კომენტარი

“ახლა იწყება მეორე ფაზა… რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა” – გადამდგარი გენერალი

7 მარტი, 2022 • 70553
“ახლა იწყება მეორე ფაზა… რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა” – გადამდგარი გენერალი

„ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ“, – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ის ჯერჯერობით ომის დასრულებას არ ელის, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზას ელოდება.

ვახტანგ კაპანაძე არის გადამდგარი გენერალ-მაიორი და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, ვის სასარგებლოდ მუშაობს დროის გაჭიანურება ომში? 

დრო ცალსახად მუშაობს უკრაინელების სასარგებლოდ. ხალხი იღუპება, უბედურდება, მაგრამ ეს შედეგის მომტანია უკრაინისთვის. რუსეთი ამ დიდ ომში აუცილებლად ნახავს დანაკარგს და ამაზეა დამოკიდებული, რა დანაკარგს მიიღებს რუსეთი. ხომ გახსოვთ, ავღანეთში რა მოხდა: ჯარისკაცების დედების მოძრაობა და ასე შემდეგ. იქ იყო 10 წელიწადში სულ 15 ათასამდე დაღუპული ჯარისკაცი, აქ კი 12 დღეში იმის ნახევარი მაინცაა, რაც დასახელდა.

  • ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 7 მარტის დილამდე, რუსეთის არმიის 11 ათასი მოსამსახურე დაიღუპა უკრაინაში. 

ციფრები ომის დროს, როგორც წესი, სანდო არ არის. ეს ზუსტი მონაცემები არ არის, ხშირად ხდება მორალური ფაქტორების გამოყენებაც და ასე შემდეგ. ნუ ვიტყვით 11 ათასს და სულ ცოტა 7 ათასი ვთქვათ, ეს ხომ უდიდესი დანაკარგია? უცხოელი ექსპერტები, რომლებიც უფრო დეტალურად ითვლიან თითოეულ ჯავშანტექნიკას და ასე შემდეგ, აღნიშნავენ, რომ განადგურებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების 30 პროცენტი, რომელიც სპეციალურად უკრაინისთვის შეიქმნა.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ რუსებს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს. ბოლო მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში ასევე დაკარგა 290 ტანკი და 46 სამხედრო ვერტმფრენი. რაზეა ახლა დამოკიდებული, თქვენი აზრით, რუსეთის შეჩერება? 

რუსეთი არ აპირებს უკან დახევას, რადგან ახლა პუტინისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება წარუმატებლობა ამ ომში, დამარცხებაზე არ არის ლაპარაკი. ამ დროს კი, უკრაინისთვის ამ ომში არდამარცხება ნიშნავს გამარჯვებას.

შესაბამისად, ახლა ხდება გადაჯგუფება. პირველი ფაზა, შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა და ახლა იწყება მეორე ფაზა, იწყება რეზერვების აქტიური შემოყვანა ომში. ამასაც უნდა გაუძლოს უკრაინამ და მერე ალბათ შეიძლება უკვე მყარი მოლაპარაკებების წარმოება.

  • ანუ რას ელოდებით მეორე ფაზაში? 

როგორც იცით, რუსეთმა ჩართო სამი სამხედრო ოლქი და შესაძლოა ჩართოს მეოთხე ოლქიც. ამჯერად შესაძლებელია, გარკვეული ძალის გადმოსროლა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, როგორიცაა აფხაზეთი და ცხინვალი, ასევე, ჯავშანტექნიკის გაძლიერება. რასაც ვუყურებ, ისეთი არასამხედრო ტრანსპორტით შეჰყავთ ტექნიკა და იმდენად ძველია, როგორც ჩანს, რუსებს აშკარად დაეტყოთ რესურსის პრობლემა…

იგივე საწვავის მიწოდებაც პრობლემაა, რადგან ამას სჭირდება გამართული ლოჯისტიკა, ჯავშანმომსახურება, ევაკუაციის საშუალებები. 200 ლიტრი საწვავი სჭირდება ტანკს დაახლოებით 100 კილომეტრის გავლისას და უკრაინელები დარტყმას ახორციელებენ ლოჯისტიკურ შემადგენელზე. ასეთია როგორც საარტილერიო დარტყმები, ასევე საჰაერო, სპეცოპერაციის ძალების მოქმედებაც აქეთკენ არის მიმართული. ეს სტაციონარული სამიზნე ხშირად არის ხოლმე იდეალური დასარტყმელი.

  • ფიქრობთ, რომ ცვლის ტაქტიკას რუსეთი? 

რუსულ არმიას აქვს გარკვეულ მიმართულებებზე ლოკალური წარმატება, შეიძლება ითქვას, რომ მან უახლოესი ამოცანები შეასრულა, მაგრამ ძალიან დიდი დანაკარგების ფასად, მას მოუწია პირველი და მეორე ეშელონების შეყვანა უკრაინაში, რომ ეს უახლესი ამოცანები შეესრულებინა. ტაქტიკა უკვე შეცვალა რუსეთმა, როცა სირიული გამოცდილება გადმოიტანა უკრაინაში. ალეპოს ქმნიან ყველა ქალაქში, მიწასთან ასწორებენ, უმოწყალოდ ბომბავენ და ყველა იარაღიდან ურტყამენ, როგორც მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, ასევე ქალაქებს, რომ შემდეგ ნანგრევებმა არ შეასრულონ გარკვეული სამხედრო ფუნქცია.

რუსეთს მოუწევს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება, ან წვევამდელები უნდა გაიწვიოს აქტიურად, თუმცა, როგორც გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

  • ვიდეოებში ვხედავთ რუსულ გაჩერებულ კოლონებსაც. რატომ ვერ უხსნიან მას ცეცხლს? 

რუსებიც არ არიან ძალიან იდიოტები. კოლონა შესაძლებელია გაჩერებულია, მაგრამ მას თავისი დაცვა აქვს, საჰაერო დაცვის მექანიზმებია, პატრულირება… უკრაინელებს რაზეც მიუწვდებოდათ ხელი, ის ნამდვილად გაანადგურეს.

  • რამდენად გაიზარდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები? 

რა თქმა უნდა, უკრაინას მიაწოდეს გადასატანი საშუალებები პარტნიორი ქვეყნებიდან, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროინდელი წარმოების სამხედრო საფრენი აპარატები, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, თანამედროვე აპარატებს სჭირდება შესაბამისი გადამზადების მქონე ოპერატორები. როცა ტექნიკას უგზავნი, თან ოპერატორიც შევიდეს, გამოდის, რომ ომში ერთვება ქვეყანა. ეს არ არის მარტივი სისტემები, ათვისება სჭირდება. ასე უბრალოდ გადასცე ქვეყანას და გაგინადგურონ, არ ვიცი, ეს რამდენად მიზანშეწონილი იქნება.

ჩემი აზრით, აუცილებლად გაიზრდება ეს რესურსი. ასევე გაიზრდება გამანადგურებლების მიწოდება, რომელზეც მომზადებული ჰყავს მფრინავები უკრაინას.

  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება „საერთაშორისო ლეგიონის“ მონაწილეობა ამ ომში? 

ეს არის დამატებითი რესურსი. რა ინფორმაციაც მაქვს, მოხალისეების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩავიდა უკრაინაში. ჯერ ერთი, ეს უდიდესი მორალური მხარდაჭერაა. ზოგადად, ამ პერიოდში საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდნენ ახალგაზრდა ვეტერანები, რომლებსაც ერაყიდან დაწყებული, ავღანეთით დასრულებული, დიდი სამხედრო გამოცდილება დაუგროვდათ და თან ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მათ ბრძოლა შეუძლიათ. ეს არაა პატარა ძალა. როგორც ვიცი, ორი ბატალიონია უკვე ჩამოყალიბებული მხოლოდ მოხალისეებით, ბრიტანელები მიდიან კიდევ.

  • ის, რომ უკრაინა ამ დრომდე ახერხებს თავდაცვას, თქვენი აზრით, ეს რამდენად ზრდის მოლაპარაკების საჭიროებას? 

უდავოდ უკრაინას აქვს თავდაცვის საშუალება. ვერ გეტყვით, რამდენია ადამიანური დანაკარგი, რადგან უკრაინა არ ამბობს ამას და რუსეთისგანაც ასევე არ ისმის ჭკუასთან ახლოს მისული ფაქტები.

ზოგადად, დაცვაში მყოფი ნაკლებ დანაკარგს იღებს, ვიდრე ის, ვინც შეტევაზე გადადის. ოპერატიულ გათვლებით შეტევაში მყოფი წყვეტს შეტევას, როცა მისი დანაკარგი აღწევს 30 პროცენტს, ხოლო დაცვაში მყოფი- მაშინ, როცა მისი დანაკარგი აღწევს 50 პროცენტს. ლვოვი, კარპატები, ეს რეგიონები ჯერ კიდევ არ ჩართულან ამ ბრძოლებში. ასე რომ, მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს უკრაინას, 130 ათასი მომზადებული რეზერვისტი ჰყავს 5 წლის განმავლობაში, 200 ათასი ჰყავდა შეიარაღებულ ძალებში.

  • ანუ ომის დასრულების წინაპირობა ჯერ არ ჩანს? 

ამ ომმა მიიღო გაჭიანურებული ხასიათი თავისთავად. ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ, ძლიერი საწყისი პოზიციები ჰქონდეთ. ორივე მხარე ამას ცდილობს ახლა.

როგორც იცით, უკრაინამ გააჟღერა პირობად ის, რომ შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკებები არა ზოგადად ნატოზე, არამედ გარანტიების შექმნაზე, მაგრამ ის პრინციპულად არაა თანახმა ყირიმის დათმობაზე. რუსეთი ამბობს, ყირიმი დაივიწყეთო, ასევე ლუგანსკი და დონეცკიც ჩვენიაო. ამას თუ დაუმატეს კიდევ აზოვის ზღვიდან კორიდორის გაკეთება, გამოდის, აზოვის ზღვასაც კარგავს უკრაინა და აწყობს ეს უკრაინას? ასე ვთქვათ: სახე რომ შეინარჩუნოს პუტინმა, შესაძლოა, თქვას უკრაინამ, რომ აი, ნატოზე უარს ამბობს, მაგრამ ისეთი პირობები აქვს წამოყენებული რუსებს, ძნელად წარმომიდგენია, უკრაინა მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუ რუსეთმა არ დაწია თავისი მოთხოვნები.

თუმცა ყველაფერი სწრაფად იცვლება. ფაქტია, რომ თვითონ რუსეთშიც შესაძლოა ბევრი უკმაყოფილო იყოს პუტინის საქმიანობით. შესაძლოა, ასევე რუსეთის შიგნიდან მოხდეს ცვლილებები.

ამავე თემაზე გირჩევთ

ქალაქის ბრძოლები ჯოჯოხეთი იქნება რუსეთისთვის – სამხედრო ექსპერტი

მასალების გადაბეჭდვის წესი