ახალი ამბები

რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება გერმანიას RT-ის აკრძალვის გამო

3 თებერვალი, 2022 • 1103
რუსეთი საპასუხო ზომებით ემუქრება გერმანიას RT-ის აკრძალვის გამო

გერმანიამ RT DE-ს (Russia Today-ის გერმანულენოვანი მაუწყებლობა) მაუწყებლობა შეაჩერა.

გერმანიის ლიცენზირებისა და ზედამხეველობის კომისიამ (ZAK) განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელმა RT-მ უნდა შეწყვიტოს გერმანულონევანი პროგრამების ტრანსლირება გერმანიაში „აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონის გამო“.

RT DE-მ მაუწყებლობა 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, აცხადებდა რა, რომ ჰქონდა საკაბელო და სატელიტური გადაცემის სერბული ლიცენზია, რომელიც გერმანიაში მაუწყებლობის უფლებას აძლევდა. გერმანიის მარეგულირებლებმა ერთ კვირის განმავლობაში ჩახსნეს RT DE ევროპის სატელიტური ქსელიდან, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომი იყო ონლაინ და მობილური აპლიკაციის საშუალებით. 2 თებევრალს ZAK-მა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული სერვისებიც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„ეს სრული სისულელეა. ჩვენ არ შევწყვეტთ მაუწყებლობას“, — დაწერა RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა Twitter-ზე.

მარეგულირებელის ცნობით, ბერლინში დაფუძნებულ ოპერატორ RT DE Productions GmbH-ს არ აქვს ევროპული კანონმდებლობით გათვალისწინებული, გერმანიაში ოპერირების ლეგიტიმური ნებართვა. RT DE, თავის მხრივ, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, აცხადებს რა, რომ სერბული მაუწყებლობის ლიცენზია შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას.

RT DE-ის მაუწყებლობის აკრძალვას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიას საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.

„გერმანულ მხარეს არაერთხელ მივუთითეთ რუსულ მედიაოპერატორზე პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის მიუღებლობასა და კონტრზომების გარდაუვალობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ბერლინი უარს იტყოდა RT DE-ისთვის მის მიერვე შექმნილი პრობლემის კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე. გერმანული მედიის მარეგულირებლის განაჩენი ცალსახა სიგნალია, რომ რუსეთის შეშფოთება დემონსტრაციულად იგნორირებულია. ეს ნაბიჯი გვართმევს სხვა არჩევანს, გარდა იმისა, რომ მივიღოთ საპასუხო ზომები რუსეთში აკრედიტებული გერმანული მასმედიის საშაულებების, ასევე, ინტერნეტ-მატარებლების მიმართ, რომლებმაც თვითნებურად და დაუსაბუთებლად წაშალეს არხის ანგარიშები თავიანთი პლატფორმებიდან“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

RT, იგივე Russia Today, კრემლის მიერ დაფინანსებული სამაუწყებლო ქსელია, რომელიც კრემლის ნარატივს რუსეთის საზღვრებს გარეთ ავრცელებს. RT მოიცავს 8 საინფორმაციო და დოკუმენტურ არხს, საინფორმაციო მედიაპორტალებს, ასევე, საერთაშორისო მულტიმედიურ სააგენტო RUPTLY-ს. შეერთებული შტატებში RT უცხო ქვეყნის აგენტად (FARA-ს შესაბამისად) არის დარეგისტრირებული მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ დაადგინა, რომ კრემლი RT-ისა და “სპუტნიკს” ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენისთვის იყენებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი