კომენტარი

ტრეფიკინგი, კორუფცია და ნარკოპოლიტიკა – რის შეცვლას ითხოვს ევროკავშირი

30 ივნისი, 2015 • 1865
ტრეფიკინგი, კორუფცია და ნარკოპოლიტიკა – რის შეცვლას ითხოვს ევროკავშირი

 

ევროინტეგრაცია © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ევროინტეგრაცია © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს, შეაფასოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმები და 2015 წლის ბოლოსთვის (პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა კონკრეტული თარიღი, 15 დეკემბერიც კი დაასახელა) გამოაქვეყნოს მორიგი, რიგით მეოთხე პროგრეს-ანგარიში.

 

რიგის სამიტს წინ უსწრებდა 8 მაისს ევროკომისიის მიერ საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრეს-ანგარიშის გამოქვეყნება. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი სამუშაო გასწია მოთხოვნილი რეფორმების გასატარებლად და მათი დიდი ნაწილი დასრულებულია. თუმცა დარჩენილია რამოდენიმე საკითხი, სადაც ხელისუფლებას უფრო მეტი მუშაობა მოეთხოვება. კერძოდ, ევროკომისია საქართველოსგან 15 სფეროში ითხოვდა რეფორმების გატარებას. ეს სფეროებია: 1. დოკუმენტების უსაფრთხოება 2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა 3. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 4. თანამშრომლობა მართლმსაჯულები სფეროში 5. პირად მონაცემთა დაცვა 6. ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილება 7. სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემა 8. მიგრაციის პოლიტიკა, 9. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღლდეგ ბრძოლა 10. თანამშრომლობა ძალოვან სტრუქტურებს შორის 11. ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება 12. თავშესაფრის პოლიტიკა, 13. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა 14. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და 15. ნარკოპოლიტიკა.

 

ევროკომისიამ მესამე პროგრეს-ანგარიშში ზემოთ ჩამოთვლილი თემები სამ ჯგუფად დაჰყო. პირველ ჯგუფში შედის ის საკითხები, რომლებშიც საქართველომ მაქსიმალურ პროგრესს მიაღწია და  სრულად შეასრულა. მეორე ჯგუფი აერთიანებს საკითხებს, რომლებიც საქართველომ თითქმის შეასრულა, მაგრამ მცირე დეტალები ჯერ კიდევ ბოლომდე აქვს მისაყვანი, ხოლო ბოლო მესამე ჯგუფში შედის ის თემები, რაც საქართველომ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა და მის ბოლომდე შესასრულებლად საკმაო ძალისხმევა მართებს. რეფორმები სრულად შესრულებულია 7 სფეროში. თითქმის შესრულდა 4 სფეროში, ხოლო ნაწილობრივ- ასევე 4 სფეროში.  

 

სრულად შესრულად

თითქმის შესრულდა

ნაწილობრივ შესრულდა

1. დოკუმენტების უსაფრთხოება

2. საზღვრის ინტეგრირებული მართვა

3. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

4. თანამშრომლობა მართლმსაჯულების სფეროში

5. პირად მონაცემთა დაცვა

6. ქვეყნის შიგნით თავისუფალი გადაადგილება

7. სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემა

1. მიგრაციის პოლიტიკა

2. ფულის გათეთრებისა დატერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა

3. თანამშრომლობა ძალოვან სტრუქტურებს შორის

4. ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულება

1. თავშესაფრის პოლიტიკა

2. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

4. ნარკოპოლიტიკა

       

ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე დიდი მუშაობა იმ სფეროებში მართებს, რომლებიც ევროკომისიამ ნაწილობრივად შესრულებულად მიიჩნია. კერძოდ, ესენია: თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკა. ამათგან ყველაზე რთული მდგომარება თავშესაფრის პოლიტიკისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებშია და, შესაბამისად, ყველაზე დიდი სამუშაო სწორედ აქ უნდა ჩატარდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენება, იქნება ეს ომი სირიასა და ერაყში, ოპოციზიისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვება აზერბაიჯანში, საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია, ამ ქვეყნებიდან წამოსულ თავშესაფრის მაძიებელთათვის საქართველო ერთგვარ სამიზნე ქვეყნად აქცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში თავშესაფარი 1792-მა უცხოელმა მოითხოვა. მათგან 1564-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო 228 უცხოელს ხუთი სხვადასხვა მიზეზით (ყველაზე ხშირად ეს მიზეზი სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო მიზეზის არქონა იყო) თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა. რაოდენობრივად თავშესაფრის მაძიებლთა ყველაზე დიდი რიცხი 2014 წელს საქართველომ სირიიდან მიიღო – ჯამში, 1070 სირიის მოქალაქე; მეორე ადგილზე უკრაინიდან ჩამოსული თავშესაფრის მაძიებლები არიან – 419 უკრაინის მოქალაქე, ხოლო მესამეზე ერაყის მოქალაქეები – 79 პირი.

 

ევროკომისია ათ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის პოლიტიკის მოსაწესრიგებლად. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება: 1. ჰუმანიტალურ საფუძველზე ვიზის გაცემის არსებული პროცედურების მოწესრიგება; 2. თავშესაფრის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების პროცესის მონოტირინგის მექანიზმის შექმნა, სადაც ნათლად იქნება გაწერილი ის ინდიკატორები, თუ რის საფუძლველზე ენიჭება პიროვნებას თავშესაფარი ან უარი ეთქმება; 3. თავშესაფრის მძებნელთა უეცარი მოზღვავების შემთხვევაში შესაბამისი სტრატეგიის შექმნა და ამისთვის საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა; 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მაძიებლების მიერ გაკეთებული განაცხადების შემთხვევაში მოტივირებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება. უსაფრთხოების მოტივით უარის თქმის შემთხვევაში აპლიკანტს ან მის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს  მინიმალური წვდომა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამის ინფორმაციაზე, რასაც ეფუძნება უარი, რათა მას შეეძლოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება; 5. ახალი და არსებული თანამშრომლებისთვის ეროვნული ტრენინგ-პროგრამის შექმნა; 6. თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის წყარო ქვეყნების მონაცემთა ბაზის შექმნა და, შესაბამისად, თანამშრომელების გადამზადება. წარმოშობის წყარო ქვეყნებთან თანამშრომლობა; 7. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა შემცირდეს თავშესაფრის მიცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, რადგან არსებული 10 დღე ძალიან მცირეა; 8. გასაჩივრების პროცედურებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი, დამოუკიდებელი და მაღალხარისხიანი სახაზინო ადვოკატის მომსახურება; 9. გაგრძელდეს მუშაობა, რათა ლტოლვილებს, რომელთაც ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა სურთ, ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის პროცედურებზე; 10. შესაბამისი ინტეგრაციის სტრატეგიის შექმნა და ამისთვის შესაბამისი დაფინანსებისა და ეფექტური საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება.   

 

კიდევ ერთი სფერო, სადაც საქართველოს ხელისუფლებას უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2013 წელს მოიცავს, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც მიუხედავად დიდი წინსვლისა, სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს. ევროკიმისიამ საქართველოს ხელისუფლებას ამ სფეროში, საერთო ჯამში, რვა რეკომენდაცია მისცა. კერძოდ: 1. ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის შექმნილ არსებულ თავშესაფრებში შესაბამისი მომსახურების შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათში თანმხლებ ბავშვების განთავსება; 2. ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა; 3. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის დებულებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რათა მას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოავლინოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევები; 4. პროაქტიური საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება შრომითი ექსპლოატაციის შემთხვევების გამოსავლენად; 5. მტკიცე მიდგომის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების შეძენის შემთხვევების გამოვლენა შრომითი და სექსუალური ექსპლოატაციისათვის. 6. აღნიშნულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ხელში არსებული მონაცემების მოგროვება და მათი დამუშავება სქესის, რაოდენობის, ასაკის, ეთნიკურობისა და ექსპლოატაციის ტიპის შესაბამისად. 7. სხვადასხვა ცხელი ხაზების მუშაობის გადახედვა, რათა საზოგადოებას და ტრეფიკინგის მსხვერპლებს უკეთესი საშუალეაბ ჰქონდეთ შესაბამის უწყებებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია; 8. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ევროპოლის მიერ გამოვლენილი წყარო და დანიშნულების ქვეყნებთან, როგორებიც არიან თურქეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, სომხეთი და თურქეთი, მჭიდრო თანამშრომლობა.   

 

ხელისუფლებას შედარებით ნაკლები სამუშაოს ჩატარება მოუწევს ორ სფეროში, რომლებიც ნაწილობრივ შესრულებულად ითვლება. ესენია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკა. პირველ სფეროში საქართველოს ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა მოეთხოვება. კერძოდ: 1. პირის მიერ თანხით საზღვრის გადაკვეთისას არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესება; 2. კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მარეგულირებელი ჩარჩო-კანონმდებლობის უკეთ გამოყენება; 3. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არსებული ვაკანსიების დაკომპლექტება; 4. ეროვნულ ბანკში არსებული ოფსაიტ შემოწმების განყოფილების მეთოდოლოგიის შემუშავება და საჭირო ადამიანური რესურსით ამოქმედება. ამასთან, სახელმწიფო დაზღვევის სამსახურის ოფსაიტ შემოწმების განყოფილების ჩამოყალიბება 5. აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლება შესაბამის ორგანიზაციებში.

 

ხელისუფლებას ორი რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი ნარკოპოლიტიკის სფეროში. ის შეეხება დანაშაულის გამიჯვნას პირადი მოხმარებისა და გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკის შემთხვევაში და მეორე – სასამართლო კონტროლი პოლიციის მიერ არაგეგმიურ ნარკოტესტის ჩატარებისას.    

    

დაგეგმილია, რომ ევროკომისიის შემფასებელი მისიები მეოთხე ანგარიშის მოსამზადებლად (რომელიც 15 დეკემბრისთვის უნდა გამოქვეყნდეს) საქართველოში ვიზიტებს სექტემბრიდან დაიწყებენ. რეალურად საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინოს და დარჩენილი ნაკლოვანებები აღმოფხრას. საგულისხმოა, რომ ევროკომისიას არც ერთ დონეზე არ უთქვამს, რომ მეოთხე პროგრეს-ანგარიში უკანასკნელი იქნება და ამის შემდგომ საქართველო მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზები აღარ დასჭირდებათ. ამ შემთხვევაში ყველაფერი დიდწილად ხელისუფლებას ხელშია, რომელმაც არ უნდა მიიჩნიოს უვიზო რეჟიმი უკვე გარანტირებულ მონაპოვრად და ბევრი იმუშაოს არსებული ხარვეზების უმოკლეს დროში გამოსასწორებლად.

 

საბოლოო გადაწყევტილების მიღების წინ ევროკავშირი იმ უსაფრთოების რისკებს გაითვალისწინებს, რაც შეიძლება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღებამ გამოიწვიოს. ევროკავშირი დიდ საფრთხეს ხედავს ეთნიკური ქართველების მონაწილეობით არსებულ ორგანიზებულ დანაშაულთა ჯგუფებში, რომლებიც ევროკავშირის თორმეტ ქვეყანაში მოქმდებენ (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი, ესპანეთი და შვედეთი). უვიზო მომოსვლისა და შესუსტებული კონტროლის პირობებში ორგანიზებულ დანაშაულის ჯგუფებს შესაძლოა ახალი შესაძლებლობები მიეცეთ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. თუმცა აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრი ეთნიკური ქართველების უდიდესი უმრავლესობას უკვე დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ისინი შესაძლოა ჩაერთონ გაყალბებული ბიომეტრიული პასპორტისა და ამ პასპორტების მესამე ქვეყნის მოქალაქეთათვის მიყიდვის პროცესში. უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფების მიერ ჰეროინის ტრანსპორტირებას ავღანეთიდან შავი ზღვის რეგიონის გავლით ევროკავშირში და დიდი იმის ალბათობა, რომ ამ ბიზნესში ჩაერთონ საქართველოს რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. საქართველოში ჯერ კიდევ რჩება პოლიტიკური და სამხედრო კრიზისების განახლების რისკი, რაც გამოიწვევს საქართელოდან თავშესაფრის მაძიებელთა ჯგუფების წასვლას ევროკავშირის ქვეყნებში, რადგანაც, როგორც წესი, ომისა და სახელისუფლებო კრიზისის პირობებში საქართველოდან ევროკავშირში წასული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება. კიდევ ერთი რისკი კი უკავშირდება ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის მაღალ დონეს, რასაც უვიზო მიმოსვლის პირობებში შესაძლოა მოჰყვეს უკანონო შრომითი მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში.

 

დაბოლოს, რა კონკრეტული შედეგი შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირში (იგულისხმება მხოლოდ შენგენის ზონის ქვეყნები). ამისთვის შეგვიძლია მოლდოვის მაგალითს შევხედოთ, რომლის მოქალაქეებსაც 2014 წლის 28 აპრილის შემდეგ ევროკაშირში გასამგზავრებლად ვიზის აღება აღარ სჭირდებათ. ამ დღიდან 460,000 მოლდოვის მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირში. 2015 წლის აპრილისთვის კი მოლდოვის კონფლიქტური რეგიონის, დნესტრისპირეთის 76,000-მა მცხოვრებმა მოლდოვური პასპორტი აიღო.

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

ავტორის შესახებ

ვანო ჩხიკვაძე არი ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების  მენეჯერი

ვანო ჩხიკვაძე ფლობს ევროპის კოლეჯის ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხს. მას ასევე მიღებული აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან . ამჟამად იგი მუშაობს ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველო” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერად. მანამდე იგი მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიაში საქართველოში, ევროპის   სტაბილურობის ინიციატივაში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ვანო ჩხიკვაძე ასევე არის European Endowment for Democracy-ის საქართველოს კონსულტანტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი