ნეტგაზეთი | კაზანტიპი, როგორც ეკლესიის მორიგი მარცხი კაზანტიპი, როგორც ეკლესიის მორიგი მარცხი – Netgazeti

კაზანტიპი, როგორც ეკლესიის მორიგი მარცხი

საქართველოს საპატრიარქო უფრო და უფრო მაოცებს! მაოცებს პოლიტიკური ალღოს რაღაცნაირი დისფუნქციით და თან, იმაზე მეტად, ვიდრე იქამდე, ამ ალღოს შესაშურად გამართული მუშაობის დროს მაოცებდა.

მაგრამ, როგორც გვასწავლიან საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და ქუჩაშიც კი, სამუდამო არაფერია, მათ შორის, არც განუზომელი ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლება, ყოველ შემთხვევაში, მისი სამუდამო კონცენტრაცია ერთი კონკრეტულ ჯგუფში. ეს ისტორიის მარტივი კანონზომიერებაა, ამას გვკარნახობს ყველაზე მარტივი ემპირიული დაკვირვებებიც კი.

 

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სანიმუშო პოლიტიკური და ბიზნეს-ალღოს მქონე უნიფორმიანთა მდიდარი ჯგუფი, გნებავთ, დაჯგუფება, გავლენიანი ინსტიტუცია აღარაა. მათი გავლენა კვლავაც ძლიერია, ბუნებრივია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ბოლო წლებში ეს გავლენა წარმოადგენს არა ორგანულ, ავთენტურ ძლიერებას, რომელიც საზოგადოებრივ პროცესებს ‘ქვემოდან’ მართლა განსაზღვრავს, ან საზოგადოების „დაკვეთას“ პასუხობს, არამედ ჩამოყალიბდა რეაქციონერულ, აგრესიულ ძალად, რომელიც იმასღა ცდილობს, თითქოს არაფრისგან მოსული ნდობა, ფული და გავლენა ისტერიული გამოხდომებითა და აპოკალიპტური სურათების დახატვით შეინარჩუნოს. უფრო მარტივად – ყველა პრიმიტიულ ხერხს მიმართონ პოტენციური კონკურენტების ჩამოსაშორებლად. მოახდინონ ყველას დემონიზაცია, ვინც მათ ბიზნესს უბრალოდ საფრთხეს უქმნის, მრევლის, ასე ვთქვათ, მომხმარებლის, მყიდველის „ახევით“. სხვა დანარჩენი კი, პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების მოწიწება, უბრალო ფორმალობაა, ეტიკეტი, რომელიც „ასე უნდა იყოს“. აბა, გაიხსენეთ, ბოლოს რომელი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გადაწყვეტილება გაუქმდა ეკლესიის ბრძანებით? მოდიფიცირდა, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული და თვითმმართველობის კანონები, მაგრამ ეკლესიის უმაღლესი ეშელონების, მათ შორის თავად პატრიარქის მჭექარე გაფრთხილების მიუხედავად, მოსახდენი მაინც მოხდა.

 

ვის-ვის და ძალაუფლების მპყრობელს ყველაზე მეტად აცოფებს, როდესაც ულტიმატუმი მის სასარგებლოდ არ წყდება. ეს ძალაუფლების დაკარგვის პირველი ნიშნებია, თავადაც იცის და ამიტომ ყოველი შემდგომი დამარცხებისას ახალ ულტიმატუმებს აყენებს, იქნებ სადღაც მაინც გაუვიდეს.

 

თუკი უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, ეკლესიის მონათმფლობელობამდე დასული ბატონობის დაღმასვლა ოთხიოდე წლის წინ რელიგიური კონფესიების სტატუსის შესახებ მიღებული კანონით დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც ანაფორიანთა ძალაუფლება პიკშია, ისინი თავს უნიკალურ, ერთადერთ, პრივილეგირებულთა შორის ყველაზე პრივილეგირებულ ფენად განიხილავენ და ამ დროს, ბრახ! იგებენ, რომ იურიდიული სტატუსით მათზე დაბლა მდგომი სხვა რელიგიური კონფესიები უტოლდებიან, მინიმუმ, იურიდიულადვე. იწყება აპოკალიპტური სურათის დახატვა, თუ როგორ ცდილობს „ანტიეკლესიური ხელისუფლება“, „იეღოველებისა“ და „მასონების“ ჯგუფი, ძირი გამოუთხაროს ქართულ ეკლესიას, რომელიც თავის მხრივ, მათივე მითოსური ნარატივებით, ქართული სახელმწიფოებრიობის საუკუნოვანი, ისტორიული გარანტი ყოფილა(შეგახსენებთ, იმ სახელმწიფოებრიობის, რომელიც ფაქტობრივად, არც არასდროს გვქონია და ოც წელზე ოდნავ მეტს თუ მოითვლის).

 

ზუსტად ორ დღეში ეკლესია ახერხებს გაგანია ზაფხულში, ნახევრად დაცლილ ქალაქში 50.000-მდე ‘მებრძოლი’ გამოიყვანოს. ‘ჯარის’ რაოდენობა შთამბეჭდავია, მოლოდინი – უტყუარი, რომ ეკლესია გაიმარჯვებს და კანონი ჩავარდება, მაგრამ ისმის მეორე ბრახ! და კანონი გავიდა. უახლეს ისტორიაში პირველად თავად ეკლესიაც, მრევლიცა და მათ მიმართ კრიტიკულად თუ ინდიფერენტულად განწყობილი საზოგადოებაც პირდაღებულნი დავრჩით ეკლესიის დამარცხებით და ჩემი დაკვირვებით, რყევებიც სწორედ აქ დაიწყო. მახსოვს სოციალური კვლევები, რომელიც უკვე შემოდგომაზე ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებლის კლებას გვაუწყებდნენ. მცირედით, მაგრამ მაინც კლებას. მდაა – გავიფიქრე მეც.

 

უკვე შელახულ, საყოველთაოდ ძლიერის იმიჯს რეაბილიტაცია სჭირდებოდა. მცირედით დემორალიზებულ მრევლს – რეინტეგრაცია. ამისთვის კი რაა უკეთესი (თუმცა ყველაზე პრიმიტიული) გამოსავალი, თუ არა ჯგუფის დარაზმვა საერთო, თუნდაც ფიქციური მტრის წინააღმდეგ? მახსოვს, სწორედ ამ დამარცხებიდან იწყება ეკლესიის მიერ „ახალი“ მტრის, ჰომოსექსუალების შესახებ მითოლოგიის რეინვენცია. ჰომოფობიური ნარატივები ქადაგებების ლამის ყოველდღიურ ლაიტმოტივად იქცა არა მხოლოდ „რიგითების“, არამედ თავად „მთავარსარდლის“ – პატრიარქის ქადაგებებში. ძლიერთან დამარცხებულმა ძალაუფლების მპყრობელმა სუსტი, ისედაც მარგინალიზებული განტევების ვაცი იპოვნა, რომელზეც პოტენციურად ადვილად გაიმარჯვებდა. ეს პროცესი კი ქვეყანაში უკვე ახლად ამობიბინებული ლგბტ მოძრაობის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარების ფონზე მიმდინარეობდა(შეგახსენებთ, შარშანდელ ავბედით 17 მაისამდე ლგბტ აქტივისტებმა სამი საჯარო აქცია მოვაწყვეთ დაურბევლად, 2012 წლის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე და შიდსთან ბრძოლის დღე – სამივე აქცია საჯარო ადგილებში, ლგბტ სიმბოლიკით, დროშებით, მუსიკითა და უშფოთველი სახეებით).

 

თუმცა ხელისუფლების ცვლილებამ „ანტიმართლმადიდებლურ“, „მასონთა“ ხელისუფლებაზე გამარჯვებამ იქამდე მარგინალური ფაშისტური ელემენტების (კრებსითი ძიძიგურისა და ჯაჭვლიანის) თავად ხელისუფლებაში გადაბარგებამ, ათასობით გამწარებული პატიმრის ღია ცის ქვეშ გამოჩენამ თავისი ქნა, 2013 წლის 17 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური დარბევით დაგვირგვინდა.

 

1:1 – გაიფიქრა მოკლევადიან პერსპექტივაში გამარჯვებულმა ეკლესიამ, ისე, რომ, მგონი, ვერც კი მიხვდა, როგორ აფეთქდა საკუთარ ნაღმზე. 17 მაისი მთელი შემდგომი პერიოდის სოციო-პოლიტიკური მოვლენების კატალიზატორად იქცა, ლგბტ თემის, როგორც ძალადობის მსხვერპლი ჯგუფის, ხოლო ჰომოფობიის, როგორც სერიოზული პრობლემის შესახებ დისკუსიებმა იფეთქა ყველგან. იფეთქა ეკლესიის მიმართ კრიტიკამაც და დღემდე, ახლა უკვე ჰომოფობიის გამო კარიერადანგრეული თამარ ივერის გარდა, არ მახსენდება თითქმის არც ერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი, ვინც საჯაროდ არ დაგმო 17 მაისის ძალადობა(რა თქმა უნდა, ტელეკომპანია „ობიექტივის“ სტუმრებსა და წამყვანებს არ ვგულისხმობ). ასე რომ, ეკლესიამ ერთდროულად იმარჯვა, მაგრამ მაინც დამარცხდა.

 

შემდეგ იყო ფრაგმენტული ანტიმუსლიმური აფეთქებები სხვადასხვა სოფლებში, ჩამოხსნილი და ბოლოს მაინც უკან დაბრუნებული მინარეთი და შემდეგ ისევ დიდი საჯილდაო ქვა – ანტიდისკრიმინაციული კანონი და კარს მომდგარი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება.

 

17 მაისიდან თითქმის ერთი წლისთავზე ეკლესიამ კვლავ ყველა რესურსი მოიხმო ძალაუფლების სადემონსტრაციოდ: მათ გვერდში დადგნენ მდიდარი, ჩოხიანი ბიზნესმენები (ლევან ვასაძე), არცთუ ურეიტინგო პოლიტიკოსები (ნინო ბურჯანაძე), მთელი პრორუსული ელიტა და პარტიზანი-მილიტარისტებიც კი (თენგიზ კიტოვანი). ბოლოს და ბოლოს, ‘ჯარს’ სათავეში თავად ‘მთავრსარდალი’ ჩაუდგა – პატრიარქი, რომელმაც მკაცრად მოსთხოვა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შეწყვეტა და მაინც, სამწუხარო მოდიფიკაციების შემდეგ, კანონი დამტკიცდა, ხოლო ეკლესიის მთელი ხმაური და დაძაბული კუნთების დემონსტრაცია 17 მაისს, „ოჯახის სიწმინდის“ დღის სახელით ჩატარებულ მცირე აქციადღა ითარგმნა, რომელზეც, პატრიარქის საყოველთაო მოწოდების მიუხედავად, ათასამდე ადამიანი ძლივსღა შეიკრიბა.

 

ეკლესია კვლავ დამარცხდა, ამჯერად არა რიგით, არამედ, მნიშვნელოვან ბრძოლაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ დამარცხებისგან მიღებული ტრავმების სანაცვლოდ მათ სერიოზული ფინანსური დივიდენდებიც შეხვედროდათ. ასობით ჰექტარ მიწებს ისინი კვლავაც სიმბოლურ ფასად იღებენ, მაგრამ ამ პერიოდში მათ მთავარი ძალა – მებრძოლი მრევლი დაკარგეს, მისი დიდი ნაწილი მაინც. რა თქმა უნდა, მცხეთიდან ჩამოსვენებული ძვლების სანახავად მთელი საქართველო დარაზმეს და არც სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე გაუჭირდებათ ქუჩების გავსება, მაგრამ თავადაც ხომ იციან, „მებრძოლი ეკლესიის“ ძალას აზრი არ აქვს „მებრძოლი რაზმის გარეშე“. ხელისუფლების გულგრილი სოციალური პოლიტიკისგან ფრუსტრირებულ, დაუსაქმებელ და ღვთის ანაბარადღა დარჩენილ მრევლზე გაყიდული სანთლებიდან მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ ხურდებია მათ პოლიტიკურ ყულაბაში, რომელიც დღითიდღე ცარიელდება.

 

ყველა ძალაუფლების დასასრულს წინ აგონია სდევს – პროცესი, როდესაც მომაკვდავი უბრალოდ არაადეკვატური ხდება, ალღო ღალატობს, ყნოსავს წერტილს და უკონტროლოდ ცდილობს, გადარჩენისთვის ყველა შესაძლო ხავსს თუ ქვას მოეჭიდოს. სწორედ ასეთი ხავსი აღმოჩნდა ეკლესიისთვის კაზანტიპი – ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი, რომელზეც ათიათასობით გართობის მოყვარული დღეს, 20 აგვისტოს, როგორც თავად ეკლესიაში ამბობენ, გაგანია მარიამობის მარხვაში დაიძრა. განსხვავებით 17 მაისისგან, როდესაც ანაფორიანები უბრალოდ ისედაც დაუცველ და მარგინალიზებულ ჯგუფს დაუპირისპირდნენ, კაზანტიპთან დაპირისპირებაში მათ ძირეული შეცდომა დაუშვეს: საკუთარი მრევლის მებრძოლი და ფულიანი ნაწილი გადაიმტერეს, სწორედ ის, პატრიარქალურად მოაზროვნე, კუნთმაგარი, სლავი „ნაშობის“ მოყვარული და ხშირად, ჰომოფობი ბაბულიკები, რომლებიც იქამდე მყარად ჰყავდათ გამოკეტილი საკუთარ კელიებსა და ტაძრებში.

 

გარდა უბრალოდ არაერთგზის დამარცხებულის მიერ ძალაუფლების სადემონსტრაციო ახალი მიზეზისა, კაზანტიპს აქვს სხვა საფრთხე, რომელიც ამ შემთხვევაში სწორად იყნოსეს ანაფორიანებმა. განმანათლებლობიდან მოყოლებული, საზოგადოების ემანსიპაციასა და მკაცრი, რეპრესორული რელიგიური თუ სოციალური კონსტრუქტებისგან გათავისუფლებაში უდიდესი როლი სწორედ მე-20 საუკუნის მუსიკალურ მოძრაობებს აკისრიათ. სწორედ ამ დროს, 50-60-იან წლებში გიგანტურ სტადიონებზე, მინდვრებსა და ფერმებში ადამიანებმა ერთად შეკრება დაიწყეს. არა ასობით, არამედ ათასობით და ასიათასობით ადამიანი ერთად იკრიბებოდა ფესტივალებზე, ჰქონდათ საერთო სიხარული, თავისუფლება და აღწევდნენ ერთგვარ ჯგუფურ ტრანსცენდენტულ, ზებუნებრივ ნეტარებას, ერთ ხმად ქცეულნი (გაიხსენეთ ასიათასობით ადამიანის ერთობლივი ტაში, ჰაერში აღმართული ხელები, ყვირილი და გაბრწყინებული სახე ნებისმიერი ფესტივალისა თუ დიდი კონცერტის ვიდეო-ჩანაწერებიდან, ან, საკუთარი ცოცხალი მეხსიერებიდან).

 

ასე რომ, თუ ვთანხმდებით, რომ ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ადამიანებისთვის საერთო ჯგუფური ნეტარების მიღწევა იყო მათთვის დამახასიათებელი, მკაცრად გაწერილი რიტუალებით და თუ იმაშიც ვთანხმდებით, რომ ადამიანებისთვის, როგორც სოციალური არსებებისთვის ჯგუფთან კუთვნილება და მათთან ერთად სიხარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძნელი გასაგები აღარ იქნება, რატომ შეიძლება ეშინოდეს ეკლესიას და ნებისმიერ ჰომოგენურ, კონტროლირებად ჯგუფზე დაფუძნებულ ინსტიტუციას ადამიანების სხვაგან შეკრებისა და თავისუფლების, იქნება ეს თამამი ჰომოსექსუალებისა და მათი მხარდამჭერების სიამაყის საჯარო აქცია თუ უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი (გაიხსენეთ, როგორ ებრძოდა საბჭოთა კავშირი მე-20 საუკუნის დასავლურ მუსიკალურ მოძრაობებს).

 

ასეთი შეკრებები ეკლესიის მიერ კონტროლირებადი სივრცის გარეთ ხდება. ასეთ შეკრებებზე ძალაუფლების მპყრობელნი კონტროლს კარგავენ და მათთან ერთად – მრევლს – მათ პოტენციურ მყიდველს, რადგან სწორედ მაშინ, როცა ადამიანი ერთხელ მაინც იყნოსავს დამოუკიდებლად მოქმედების ბედნიერებას, მისთვის კონტროლი და რეპრესია მინიმუმ სასაცილო, მაქსიმუმ კი მოსაშორებელ ბოროტებად დაისახება. ეს, რა თქმა უნდა კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც გამოვლენილი აგრესიის წყალობით მთელი ზაფხულის განმავლობაში კაზანტიპი ტოპ-ჰედლაინად აქციეს და ფესტივალს, რომლის რეკლამა ტელევიზორშიც კი არ გადის, არნახული პოპულარობა მოუტანეს, თავისდაუნებურად.

 

ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. საქართველოს ეკლესია, რომელმაც ბოლო ათწლეულში არ დატოვა სოციალური ჯგუფი, რომელიც ლამის დემონად არ შერაცხა (ჰომოსექსუალები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები, პოლიტიკოსები, ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილები და მშობლები, საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები, სასწავლებლად წასული სტუდენტები და მუსიკალური ფესტივალების მოყვარულებიც კი), თანდათან არაადეკვატურ, სულთმობრძავ სხეულად ყალიბდება, რომლისთვისაც გადარჩენის ხელის გაწოდების მსურველთა რიცხვი თანდათან იკლებს. ამ ინსტიტუციის ფინანსურ ძლიერებას, დაგროვილი დივიდენდების წყალობით, საფრთხე სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი არ ემუქრება, მაგრამ პოლიტიკური და მეტიც, ფიზიკური ძალაუფლება – ის, რაზეც აქამდე საპატრიარქოს ძალა ფიზიკურად იდგა, დაღმასვლას განიცდის. პარადოქსია, რომ მათი 17 მაისის გამარჯვება მათივე დამარცხების ბიძგად იქცა.

 

ჩვენ ამის დათვლაც კი შეგვიძლია. ბოლო ხუთიოდე წელიწადში საპატრიარქოსა და თავად პატრიარქის მიერ ქუჩაში საბრძოლოდ მობილიზებული ადამიანების რაოდენობა 50.000-დან ჯერ შარშან, 17 მაისს 40.000-მდე შემცირდა, შემდეგ, უკვე წლევანდელ 17 მაისს, 1000-მდე, ხოლო დღეს, მათ მიერ ახალ აპოკალიფსად მიჩნეული კაზანტიპის დაწყების დღეს გამართული გადამწყვეტი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ასიოდე ადამიანს ძლივს ითვლიდა.

 

ვერ ვიტყვი, რომ კაზანტიპი პანაცეაა, რომ ის მთავარი კატალიზატორი გახდა. თუკი რამემ გაფუფუნებული, ძალაუფლების მოყვარულ მდიდართა შავანაფორიანი ფენის იმიჯი შეარყია, ეს პერმანენტული პროტესტი, დისკუსია და კრიტიკაა, რაც მათ შემზარავ ქმედებებს წლების მანძილზე სდევდა თან. უბრალოდ, რაც კაზანტიპს სხვა წინა შემთხვევებისგან განასხვავებს, ისაა, რომ ყველაზე მკაცრად პატრიარქალური ინსტიტუცია თავად პატრიარქატის მთავარ, ურყევ, მედგარ სიმბოლოს – ერეგირებულ ფალოსს შეეჯახა. საკუთარ ფალოსს, რომელსაც ვერაფერს უხერხებენ ეკლესიის მებრძოლი ჯარისკაცები, როცა საქმე ათიათასობით სლავ „ნაშობას“ ეხება.

 

და ერთიც, არ დაგვავიწყდეს, სრულიად ვიზიარებ ჩემი მეგობრების მოსაზრებას და საკუთარ დაკვირვებას, რომ კონფორმისტ, დღენიადაგ ძლიერთან მდგომ და სუსტის მჩაგვრელ საზოგადოებას რა-რა, და დამარცხებულთან დგომა ყველაზე მეტად არ უყვარს.

 

კაზანტიპის „სახელმწიფოს“ კარი სულ ერთ საათში საზეიმოდ გაიხსნება და ათასობით მუსიკისა და გართობის მოყვარულ ადამიანს გულთბილად ჩაიხუტებს. ძალაუფლებაშერყეული შავანაფორიანები კი, ალბათ, გამწარებული, დაბოღმილი სახეებით დასხდებიან საკუთარ კელიებში, მუშტებსა და ტუჩებს სიმწრისკან მოკუმავენ და წარმოიდგენენ, ზუსტად ამ დროს, როგორ ერთობა მათი პოტენციური თუ ყოფილი მყიდველი იქ, სადაც ანაროფიანთა ღრიალის, სიძულვილის, დარბევისა და ჩაგვრის ნაცვლად, ბედნიერების, სიხარულისა და დღესასწაულის ხმები ისმის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი კიკონიშვილი