კომენტარი

არის თუ არა მერაბ გაბინაშვილი საპატრირქოსა და “ოცნების” კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე?

11 თებერვალი, 2015 • 2818
არის თუ არა მერაბ გაბინაშვილი საპატრირქოსა და “ოცნების” კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე?

საქართველოს პრეზიდენტი რთული ამოცანის წინაშე დგას. მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის 28 მსურველიდან მხოლოდ ერთი უნდა შეარჩიოს პარლამენტისთვის წარსადგენად. ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ გაბინაშვილია, რომელიც კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, საპატრიარქოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფავორიტი კანდიდატიც იყოს. “ნეტგაზეთის” შეკითხვებს სწორედ გაბინაშვილი პასუხობს:

რა არის ის მთავარი გამოწვევები, რომელსაც თქვენ სასამართლო სისტემაში ხედავთ და რომლის მოგვარებაზეც იმუშავებთ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში?

გამოწვევები ძალიან ბევრია. მე პრაქტიკოსი მოსამართლე ვარ, თითქმის 9 წელია უკვე ამ საქმიანობას ვეწევი, მათ შორის მაქვს გამოცდილება ადმინისტრაციული მმართველობის კუთხითაც იმიტომ, რომ ჩემი სამოსამართლეო გამოცდილების გარკვეული პერიოდი ადმინისტრაცულ თანამდებობებსაც ვითავსებდი. აქედან გამომდინარე, შიგნიდან ძალიან კარგად ვხედავ როგორც დადებით, ასევე, უარყოფით მხარეებს, რომელზეც მე ჩემი ხედვა გამაჩნია. ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება, რამაც საბოლოოდ სისტმემის გაჯანსაღება და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობა უნდა მოიტანოს.

სასამართლო ორგანო არის განვითარებადი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გარკვეულ ეტაპზე სასამართლოს სრულყოფილება მოხდა… ეს სრულყოფა მუდიმივად უნდა ხდებოდეს, მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ მოსამართლეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მთლიანად სასამართლო სისტემაში, რადგან მოსამართლეს უნდა შეეძლოს კანონის სწორად წაკითხვა, გაგება და მისი მისადაგება იმ გარემოებებთან, რომელსაც განსახილველი საქმე უყენებს.

ასევე, ჩემი ხედვით, სასამართლოს სისტემაში ახალი კადრების, ახალი მოსამართლეების დანიშვნაა აუცილებელი. კანდიდატების სწორად შერჩევა ძალიან სკურპულოზურად უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით. მოქმედი მოსამართლეების რაოდენობა დღეს კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოში, რადგან საქმეთა ნაკადი ძალიან დიდია.

მე ჩემი ხედვა მაქვს [მოსამართლეების] 3-წლიან საგამოცდო ვადასთან დაკავშირებით. მე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვარ და უკვე მომიწია მოსამართლეების შეფასება იმ კრიტერიუმებით, რაც კანონმა დაადგინა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებშიც არ გამოვრიცხავ დავინაოთ, რომ საგამოცდო ვადის საჭიროება არ არსებობს. მე მიმაჩნია, რომ საგამოცდო ვადა გარკვეულწილად საფრთხეებს ქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობისა თვალსაზრისით, რადგან ამ 3 წლის განმავლობაში მოსამართლე მიბმულია დროზე და რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენაზე. მართალია ასე არ უნდა იყოს, მაგრამ მოსამართლეც ადამიანი და ამის შესაძლებლობებს მე ვუშვებ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მოსამართლეების საგამოცდო ვადის პერიოდში რაღაც კრიტერიუმების შემოწმებაზე, არამედ დანიშვნამდე უნდა გავაძლიეროთ ის კრიტერიუმები, რათა მოსამართლემ დანიშვნის შემთხვევაში გაიაროს ძალიან დიდი გამოცდა, მისი პირდპირი და სხვა მნიშვნელობითაც, როგორც კეთილსინდისიერმა პიროვნებამ, ასევე მისმა დამოკიდებულებამ ზოგადად სისტემისადმი, მისმა წარსულმა და ასე შემდეგ. ბევრი კრიტერიუმია. მე მაგალითად 3-წლიანი საგამოცდო ვადის სანაცვლოდ შევთავაზებდი ხელისუფლებას, რომ გაგვეზარდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვადა და უფრო მაღალ ხარისსხში აგვეყვანა სწავლის პროცესი. თვითონ სისტემა გაჯანსაღდება, რადგან მოსამართლეს არ ექნება ფსიქოლოგიური გავლენა ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში როგორი ქვოტებით არის ადგილები განაწილებული მოგეხსენებათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულები არიან მოსამართლეები შეამოწმონ. ეს მაინც რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს უქმნის მოსამართლეს: მაგალითად, მოეწონება თუ არა მისი გადაწყვეტილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს და ასე შემდეგ. ბევრმა ქვეყანამ თქვა უარი საგამოცდო ვადაზე და მე ვფიქრობ, რომ თუ ამ პრაქტიკით წავალთ, ეს სისტემისთვის ძალიან კარგი იქნება.

გარდა ამისა, საზოგადოების თითოეულ წევრს სასამართლოსთან ურთიერთობაში უნდა ჩამოუყალიბდეს იმის განცდა, რომ სასამართლო ხელისუფლება ყველაზე ძლიერი რგოლია ხელისუფლების შტოებს შორის. თუ ადამიანი თავისი უფლებების აღსადგენად სასამართლოში დავას აპირებს, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სწორედ იქ მივიდა, სადაც თუ კანონით ეკუთვნის, უფლება აღუდგება, ვინც არ უნდა იყოს მისი მოწინააღმდეგე, რიგითი მოქალაქე და რომელიმე სახელმწიფო უწყება. ეს გამოიწვევს სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას საზოგადოებაში.

გარდა ამისა, სასამართლომ ძალიან მაღალ დონეზე უნდა აიყვანოს სასამართლო განხილვის სტანდარტი. დავის მხარეებმა უნდა იცოდნენ, რომ სტანდარტი მაღლაა აწეული, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს იმის მოტივაციას, რომ თვითონაც აიმაღლონ კომპეტენცია.

მე მიმაჩნია, რომ დღეს სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობა საკმაოდ მაღალია, კამერები შევიდა სხდომებზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ შეძლებისდაგვარად, თუ არასამათავრობოებს, ჟურნალისტებს, დაინტერესებულ მხარეებს აქვთ იმის ინტერესი, რომ სასამართლოს შიგნით კიდევ მიიღონ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის საიდუმლო და კონფიდენციალური, სასამართლო ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ ასეთი ადამიანების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილოს. უფრო ღია დებატებიც შეიძლება მოქმედ მოსამართლეებთან, რა თქმა არა, არა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რადგან მოსამართლეს ანგარიშს ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ მოვისმინოთ მოქმედი მოსამართლეების აზრიც, როგორც საზოგადოების წევრები ისე გავიცნოთ. ეს საზოგადოებაში ნდობის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, იმიტომ, რომ საზოგადოება დაინახავს ინტელექტს, ცოდნას, მოქალაქეობრივ პოზიციას.

კიდევ არის ბევრი ნიუანსები, რომელიც პრაქტიკაში გვხვდება. მატერიალურ ბაზაზე ნამდვილად ვერ დავემდურებით ვერავის, გვაქვს, ტექნიკური საშუალებები იმისათვის, რომ მოსამართლემ იმუშაოს. ასევე, მე იმის მომხრე ვარ, რომ მოსამართლე მუდმივად ინიშნებოდეს.

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. თქვენ როგორ აპირებთ კონკრეტულად ამის უზრუნველყოფას?

ხაზი მინდა გავუსვა, რომ 1999 წლიდან ვმუშაობ ჩემი პროფესიით, მართალია, მხოლოდ სასამართლოში არ მიმუშავია, მაგრამ მე დავიწყე სასამართლოთი, გავაგრძელე საგამოძიებო ორგანოებით და ისევ სასამართლოში დავბრუნდი. მე სხვაგან არსად მიმუშავია. ეს ყველაფერი მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არამარტო მე, არამედ სისტემაში მომუშავე ნებისმიერი მოსამართლე დაცული იქნება ყველანაირი გავლენისგან. მთავარია, მოსამართლემ საკუთარ თავში იპოვოს ძალა და ღიად ამხილოს ის პირი, იქნება ეს ხელისუფლების უმაღლესი რგოლის წარმომადგენელი თუ მისი მეზობელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს ან პირდაპირ კარნახაობს რაიმე გადაწყვეტილებას, აღარ ვსაუბრობ ანგარებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მოსამართლეები სწორედ იმიტომ ირჩევიან ასე სკურპულოზურად, რომ მათ საკუთარ თავში აქვთ ამ საფრთხეების უკუგდების ძალა, თუმცა ასეთი საფრთხეები ყოველთვის იყო, მომავალშიც იქნება და ამისათვის კანონის შემოღებაც დაგვჭირდა ეს იყო მოსამართლესთან კომუნიკაციის აკრძალვის წესი, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს.

სასამართლო თავიდან ბოლომდე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გავლენებისაგან, მათ შორის საზოგადოებრივი აზრისაგანაც. მეც საზოგადოების წევრი ვარ, მაგრამ საზოგადოების თუნდაც დიდი ნაწილის აზრი და ჩამოყალიბებული ხედვა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ანუ ის მოეწონა თუ არა გადაწყვეტილება საზოგადოებას, ეს არ უნდა იყოს მოსამართლისათვის ფსიქოლოგიურად ხელშემშლელი ფაქტორი, როცა ის კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს. ეს არამარტო უნდა ვიცოდეთ, ამის განხორციელებასა და პრაქტიკაში მოყვანაშიც უნდა ვიყოთ ძალიან სერიოზულად ჩამოყალიბებული.

სასამართლომ რაც არ უნდა პიარი აკეთოს, საზოგადოებას ვერ დააჯერებ შენ სანდობააში თუ მთელი სისტემის, ყველა მოსამართლის მუშაობაში არ გამოჩნდება საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდბეულება, შემდეგ ერთბაშად მოვა ეს ნდობა. მე არ ვამბობ, რომ სასამართლოს საზოგადოებაში ნდობა ბოლომდე აქვს დაკარგული, რადგან გაზრდილი მომართვიანობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანი სამართალს სასამართლოში ეძებს და სხვა არაკანონიერი წესით არ ცდილობს უფლების აღდგენას.

კოტე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში სასამართლო სისტემა იყო თუ არა სრულიად დამოუკიდებელი?

ასე ისევ კონკრეტულ მოსამართლეებამდე მივალთ. მოსამართლე იყო თუ არა დამოუკიდებლებელი ეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ვნახოთ. თუ ისეთი ფაქტები არსებობს, რომ მოსამართლე ვერ გრძნობს თავს დამოუკიდებლად და ფიქრობს, რომ სხვისი კარნახით იღებს გადაწყვეტიილებას, იმან უნდა დაწეროს განცხადება, მოიხსნას ეს სიმძიმე მხრებიდან და სხვა უფრო თავისუფალ პროფესიაში გადავიდეს. ყველა მოსამართლეს, რომელიც დღეს მუშაობს, საკუთარ გადაწყვეტილებებზე თავისი არგუმენტაცია ექნება

პოლიტიკის დონეზე რომ ვთქვათ, ყველანაირი გავლენისაგან თავისუფალი იყო სასამართლო კუბლაშვილის მუშაობის პერიოდში?

სასამართლოს ბოლომდე დამოუკიდებლობა, შეიძლება ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი დადგეს ეჭვქვეშ. ყოველთვის იყო საფრთხეები, თუმცა რამდენად რეალიზდნენ ისინი და რამდენად იპოვა მან გასავალი რომელიღაც მოსამართლესთან, ეს სხვა საკითხია და მე ამას არ გამოვრიცხავ. მე აბსოლუტურად ილუზიებში უნდა ვიყო რომ გითხრათ, ასე არ იყო-მეთქი, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდებოდა, კონკრეტულ მოსამართლებამდე მიდიოდა, სისტემას ვერ უბრძანებ, თუ უბრძანებ კონკრეტულ მოსამართლესთან უნდა გააკეთო ეს… რადგან რაღაც საქმეში გაქვს მოტივაცია და იმ მოსამართლემდე უნდა მიხვიდე. ასეთ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თავისი მოტივაცია, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ, საფრთხეებისგან თავისუფალი არც ერთი სასამართლო არ იქნება, მთავარია როგორ დადგება მთლიანად სისტემა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორ მოიგერიებს ასეთ გამოწვევებს და აქ ძალიან დიდი როლი აქვს პირველ პირს.

ჩვენ გვაქვს გარკვეული კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თქვენ კანდიდატურას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა და საპატრიარქო, გვაინტერესებს შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და თუ გქონდათ მათთან რაიმე კონსულტაციები?

არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა. თქვენ ბრძანდებით პირველი ჟურნალისტი, ვისთანაც მე ზოგადად ჩემს ხედვაზე ვსაუბრობ, არანაირად არ ვადასტურებ იმას, რომ მე რაიმე კონსულტაციები მქონდა. ეს არის აბსოლუტური სიმართლე.

რაც შეეხება საპატრიარქოს თემას, დასამალი არაფერია, დედაჩემი არის სასულიერო პირი. ის 2008 წლის შემდეგ აღკვეცილია მონაზვნად. საერთოდ არ ცხოვრობს სახლში, სახელიც შეიცვალა – დედა ანა მცხეთის სამთავროს მონასტერში. იქაც ყოველთვის არ შეიძლება მისი ნახვა, რადგან დადგენილი ტიპიკონია და როცა თავისიუფალი დრო მაქვს ვურეკავ, მოვიკითხავ ან ჩავდივარ სამთავროს მონასტერში ვესწრები წირვას და იმ დროს ვნახულობ. როგორ ფიქრობთ, მონაზონს… აბსოლუტურად არ ვადასტურებ [აღნიშნულ ინფორმაციას].

როდესაც გავლენებზე ვსაუბრობდით, მხოლოდ პოლიტიკური გავლენები არ არსებობს, სხვა ტიპის გავლენებიც არსებობს და თქვენ რამდენად იქნებით თუნდაც საპატრიარქოს გავლენისაგან თავისუფალი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში?

მე ვთქვი, რომ საზოგადოების აზრს მოსამართლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს-მეთქი. ეკლესიის გავლენას რაც შეეხება, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეკლესიის გავლენა რაღაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით? მე ვარ ქრისტიანი, აქედან გამომდინარე ზუსტად იგივე პასუხს გავცემ ჩემს პირად მოძღვარსაც და სხვა სასულიერო პირებსაც, რა პასუხსაც გავცემ ქუჩაში შემხვედრს თუ ის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რაღაცას მთხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სასულიერო პირის ზეგავლენით მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირისგან. მითუმეტეს მოძღვარმა და სასულიერო პირმა თუ ის ვერ გაიგო, რომ ამით ჯერ ერთი გაყენებს ძალიან დიდი უხერხულობაში, მეორე ის, რომ გთხოვს უკანონობას, მესამე ის, რომ თვითონ უნდა გიქადაგოს და თვითონ უნდა გასწავლოს კეთილსინდისიერება და როგორ უნდა გთხოვოს, რომ ერთი მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეო, როცა ამით მიგითითებს  მეორე მხარე დაჩაგრეო. აქედან გამომდინარე ეს არაფერში ჯდება არც რელიგიური კუთხით და ასევე, მე მოძღვარი ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნია და არც ამაში ჯდება, გარდა ამისა, მე არ მივცემ ამის საშუალებას, გამორიცხულია და ეს თემა ყველაზე ნაკლებად სარისკოდ და საფრთხილოდ მეჩვენება.

თუმცა მოძღვარმა არამხოლოდ მიგითითოს, არამედ შეიძლება საბრალდებო სკამზე თვითონ აღმოჩნდეს, როგორც 17 მაისის შემთხვევეში…

რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის. მოძღვარი ჩვეულებრივი ადამიანია, მას ჩვენზე მეტი პასუხისგებლობა აქვს აღებული, როგორც დამრიგებელს, მან სხვას უნდა ასწავლოს და სხვას უნდა მისცეს მაგალითი. თუ მოძღვარი დანაშაულს ჩადის, ჩემთვის ის  ჩვეულებრივი ბრალდებულია, ისეთივე როგორიც მაგალითად რამდენჯერმე ნასამართლევი ადამიანი რომლის ცხოვრებაც კრიმინალურ სამყაროს უკავშირდება მაგრამ  გააჩნია მოძღვარი რა დანაშაულს ჩაიდენს, მე არ მინდა ეს ისე გაიგოთ, რომ თუ მაგალითად მოძღვარი ავარიაში მოჰყვება, ეს გაუფრთხილებელი დანაშაულია და ჩვეულებრივ კანონი რასაც ითვალისწინებს ის გამოიყენება, მე მაგ შემთხვევაში ნამდვილად ვერ მივაკერებ იგივე ოთხჯერ გასამართლებულის იარლიყს, რაც მანამდე ვთქვი.

ტაბურეტით თუ მისდევს ადამიანებს, მაგალითად, 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლებს?

რა თქმა უნდა, დარღვევას სჩადის და მაგალითს აძლევს სხვა ადამიანებს, მის უკან მდგომ მრევლს, რომელიც თვლის, რომ თუ მოძღვარი ამას აკეთებს, ეს სწორია და სინამდვილეში ნამდვილად არ არის სწორი. იმ ადამიანს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელია თავისი ცხოვრება და თავისი უფლებები აქვს, ანუ ვერავის ვერაფერს უბრძანებ და თუ შენ ის არ მოგწონს, უნდა აიტანო ისეთი როგორიც არის, თუ არ მოგწონს და მიიჩნევ, რომ ასატანია შენთვის, ისევე როგორც ის გიტანს შენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოსწონდე შენი ცხოვრების წესის გამო. ეს უფლებები აბსოლუტურად დაბალანსებული უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს ვინც არ უნდა იყოს, ლგბტ თემის წარმომადგენელი, შშმ პირი, განსხვავებული რწმენის ადამიანი თუ სხვა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით აღმაშენებელს და ჩემს შვილებსაც ვასწავლი, რომ ერთ კვადრატულ კოლომეტრზე ადამიანმა საშუალება მისცა ერთად ელოცათ სინაგოგაში, სომხური ეკლესიასა და ქართული ეკლესიაში. ღორის ყოლის უფლება აუკრძალა ქართველებს, რომ უხერხულობა არ ეგრძნოთ იმ ადამიანებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითია.

მასალების გადაბეჭდვის წესი