერდის ავლით, არა? რაც მათ შემდგომში საზღვაო-სახმელეთო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობას მისცემდა. 

დიახ. თავიდან უფრო სახმელეთოზე იქნება აქცენტი.  სახმელეთო ეცდება, რომ ის სანაპირო დაცვის ბატარეები აღმოაჩინოს, გაანადგუროს და განდევნოს, ჩრდილოეთით უკან დაახევინოს და შემდეგ შეიძლება სადესანტო ოპერაციის გაკეთება სცადონ. თუმცა შესაძლოა დესანტის საჭიროება აღარც დადგეს, თუ სახმელეთო კომპონენტში კარგად წაუვათ საქმე.

ვისაუბროთ კიევზეც: პირველივე დღეებიდან ვხედავთ, რომ ჩრდილოეთიდან, ბელარუსის საზღვრიდან, დედაქალაქს 64 კმ-ზე გადაჭიმული კოლონა მიუახლოვდა, თუმცა არ იძვრის. რასთან გვაქვს საქმე?

აქ რამდენიმე კოლონაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, მის შემადგენლობაში არის ჯავშანტექნიკა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც, თუმცა მისი ძირითადი ნაწილია სატვირთო მანქანები, რომლითაც შემოიყვანეს ქვეითები. „კამაზის“ ტიპის, „ურალის“ ტიპის მანქანები, სხვადასხვა დამხმარე საინჟინრო მანქანები და ა.შ.

კარგა ხანია, სატვირთო მანქანები დაცლილია და მასში მსხდომი ქვეითები გადაადგილებულნი არიან, გარშემო ტყეებში არიან გაშლილები, ბანაკები აქვთ მოწყობილი.

განსაკუთრებით საშიში ტექნიკის ერთეულები რაც არის ამ კოლონაში, ყოველდღე იბომბება უკრაინული არტილერიის მიერ, მაგალითად, ბაირახტრების საშუალებითაც იქნა დაბომბილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და საწვავმზიდები.

კოლონა, რა თქმა უნდა, დგას. ტექნიკის ნაწილი განადგურებულია. მართალია, უფრო დიდი ნაწილი გადარჩენილია, თუმცა ეს არ არის იმ დონის ტექნიკა, რომ დიდი საბრძოლო მასალები დახარჯონ ამაზე. შეტევითი პოტენციალი ამ კოლონას არ გააჩნია. ზოგადად, კოლონა არის იმისთვის, რომ შემდეგში გაიშალოს საბრძოლო ერთეულები და შეტევა მიიტანოს კონკრეტულ მიმართულებაზე…

ჩვენ ამ კონფლიქტის მიმდინარეობისას ვაკვირდებით ხოლმე  „ომის სწავლები ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებს, რომლის სამხედრო ექსპერტებიც აქტიურად აკვირდებიან სამხედრო მოქმედებებს. ISW-ის პროგნოზით, რუსული ძალები დედაქალაქის მიმართულებით ეცდებიან რეორგანიზებას, – და კიევზე მათი შეტევის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახდენენ ხელახალ მომარაგებას და დაგეგმავენ მრავალმხრივ კოორდინირებულ ოპერაციას როგორც კიევის გარშემო, ასევე შემოგარენში, [რათა დედაქალაქზე, ასე 24-96 საათში, შეტევა მიიტანონ]. თქვენც ასე ფიქრობთ?

დიახ, ასეა. მანდ ძირითადად, მართალია, ტყეებია კიევის ჩრდილოეთით, ჩრდილო- აღმოსავლეთით, დასავლეთითაც, მაგრამ მაინც უფრო სწორი ადგილებია, მთაგორიანი არ არის და [რუსებმა] ნახეს, რომ ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფებმა ავტონომიურობის ის ხარისხი ვერ აჩვენა, რასაც მოელოდნენ. სწორედ ამიტომ შეიძლება ეცადონ უკვე ბრიგადის დონის შენაერთით შეტევას [ბატალიონი ბრიგადის შემადგენელი უფრო მცირე ზომის შენაერთია].

ერთი სიტყვით, ჩემი ვარაუდით, ბრიგადის ზომის შენაერთით ეცდებიან გარღვევას ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის მიმართულებიდან მთლიანად. მაგრამ სანამ ამას მიაღწევენ, სანამ საამისო მზადყოფნა არ დასრულდება, მანამდე იქნება ავიაციით და რეაქტიული არტილერიით დარტყმები ხარკოვისა და კიევის მიმართულებით.

საავიაციო დარტყმებით [რუსები] აკეთებენ იმას, რომ უკრაინელები თავდაცვის პოზიციაში იყვნენ და კონტრშეტევა არ განახორციელონ რომელიმე მიმართულებით.

რახან საჰაერო თავდაცვამდე მოვედით, აქვე გკითხავთ, თქვენი აზრით, საჰაერო სივრცის დაკეტვა რას მოუტანდა უკრაინულ მხარეს? 

ყველაფრის გათვალისწინებით, საჰაერო სივრცის დაკეტვა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე ცოტა შეუძლებლად მეჩვენება, მაგრამ დასავლეთ უკრაინაში თუ მაინც დაკეტავენ, ამით ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა „ზურგს“, შესაძლებლობა ექნება მთელი რიგი ლოჯისტიკური სამუშაოები განახორციელოს – მარაგების განაწილება და ა.შ. ამით ზურგი გაეხსნება ქვეყანას, იდეალური იქნებოდა.

მაგრამ რაც შეეხება საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით [უკრაინის სრული ტერიტორიის] გადაფარვას, რათა [საჰაერო სივრცეში შეჭრილი ობიექტების] ჩამოგდება მოხდეს, ეს უკვე იქნება ნატოს ღია ჩართვა ომში [რაც არ განიხილება ნატოს მიერ ამ ეტაპზე].

საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საზენიტო სისტემების გადაცემაზე რომ არის ხოლმე საუბარი, – იგივე ნატოს სისტემები, – ძალიან ეფექტური სისტემებია, თუმცა ასე უცბად რომ მისცენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ფიზიკურად ვერ გამოიყენებენ. შეიძლება გასროლა მოახერხონ, მაგრამ იმდენად მაღალტექნოლოგიურია, რომ თვითონ ერთი დანადგარი არაფერს ნიშნავს, თუ არ არის ჩართული ერთიან სისტემაში.

ამიტომ, ერთადერთი შეიარაღების სახეობა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით არის დიდი რაოდენობით სტინგერი, რომელიც დაბალ სიმაღლეებზე ჩაკეტავს მთლიანად საჰაერო სივრცეს. და ვიცით საუბარი არის ასევე MiG-29 ტიპის გამანადგურებლებზე, რომელიც პოლონეთმა შეიძლება მიაწოდოს [შტატების დახმარებით, რაზეც მიმდინარეობს ამჟამად მოლაპარაკებები], რომელსაც [კარგად გამოიყენებს უკრაინის მხარე].

ურბანულ ბრძოლებში რა შანსი აქვთ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს?

არსებობს [ბრძოლის] ურბანული და სუბურბანული [ნაწილები]. ურბანულ თავდაცვით პოზიციაში იბრძვიან ახლა უკრაინული ქვედანაყოფები – ის, ქალაქის განაპირა რაიონებში რაც მოხდა, საკმაოდ დიდი რაოდენობით ტექნიკა იქნა განადგურებული. ეს ფაქტობრივად ჯოჯოხეთი იქნება რუსეთის სახმელეთო ნაწილებისთვის და იმიტომაა სწორედ, რომ კიევსა და ხარკოვში არ შედიან ქალაქში, რადგან ძალიან დიდი დანაკარგები ექნებათ.

ეს იმის გამო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო ქვედანაყოფებში მასობრივად არის დარიგებული ერთჯერადი და მრავალჯერადი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რაც პირველადი საჭიროებაა ქალაქის ბრძოლებისთვის.

ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარტყორცნების რაოდენობა გადაწყვეტს, როგორ იქნება ქალაქი დაცული. ტანკების და ჯავშანტექნიკის შეყვანა ყველა ქალაქში არის ურთულესი და სჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის მხარდაჭერა, რაც ფაქტობრივად ამ რესურსებით რუსეთს არ გააჩნია.

და ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა ცნობებით, უკრაინაში შეყვანილია საზღვრებთან მობილიზებული ძალების 80-100%

უკვე 100%. ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატების დაზვერვა მეთვალყურეობს ამ ყველაფერს, მუდმივ რეჟიმში მოდის ცნობები და განახლებად რეპორტებს დებენ, რამდენიმე დღის წინ საუბარი იყო 80%-ზე, დღეს კი უკვე 100-მდეა ასული. და საუბარია 250 000 ადამიანზე, თუმცა ამ რაოდენობაში შედის ზურგის ქვედანაყოფები, ლოჯისტიკა, არტილერია და ა.შ.

ვისაუბროთ უკრაინისთვის პესიმისტურ შემთხვევაზეც: დიდი ქალაქების დაცემის შემთხვევაში, პარტიზანული ომების წარმოების რა შანსი აქვთ უკრაინელებს? 

პარტიზანულ ომზე ჯერჯერობით არ არის გადასული უკრაინული მხარე, თუმცა დღეს უკრაინული თავდაცვის ნაწილები და შეიარაღებული ძალები მზადყოფნაშია იმისთვის, რომ თუნდაც კიევის დაცემის ან სხვა მნიშვნელოვანი ქალაქის შემთხვევაში, პერიფერიებში, სხვა მიმართულებებზე გააგრძელოს პარტიზანული და ასიმეტრიული ტაქტიკური ბრძოლა.

კიევის აღება, – თუნდაც რაღაც დონეზე, – არ ნიშნავს უკრაინის დაცემას. თუმცა ჯერჯერობით სტანდარტული, კონვენციური ოპერაციების რესურსი ჯერ ისევ გააჩნიათ. პარტიზანული ომი არის ბოლო ეტაპი, ასე ვთქვათ.

უსაფრთხოების საკითხები ერთი საფეხურით მაღლა რომ განვიხილოთ – მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს რუსეთმა ბირთვული იარაღი საგანგებო რეჟიმში მოიყვანა, სხვადასხვა ვარაუდი გვესმის: ეს არის ბლეფი თუ ბირთვული იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე არსებობს?

ამ შემთხვევაში ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ უდგათ და რაც განცხადებები გაკეთდა, ცალსახად ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენის დანიშნულება ჰქონდა, ჩემი აზრით, რათა ხალხი დაეზაფრა, გენშტაბშიც პანიკა გამოეწვია და ა.შ.

თუმცა, როდესაც 2021 წლის ბოლოდან, უკრაინასთან საზღვრებთან რუსეთის ფედერაციამ ძალების მობილიზება მოახდინა, მაშინაც იყო იგივე დისკუსიები. მაშინ ბევრი ანალიტიკოსი „ბლეფად“, ზეწოლის საშუალებად მიიჩნევდა ამას, თუმცა შედეგი სხვაგვარი ვიხილეთ…

უკრაინის საზღვრებთან ძალების თავმოყრა როგორც კი დაიწყო, – ვერ გეტყვით, სხვები რას ამბობდნენ, მაგრამ როცა მე მქონდა ჩართვები ამ თემაზე, – ყოველთვის ვამბობდი, რომ გარდაუვალი იყო ომი. ყველაფერი მიანიშნებდა ამაზე, მით უმეტეს, თუ მხოლოდ სამხედრო კომპონენტიდან ვიმსჯელებდით და არა პოლიტიკურით.

ამ შემთხვევაში ბირთვულ შეიარაღებას რაც შეეხება: ამის გამოყენების, – თუნდაც ტაქტიკურ დონეზე თუ ვიმსჯელებთ, – შანსები ძალიან მინიმალურია. ამის მიზანი იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა…

თქვენი აზრით, არის თუ არა რუსეთის რეალური მიზანი მოლაპარაკებების გზით რაიმეს მიღწევა?

ჩემი აზრით, მოლაპარაკებები, რაც იყო შეხვედრები, დროის გაწელვას ემსახურება, თორემ აშკარაა, რომ თავიანთი მიზნების მიღწევას რუსები სამხედრო ძალებით აპირებენ და არ აპირებენ უკან დახევას, ამ ეტაპზე ასე ჩანს…

ამავე თემაზე გირჩევთ:

“ახლა იწყება მეორე ფაზა… რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა” – გადამდგარი გენერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი