საზოგადოება

რუსეთი ნატოსა და აშშ-ს “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმებას სთავაზობს, რაც საქართველოსაც ეხება

18 დეკემბერი, 2021 • 4733
რუსეთი ნატოსა და აშშ-ს “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმებას სთავაზობს, რაც საქართველოსაც ეხება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე ორი შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიერმართება, ხოლო მეორე ნატოს.

რუსეთი აშშ-ს და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას “უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც საქართველოსაც ეხება.

მაგალითად, აშშ-თან 8-პუნქტიანი შეთანხმების პროექტში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციისაკენ, ასევე უნდა უზურნველყოს, რომ ალიანსში არ გაწევრიანდებიან საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრები.

ამასთან, რუსეთის ხედვით, ვაშინგტონმა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ამჟამად ნატოს წევრები არ არიან, არ უნდა დააფუძნოს სამხედრო ბაზები, არ გამოიყენოს მათი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის და უარი თქვას ორმხრივ სამხედრო თანამშრლომობაზე მათთან.

როგორც პროექტის ტექსტიდან ჩანს (თუმცა არ წერია), მოსკოვი ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სწორედ საქართველოს და უკრაინას მოიაზრებს, რომლებიც ნატოში გაწევრიანების და აშშ-თან დაახლოების სურვილს გამოთქვამენ. მეტიც, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებით უკრაინაც და საქართველოც ნატოს წევრები უნდა გახდნენ.

რაც შეეხება ნატოსთვის განკუთვნილი შეთანხმების პროექტს, რუსეთი ალიანსისაგან მოითხოვს, თავი შეიკავოს შემდეგი გაფართოებისაგან, მათ შორის არ მიიღოს თავის რიგებში “უკრაინა და სხვა ქვეყნები”. ამასთან, რუსეთის პოზიციაა, რომ ნატომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო აქტივობისაგან უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე სხვა ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

რუსეთი ნატოსთანაც და აშშ-თანაც აფიქსირებს, რომ მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ საარტილერიო იარაღის ერთმანეთის სიახლოვეს განთავსებისაგან და ა.შ.

“ევროპის უსაფრთხოებაზე ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე საუბარი არ იქნება”, – განაცხადა ჯენ პსაკიმ, თეთრი სახლის სპიკერმა რუსეთის საპასუხოდ.

“ჩვენ არ დავუშვებთ კომპრომისს იმ უმთავრესი პრინციპების ხარჯზე, რომელზეც ევროპული უსაფრთხოებაა აშნებული, მათ შორის იმის, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთაარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა თავისუფლად, გარედან ჩაარევის გარეშე”, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

რუსეთის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ღიად გამოექვეყნებინა მისი შეთავაზებები აშშ-სა და ნატოს მიმართ, წინ უსწრებს დაძაბული პროცესები უკრაინის საზღვრებთან. აშშ-ის და უკრაინის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდი ოდენობით სამხედრო ძალას ამაგრებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ის უკრაინაში შეჭრას აპირებდეს. ამ საკითხზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის საუბარიც შედგა.

“ითქვა, რომ დამთავრდა თამაში” — რა მოიტანა ბაიდენ-პუტინის შეხვედრამ

მასალების გადაბეჭდვის წესი