კომენტარი

დეგნანი: რუსეთს სურს დაგვყოს, მაგრამ ძალა ერთობაშია

18 იანვარი, 2022 • 1564
დეგნანი: რუსეთს სურს დაგვყოს, მაგრამ ძალა ერთობაშია

აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის თქმით, მომავალი დღეები გამოაჩენს, რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი დასავლეთთან დიალოგს.

როგორც დეგნანმა რონდელის ფონდის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთთან მოლაპარაკებების პარალელურად, აშშ მჭიდრო კონტაქტშია ევროპელ პარტნიორებთან, უკრაინასთან და საქართველოსთან.

„ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებები მიიღება ალიანსის წევრი სახელმწიფოების და წევრობის მსურველი სახელმწიფოს მიერ და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს ხმის ან ვეტოს უფლება. გავიმეორებ, რაც რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა ვენდი შერმანმა და აშშ-ის ბევრმა ოფიციალურმა პირმა თქვა — ჩვენ არ მოვილაპრაკებთ ევროპაზე ევროპის გარეშე, ნატო-ზე — ნატოს გარეშე, უკრაინაზე — უკრაინის გარეშე და საქართველოზე — საქართველოს გარეშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ცდილობს გაყოს ალიანსი, დაყოს ევროპელები და ამერიკელები. ჩვენ კი ვნახეთ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, თავად აირჩიონ პოლიტიკური თუ ეკონომიკური პარტნიორები. ამ ფუნდამენტურ პრინციპს არ შევცვლით და არ დავაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს გადასაწყვეტია, ვისი პარტნიორი იქნება და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველებმა გააკეთეს და რომელსაც ბევრი უჭერს მხარს. აშშ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ვართ საქართველოს, უკრაინის და ევროპელების გვერდში, როცა რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანია საქართველოდან ვთქვა, რომ ძალა ერთობაშია“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთი ელის აშშ-ისა და ნატო-ს წერილობით საპასუხო წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზების ფონზე, გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატო-ს. რუსეთი აშშ-სა და ნატო-ს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი