კომენტარი

„უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გზა არ გვაქვს“ – ინტერვიუ უკრაინის ელჩთან

7 თებერვალი, 2022 •
„უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გზა არ გვაქვს“ – ინტერვიუ უკრაინის ელჩთან

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების მობილიზაციის ფონზე, როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა? ელიან თუ არა კიევში შეჭრას, რას ფიქრობენ საქართველოს მთავრობისა და მოქალაქეების პოზიციაზე და მიიჩნევენ თუ არა საკმარისად არსებულ და შესაძლო სანქციებს? ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთი“ საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს ესაუბრა.

„უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გზა არ გვაქვს“

  • „ნეტგაზეთი“: უპირველეს ყოვლისა, მსურს გკითხოთ, ელის თუ არა უკრაინის მთავრობა რუსეთის შეჭრას? მოსკოვის რა ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხე რეალურია?

ელჩი დოლგოვი: 2014 წელს უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. იქიდან მოყოლებული, რუსეთი ფედერაცია აგრძელებდა ზეწოლას უკრაინაზე. ახლაც, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებისა, ის ყოველდღე ირღვევა აღმოსავლეთ უკრაინაში, იღუპებიან უკრაინელი სამხედროები.

ამ კონტექსტში, 2021 წლის გაზაფხულზეც ვხედავდით რუსეთის ჯარის კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. მაშინ რუსეთმა ჯარის ნაწილი უკან გაიყვანა. საინტერესოა ისიც, რომ ყველა „სამხედრო წვრთნის“ შემდეგ, როგორც ამას ისინი უწოდებენ, სამხედროებისა და აღჭურვილობის ნაწილი რჩება წვრთნების ადგილას.

ამ შემოდგომაზე სიტუაცია კვლავ დაიძაბა, უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში მოხდა ჯარის მობილიზაცია. ამჯერად, ამას დაემატა ჰიბრიდული ომის სხვა გამოხატულებები. ვგულისხმობ, რომ 2021 წელს ბუნებრივი აირის ღირებულებამ ევროპაში მნიშვნელოვნად მოიმატა. ეს [რუსეთის] ზეწოლის ნათელი გამოხატულება იყო. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადიც“ მხოლოდ პოლიტიკურ და არა ეკონომიკურ ხასიათს ატარებს.

ასევე ვიხილეთ კრემლის ახალი ნაბიჯები რუსეთ-ბელარუსის კავშირის დამყარების მხრივ. გამოცხადდა, რომ 10-12 თებერვალს ჩატარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ძირითადად, ბელარუსის ტერიტორიაზე.

უკრაინასთან მობილიზებულია 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი; დეკემბრიდან ადგილი აქვს რუსეთის ღია პოლიტიკურ ზეწოლას. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ნატოს გაფართოების თავიდან აცილება და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაა. პუტინი კვლავ აცხადებს, რომ ეს რუსეთისთვის „წითელი ხაზია“.

მივიჩნევთ, რომ საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მოდის, მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება. ის ემუქრება ევროპას და ევროპის უსაფრთხოებას, ისევე როგორც საქართველოს, ვინაიდან საქართველოც ღიადაა ნახსენები რუსეთის მოთხოვნებში.

ჩვენი აზრით, კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა არსებობს. დიპლომატია არ არის ერთადერთი საშუალება. დიდად ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების და მეზობლების მხარდამჭერას. მხარდაჭერა გამოიხატება არამარტო განცხადებებით. ვაგრძელებთ აშშ-დან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან იარაღის მიღებას.

უკრაინაში, თავის მხრივ, ვაგრძელებთ სამხედრო ძალების გაძლიერებას. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტ ზელენსკის განკარგულებით გაიზარდა უკრაინის სამხედროების რაოდენობა და გამოიყო დამატებითი ფინანსური რესურსები. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, ბრძოლა უკრაინას მოუწევს, არავინ მოვა ჩვენს ტერიტორიაზე უკრაინის დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს დასაცავად. ესაა ჩვენი ვალდებულება და მზად ვართ. უნდა ვიბრძოლოთ, სხვა გზა დამოუკიდებლობის დასაცავად არ გვაქვს.

ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ პრაქტიკულ ნაბიჯებს. მაგალითად, თურქეთის პრეზიდენტი ეწვია უკრაინას. მანამდე ჩამოვიდნინ ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები. ყველა ეს ნაბიჯი არამარტო დემონსტრაციაა, მათ პრაქტიკული მხარეც აქვთ, ისინი მოიცავენ დახმარებას, მათ შორის- ფინანსურს.

ასევე ვაფასებთ „პარტნიორობის ფონდის“ დაარსებას, რომლის მიზანიცაა, ფრონტის ხაზს იქით მცხოვრებ უკრაინელებს დაეხმაროს. ფონდი დააარსეს კანადამ, აშშ-მა, შვეიცარიამ, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.

  • თქვენ ახსენეთ მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი არ ჩასულა უკრაინაში. იწვევს თუ არა ეს გაკვირვებას კიევში?

ასეთი კითხვის საფუძველს ვერ ვხედავ. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. წინა კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელოფონო საუბარში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დააფიქსირა საქართველოს მხარდაჭერა.

ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არაა საჭირო ამის დამატებითი მანიფესტაცია. [უკრაინის] საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ და უმაღლესი რადის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ მადლობელნი არიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის. მხარდასაჭერი სიტყვების ფორმულირება პარლამენტზეა დამოკიდებული. ვიცით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გვიჭერს მხარს, ეს საკმარისია.

  • უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გამართეს ქართველმა აქტივისტებმაც…

დიახ, ჩვენ მადლობელნი ვართ. რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობის განათება [ნატოსა და უკრაინის დროშის ფერებში, ევსაქების აქცია — რედ.] ფანტასტიკური იყო. ეს დავინახეთ არა მარტო მათ, ვინც [უკრაინის] საელჩოს შენობაში ვმუშაობთ [რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობა ახლოსაა უკრაინის საელჩოსთან], არამედ თბილისის სხვა მცხოვრებლებმაც. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ჟესტია.

„დღეს ფრონტის ხაზზე ბევრად უკეთესი ჯარი გვყავს“

  • როგორც თქვით, სიტუაცია ახლა საკმაოდ რთულია… როგორაა განწყობილი უკრაინული საზოგადოება?

როგორც იცით, პრეზიდენტმა მოქალაქეებს რამდენჯერმე მიმართა და მოთმინებისკენ და მზადყოფნისკენ მოუწოდა. თუმცა, საგანგაშო ნოტების გარეშე.

  • ანუ, პანიკას არ უნდა ჰქონდეს ადგილი?

არა. ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის. ამასთან ერთად, უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერების მხრივ ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ოფიციალურად დაიწყო „ტერიტორიული დაცვის“ პროგრამის მოქმედება. პროგრამის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, რეზერვისტები ემზადებიან კონკრეტული რეგიონების დასაცავად, ესტონეთის და ისრაელის მსგავსად. ახლა ვაპირებთ ამ რეზერვისტებისთვის წვრთნის ჩატარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სიმტკიცისთვის. ვგეგმავთ, პროგრამის განვითარება გავაგრძელოთ და ჩამოვაყალიბოთ რეზერვისტული ძალები ქვეყნის ყველა რეგიონში.

  • თქვენ მიერ ჩამოთვლილი რეფორმების გარდა, კიდევ რა ცვლილებებს ჰქონდა ადგილი უკრაინის ჯარში, 2014 წელთან შედარებით?

დამატებით ზომებს შორის მსურს გამოვყო კანადის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების გადაწყვეტილება ოპერაცია „ორბიტალის“ გაფართოების შესახებ. ამ ოპერაციის ფარგლებში ამ ქვეყნებიდან უკრაინის სასწავლო ცენტრებში სამხედროები ჩამოდიან და ნატოს სტანდარტებით უტარებენ წვრთნას უკრაინის სამხედრო ძალებს.

  • ანუ, უკრაინის სამხედრო ძალები და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა დღეისთვის ბევრად უკეთესია, ვიდრე 2014 წელს?

ჯარი უკეთესედაა გაწვრთნილი, უკეთესადაა აღჭურვილი, აქვს ძალიან ღირებული საბრძოლო გამოცდილება. ამ გამოცდილებას ნატოს წევრ პარტნიორებსაც ვუზიარებთ, ვინაიდან თანამედროვე სამხედრო კამპანიაში ვართ ჩართულნი, ასევე, თანამედროვე აღჭურვილობის და იარაღის — უპილოტო აპარატების, ახალი რადარების — გამოყენებით.

დღეს ფრონტის ხაზზე ბევრად უკეთესად მომზადებული, პროფესიონალური ჯარი გვყავს, იქ არ არიან ახალწვეული სამხედროები. ბევრი ოფიცერი და ჯარისკაცი ფრონტზე მეორედ და მესამედაა, მათ საბრძოლო გამოცდილება აქვთ და კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ.

„რუსეთს ზესახელმწიფოობის პერიოდში სურს დაბრუნება“

  • ბევრმა სახელმწიფომ უკვე მიაწოდა შეიარაღება უკრაინას, მაგრამ თუ შეჭრა მაინც მოხდა, როგორ შეუძლიათ დახმარება მოკავშირეებს?

შეიარაღება, სამხედრო აღჭურვილობა, დამატებითი დახმარება, რესურსები… ჩვენ არ ვიცით, როგორი შეიძლება იყოს [რუსეთის] აგრესია. ის ვიცით, რომ დღეს ან ხვალ რუსეთი არ შემოიჭრება. ისინი არ არიან ბოლომდე მზად. მათ ჯერ არ აქვთ ორგანიზებული მომარაგების არხები.

ეს ნიშნავს, რომ დამატებითი დრო გვაქვს. არა მარტო დიპლომატიური მცდელობების გასაგრძელებლად, არამედ მოსამზადებლადაც. ჩვენი გენერალური შტაბი სხვადასხვა სცენარს ამზადებს.

  • 2014 წლის შეჭრისას უკრაინაში ნატოს ელჩი იყავით. თქვენი დაკვირვებით, რითი განსხვავდება დასავლეთის მაშინდელი რეაქცია დღევანდელისგან?

მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მაშინ, მიუხედავად 2008 წლის ომის გამოცდილებისა, არ ვიყავით მზად. არ გვჯეროდა, რომ რუსეთის თავდასხმა შესაძლო იყო.

ჩვენი პარტნიორების რეაქციაც ძალიან უხალისო იყო, ისინი მოთმინებისა და თავშეკავებისკენ მოგვიწოდებდნენ. არც უკრაინის ჯარი იყო მოქმედებისთვის მზად, განსაკუთრებით- ყირიმში.

როცა რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაშიც დაიწყო მოქმედება, არ იყო დრო მოთმინებისთვის, თავშეკავებისთვის, მოლაპარაკებისთვის. უნდა გვებრძოლა და დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის დაცვა. რუსეთს დამატებითი ძალების ჩართვაც კი მოუწია, რადგან უკრაინულმა ჯარმა ისინი ზოგი მიმართულებით შეაჩერა და ოკუპირებული დასახლებული პუნქტების გათავისუფლება დაიწყო.

ახლა ბევრად ძლიერნი ვართ და აღარ გვჭირდება ნატოს და მოკავშირეების დარწმუნება საფრთხის რეალობაში. უნდა ვიმოქმედოთ და არ ველოდოთ, როდის დაიწყებს რუსეთი ახალ ოპერაციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თხოვნა პარტნიორებისადმი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების ახლავე დაწესებაა. არა შეტევის მეორე დღეს, არამედ ახლა.

  • რათა ეს სანქციები არა რეაქციულ, არამედ პრევენციულ ხასიათს ატარებდეს?

მნიშვნელოვანია პრევენცია. რაც არ უნდა გაკეთდეს კამპანიის დაწყების შემდეგ… ეს დიდი ალბათობით ეფექტიანი, მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯები იქნება.

რუსეთი თავის მოთხოვნებში 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვდა. აშშ-ის და ნატოს პასუხში კი ცხადად წერია, რომ რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, ყირიმიდან და აღმოსავლეთ უკრაინიდან. აი, ეს არის განსხვავება. ჩვენ ახლა უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე 2014 ან 2008 წელს ვიყავით. ახლა უფრო დარწმუნებულნი ვართ, რომ მეტი მხარდაჭერა გვაქვს.

რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა ძალიან მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს. ახლა რუსეთის ყურადღების ცენტრში უკრაინაა, მაგრამ საქართველო, ყაზახეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვა სახელმწიფოები?..

  • რა სანქციების დაწესებას ისურვებდა უკრაინის ხელისუფლება? მაგალითად, მიდის საუბარი რუსეთის გარიცხვაზე SWIFT-ის სისტემიდან…

პირადად მე ამ პროცესში არ ვარ ჩართული, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან სერიოზული სამუშაო ჩატარდა.

მნიშვნელოვანია გავიგოთ 2014 წლის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობა და საკმარისობა. ბევრჯერ მკითხეს, იყო თუ არა ეს სანქციები ეფექტური. ჩემი აზრით, არა. რატომ? ყირიმი ოკუპირებულია, რუსი სამხედროები კი რჩებიან აღმოსავლეთ უკრაინაში. არ შეწყვეტილა ცეცხლი, არც რაიმე მიღწეულა მინსკის ფორმატის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ სანქციები საკმარისი არ გამოდგა.

ახლა, სიტუაციის ახალი დაძაბვისა და ახალ სანქციებზე საუბრის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, სადამდე შეუძლიათ უკრაინას და პარტნიორებს წასვლა.

ჩემი პირადი აზრით, რუსეთის იზოლაცია გამოდგა ძალიან სერიოზული ფაქტორი, რომელმაც უბიძგა კრემლს, ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა — დაეძაბა სიტუაცია და ჩაეთრია ნატო და აშშ რაიმე ფორმის მოლაპარაკებებში. რუსეთისთვის ეს იზოლაციიდან გამოსვლის საშუალება იყო. მათ საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში, ზესახელმწიფოობის ეპოქაში სურთ დაბრუნება, სადაც იყო გავლენების სფეროები, საკუთარი ნების დიქტატის საშუალება და მეოცე საუკუნის სტანდარტები… ეს შეუძლებელია.

სამწუხაროდ, ჩემი დასკვნით, სანამ ჩვენი პარტნიორები მოქმედებენ სტანდარტულად, არსებული საერთაშორისო სამართლის და უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში, რუსეთის მიდგომა ჰიბრიდულია, ზომები და ნაბიჯები კი- არასტანდარტული. სამწუხაროდ, მოვლენათა განვითარებაზე და ესკალაციაზე ვრეაგირებთ, ეს კი მიუღებელია.

  • კონკრეტულად რას გულისხმობთ რუსეთის არასტანდარტულ მიდგომაში? მაგალითად, პროპაგანდას? უკრაინის გამოცდილებით, როგორ შეიძლება ასეთი მიდგომისთვის წინააღმდეგობის გაწევა?

კარგი კითხვაა. შეიძლება გადაიდგას პატარა, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯები. მაგალითად, გერმანიის გუშინდელი გადაწყვეტილება, აიკრძალოს „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა. უკრაინაში ყველა რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალულია.

არის ეს საკმარისი? არა. რუსული პროპაგანდა ყველგან აქტიურობს, განსაკუთრებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინაში ახალი რუსულენოვანი ტელეარხი, „დომ“ დავაფუძნეთ. მისი მიზანია მიაღწიოს ოკუპაციის ხაზს იქით მცხოვრებ ადამიანებამდე. არც ესაა საკმარისი.

საუკეთესო პასუხი რუსულ ოკუპაციაზე უკრაინელების ცხოვრების დონის ზრდაა. სწორედ რომ უკრაინისა და საქართველოს წარმატებაა კრემლის მთავარი შიში. ჩვენი წარმატება დააფიქრებს რუსეთის ფედერაციაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს — „ისინი უკეთესად ცხოვრობენ“.

ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში. ისინი ხედავენ, რომ ბათუმი დიდად განსხვავდება სოხუმისგან. სოხუმი საბჭოთა წარსულში ცხოვრობს, ბათუმი კი თანამედროვე ქალაქია. მე როგორც ვიცი, სოხუმში ახალაშენებული მხოლოდ რუსეთის საელჩოს ბუნკერია.

  • რას ეტყოდით ქართულ საზოგადოებას?

მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ აუდივართ ყველა წერილსა და სატელეფონო ზარს, რომლებსაც ახლა ვიღებთ. მადლობა საქართველოს. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი