კომენტარი

3 იანვარი, მე ექვთიმეს აგენტი ვიქნებოდი

4 იანვარი, 2015 • 1320
3 იანვარი, მე ექვთიმეს აგენტი ვიქნებოდი

 ასე იდეით შეპყრობილი ადამიანი ორი მახსენდება ხოლმე, რომელსაც ძალიან ვამსგავსებ ერთმანეთს. ერთი ანტონიო გაუდი იყო -ქუჩებში დადიოდა და თავისი ფანტასმაგორიული ქმნილებისთვის, რომელიც მისი საყვარელი ქალაქის მომავალი განძი გახდებოდა, გროშებს კაპიკ-კაპიკ, შემოწირულობებით აგროვებდა. ის ბარსელონიელების სათაყვანებელი გმირი და სიამაყე გახდა, მისი სული ამ ქალაქის ყველა ქუჩის ქვაში და კედლის ნაპრალში სახლობს. ამ ადამიანის ნაღვაწი და ის თუ როგორ უყვართ მისიანებს-მაოცებს, მაგრამ მისი დაბადების დღე როდის არის არ ვიცი. ვიცი მეორე ადამიანის დაბადების დღის თარიღი, ის პირადად ჩემი და ჩემი ქვეყნის გმირია, ჩემი სარწმუნოების მიერ წმინდანად შერაცხული და ჩვენი სიამაყე. ეს ექვთიმე თაყაიშვილია, რომელიც 3 იანვარს მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს-1863 წელს დაიბადა.

 

ექვთიმე თაყაიშვილიც ასეთი იყო, ეს იმ მისი ციტატიდანაც ჩანს, რომელიც ჩემს გულისთქმას თავში დავურთე. უძლიერესი განათლების და პოტენციალის ადამიანმა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო ჩინოვნიკი, ბანკირი, მით უმეტეს, რომ პეტერბურგში ჰქონდა განათლება მიღებული, დაინახა, რომ ქართულ საქმეს-ამ შემთხვევაში უნიკალურ ქართულ ხელნაწერებს პატრონი არ ჰყავდა, იკარგებოდა, ნადგურდებოდა და მათი პატრონობა ითავა. თავიდან იყო უბრალო მოყვარული, შემდეგ კი ეს საქმე მისი ცხოვრების აზრად იქცა. როგორც თვითონ ამბობს, კარდაკარ დადიოდა და უნიკალურ მასალებს აგროვებდა. გაიჩინა აგენტებიც. უცებ ვიფიქრე, ასეთი „აგენტი“ სიამოვნებით ვიქნებოდი, ეს დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის… ბოლოს, როგორც ყველამ ვიცით, ქართული სახელმწიფოს საგანძურის დაცვა ემიგრაციაში მოუხდა. უნიკალური ნივთები, რომლებსაც ფასი არ ჰქონდა, ნაცისტების, ბოლშევიკების, ევროპელების შემოტევებისგან დაიცვა. სულ 39 ყუთი იყო. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის სასახლის დადიანისეული განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი.

 

ექვთიმეს უამრავი თავსატეხის, განსაცდელის და ქარტეხილის გადატანა მოუხდა. ჩემი ამოცანა ამ ყველაფის მოყოლა ნამდვილად არ არის, არსებობს გუგლი, ვიკიპედია, (საიდანაც მისი ციტატა ავიღე), წიგნები, სკოლის პედაგოგი და სულაც მშობელი, რომელსაც შეუძლია თავის შვილს ამ ადამიანის ისტორია მოუყვეს. აქვე უცებ მიჩნდება აზრი, რომ ბევრ პატარა ბიჭს თუ გოგოს, რომლებსაც უფროსები მოუყვებიან, როგორ არ ჭამდა საჭმელს და როგორ იყინებოდა ექვთიმე, მაგრამ მოოქროვილ ხატებს თუ სამკაულებს ხელს არ კიდებდა, გაეცინებათ და იტყვიან –„აუ, რა სულელი კაცი იყო, რა აშიმშილებდა, ამდენი თუ ჰქონდა, ერთი ოქრო გაეყიდა. ახლა მე მომცა ერთი ეგეთი, რა მაგარ ტელეფონს ვიყიდი, არა, სუპერმანქანას ვიყიდი და მაგრად ვიგრიალებ“. ნუ  შემეკამათებით, ასე იტყვიან.

 

მოუყევით ექვთიმეს თავდადების ისტორია და როცა ამას გაიგებთ საპასუხოდ, უბრალოდ, საინტერესოა როგორ დაარწმუნებთ იმაში, რომ ექვთიმე სულელი სულაც არ იყო. იმიტომ, რომ შეიძლება უკვე თქვენც შეგეპაროთ ეჭვი -იქნებ მართლა უბრალო სულელი შეპყრობილი იყო, რომელიც ჯერ საქართველოს სოფლებში დადიოდა და რაღაც ნაჯღაბნებს და ქვებს აგროვებდა, მერე კი თხას წველიდა პარიზის შემოგარენში, ბოსტანს უვლიდა ერთი კომბოსტოს გახარების მოლოდინში და თან  ნაცისტების რეიდებს აკანკალებული უძლებდა. ამ დროს მის სარდაფში კი „ბეჭდების მბრძანებლის“ გმირებს რომ შეშურდებოდათ, ისეთი საგანძური ინახებოდა. იქნებ, იქნებ…

 

იცით, რომ სულაც არაა გასაკვირი და „მოღალატეობრივი“, ასეთი აზრი თუ გაგიჩნდათ. ეს  თქვენი, უფრო სწორად კი, ჩვენი ბრალი სულაც არ არის. ამ აზრს ძალიან მარტივი და ლოგიკური მიზეზი აქვს.  წლიდან წლამდე ჩვენ ვსაზრდოობთ მატერიალური ფასეულობებით,  ვუყურებთ შოუებს, რომელშიც ვიღაცა რაღაცას იგებს, ვცდილობთ ვიშოვოთ საარსებო წყარო, ღირსეულად გამოვკვებოთ ჩვენი შვილები და ასე შემდეგ. ამავე დროს ახლა საახაწლო–ჩურჩხელ-საცივ-გოჭური პერიოდია დამდგარი, ვილხენთ, რითიც შეგვიძლია, ხელისუფალნიც ცდილობენ მთლად მარტო საკუთარ თავზე მოზრუნენთა იმიჯი გაიქარწყლონ და გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეხმარებიან ფოჩიანი კანფეტებით, ტელევიზორებით, კომპიუტერებით. ისინიც, ვისაც დღეს ქართული კულტურა და განათლება აბარია -მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად უწყობენ ზეიმებს სანტებით და თოვლის ბაბუებით (სასაჩუქრე კალათებითურთ), მედია ამ ყველაფერს აშუქებს ნონ-სტოპ რეჟიმში, ხალხში სუფევს საახალწლო განწყობა, რესტორნებში მიდის ტაშ-ტუშ-ჰარი-ჰარალე და ბოდიში მომითხოვია, მაგრამ რა დროს ექვთიმეა, თაყაიშვილი?

 

ორი დღის წინ ახალი წელი იყო და შეგვარგეო, ვიღაცა მეტყვის, მაგრამ მე მაინც მგონია და ვწუხვარ ამის გამო – ის რომ ბარსელონელი ყოფილიყო და 3 იანვარს ჰქონოდა დაბადების დღე,  დღის გმირი გახდებოდა და რამენაირად საახალწლო განწყობაში ჩააქსოვებდნენ მის სადაბადებისდღეო ღონისძიება/ნიუსებს. ის ბარსელონელი არ იყო, ქართველი იყო და თითქმის ყველას დაავიწყდა. დაავიწყდათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქართული სულისა და კულტურის მცველობა ევალებათ, დაავიწყდა მათ, ვისაც ბავშვებისთვის მხოლოდ ფოჩებიანი კანფეტების მოტანა არ ევალებათ და მათაც, ვისაც მთავარი სანტას კალთაში ჩამოსკუპებული გოგონას სიმღერის ან ტრაგიკული შემთხვევების გაუთავებლად და „გაჭედვამდე“ გაშუქება ჰგონიათ. 

 

შეიძლება ვიღაც ვერ მიხვდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თარიღის და სხვა მსგავსი თარიღების აღნიშვნა და განიუსება? იმიტომ, რომ თუ აღნიშნავ და გააშუქებ, კიდევ ერთ მოქალაქეს/მომავალ თაობას გააგებინებ, რომ მის ქვეყანას ჰყავდა ასეთი საამაყო ადამიანი. ერთხელ ვერ გაიგებს, ვერ გაიზრებს, კიდევ აღნიშნავ, ცოტა მეტად გააკრეატიულებ ღონისძიებას, მედია კიდევ გააშუქებს და ასე ნელ-ნელა მივეჩვევით, ნელ-ნელა ისევ დავიჯერებთ, რომ მარტო ჭამა-სმა-ჩაცმა-გულავი-დროსტარება მთავარი არ არის. დავიჯერებთ ჩვენ და უკვე ამაყად, გულწრფელად ავუხსნით და დავაჯერებთ ჩვენს შვილებსაც, რომლებსაც შეიძლება ექვთიმე უცებ სულელი კაცი ეგონოთ. ეს კი იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ, უბრალოდ, შემოსაზღვრულ ტერიტორიად არ ვიქცეთ და ჩვენი ცხოვრება უბრალო ყოფას არ დაემსგავსოს.

 

…წინ არის 11 აპრილი, ეს ის დღეა, როცა ექვთიმე, რომელსაც პალტოც კი არ ჰქონდა და ამის გამო თვითმფრინავში ჩაჯდომა ესირცხვილებოდა, საქართველოს დაუბრუნდა. უფრო სწორად, ამ დღეს ექვთიმე კი არ დაუბრუნდა საქართველოს, საქართველო დაუბრუნდა მას. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია, დაბრუნებული იქნებ აღარც დავკარგოთ. 

 

პ.ს: ბოლოს კი მისი სიტყვები უნდა მოვიხმო-დამეთანხმებით, რომ წაიკითხავთ, ბევრი კი არაფერი შეცვლილა მასე მერე -„რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი… არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი