კომენტარი

WOW სიგნალი და 17 მაისის სიგნალი

23 ოქტომბერი, 2015 • • 2072
WOW სიგნალი და 17 მაისის სიგნალი

SETI – Search for Extraterrestrial Intelligence – არამიწიერი გონიერი ცივილიზაციის ძებნის პროგრამა გასულ საუკუნეში შეიქმნა. ამ პროგრამის ფარგლებში მეცნიერები უამრავი გზით ცდილობენ, ზემძლავრი რადიოტელესკოპით უსმინონ ცას და დაიჭირონ არამიწიერი რადიოსიგნალი. თუკი სადმე შორს, კოსმოსში, არსებობს გონიერი ცივილიზაცია, რომელიც ტექნოლოგიური განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ასეთი სიგნალის შექმნა და გამოგზავნა შეძლო, ჩვენ ამ სიგნალს მივიღებთ. ფაქტობრივად მივიღებთ მესიჯს უცხოპლანეტელებისგან, გავიგებთ არამიწიერი არსებების ხმას!

 

1977 წლის 15 აგვისტოს ოჰაიოს უნივერსიტეტის ამ ზემძლავრმა რადიოტელესკოპმა სიგნალი მიიღო. გაურკვეველი წარმომავლობის მესიჯი, რომელიც 72 წამს გრძელდებოდა, დიდხანს იკვლიეს, რათა გაუგებრობები გამოერიცხათ. კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მიღებული სიგნალი არ წარმოადგენდა არც რაიმე არეკლილ ხმას დედამიწიდან, არც რომელიმე კოსმოსურ მოვლენას და ა.შ. სიგნალი საგიტარიუსის თანავარსკვლავედიდან მოდიოდა. ჩვენ არ ვიცით მისი გამომგზავნის ვინაობა, მაგრამ დიდი ალბათობით, 1977 წლის 15 აგვისტოს ადამიანებმა სხვა, არამიწიერი ცივილიზაციის ხმა გავიგეთ. გაოგნებულმა მეცნიერმა ფურცელზე გადმოტანილ ახლად მიღებულ ჩანაწერს WOW! მიაწერა და აქედან გაჩნდა სახელწოდებაც – WOW Signal.

 

რა სიმწრისმომგვრელად ირონიულია იმაზე ფიქრი, რომ თანამედროვე ადამიანს შეუძლია ათიათასობით სინათლის წლით დაშორებული ცივილიზაციის ხმას უფრო უსმინოს, ვიდრე აქ და ახლა, მის გვერდით მცხოვრები ადამიანების განწირულ ხმას. ხმას, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ბრბოში მოყოლილი ავტობუსის შიგნით ისმოდა. ხმა, რომელმაც ავტობუსს ვერ გამოაღწია ორი წლის შემდეგაც კი და დარჩა ხმად მღაღადებლისა ავტობუსსა შინა. 

 

დღეს, 2015 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებული მოძალადე მღვდლები, რომლებიც ათიათასობით თანამოაზრესთან ერთად მოსაკლავად მოგვსდევდნენ, უდანაშაულოდ სცნო. უდანაშაულოდ სცნო ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კამერების წინ ჩადიოდნენ დანაშაულს, ძალადობდნენ, დარბოდნენ ტაბურეტკებით და ამტვრევდნენ ყველას და ყველაფერს. ეს თარიღი დავიმახსოვროთ. ეს თარიღი ისტორიულია. ამ დღეს სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ის ბრმაა, ავადაა. მისი სამართალი, მისი კულტურული სივრცე გამრუდდა, კიდევ უფრო დამახინჯდა. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფომ უარყო ყველა ადამიანური შეთანხმება, რაც კაცობრიობას შეუდგენია. უარყო თავად ადამიანი, ხოლო ერთი ჩვეულებრივი საოჯახო ავეჯი – ტაბურეტკა, ლეგიტიმური ძალადობის სიმბოლურ და პირდაპირ ინსტრუმენტად სცნო.

 

ოფიციალურად, დღეიდან ჩვენ ყველას შეგვიძლია ხელში ავიღოთ ავეჯის ეს პატარა სახეობა, გავვარდეთ გარეთ, შევვარდეთ სასამართლოში, დავლეწოთ სასამართლო დარბაზი, გავუტეხოთ თავი მოსამართლეს, დავლეწოთ სამთავრობო შენობები და მის შიგნით მოთავსებული “დაცული მოქალაქეები”. დავლეწოთ პოლიციის მანქანები, პოლიციელები. დავლეწოთ ეკლესიები, მღვდლები, ბანკები… დავლეწოთ კამერების წინ ისე, რომ ორი წლის შემდეგ, თუკი სასამართლო თანმიმდევრული აღმოჩნდება, ჩვენზე გამამართლებელი განაჩენი გამოვა. არაოფიციალურად კი ამის უფლება მხოლოდ შავკაბიან, წვერებიან ავაზაკებს აქვთ და, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსუალებსა და მათ მხარდამჭერებზე ძალადობენ.

 

იქ, სადაც ძალადობა ერთხელ მაინც ხდება ლეგიტიმური და, შესაბამისად, დაუსჯელი, თუნდაც ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, ძალადობა ხდება საყოველთაო. მისი დამანგრეველი ძალა მოიცავს ყველას და ყველაფერს. ეს მოსაზრება იმდენად ცხადი და ბანალურია, რომ მისი მტკიცებულებები ყოველდღე, ყოველ წამს, ყოველ ადამიანზე ჩნდება ხილული. ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვისაც აქვს სმენის, მხედველობისა და ყნოსვის ორგანოები. 

 

დამნაშავე მოძალადეთა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც დღეს გამოიტანა საქართველოს სასამართლომ, განაჩენია მთლიანად ამ სახელმწიფოსთვის. განაჩენი, რომელიც ცხადზე-ცხადად კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ საქართველოს სახელმწიფო სინამდვილეში არ არსებობს, რაკიღა შეუძლებელია სახელმწიფო არსებობდეს იქ, სადაც ადამიანზე ძალადობა ლეგიტიმურია. მეტიც, ადამიანთა კონკრეტული ჯგუფები საერთოდ არ ითვლებიან ადამიანებად. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნურც პატიმრების გაუპატიურება გაგიკვირდებათ, ნურც მონად ქცეული მუშების კვნესა, ნურც ცემისგან დაღლილი ბავშვის ტირილი, ნურც ნაჯახით აჩეხილი ცოლის საბოლოო ამოსუნთქვა, ნურც მარიხუანის მოწევის გამო რამდენიმეწლიანი ციხე, დეპუტატების ცემა, მოსამართლის სახლისკენ გასროლილი კვერცხები, გატეხილი თავები, წითლად შეღებილი შენობები.

 

ჩემი თხოვნაა, ნუ დავაღებთ გაკვირვებულ პირს ნებისმიერი ძალადობის ხილვა-მოსმენისას. სადაც ძალადობა ლეგიტიმურია, იქ ადამიანთა განწირული კვნესა და ყვირილი  – ყრუა, არ ისმის და ეს სიყრუე, საბოლოო ჯამში, თავად სახელმწიფოს, ანუ ჩვენ ყველას ერთად მოგვიბრუნდება ბუმერანგივით. 

 

სხვანაირად, თუკი რამის შეცვლა, თუკი ერთმანეთის ადამიანებად ცნობა და არა ძალადობის, არამედ ადამიანობის ლეგიტიმაცია გვსურს, მოგვიწევს თვალები, ყნოსვა და პირველ რიგში სმენა გავავარჯიშოთ. არამიწიერი ცივილიზაციების მოსმენამდე, მარსსა და პლუტონზე უცხოპლანეტელთა გონიერი ცივილიზაციების ძებნამდე საკუთარი ცივილიზაციის ხმებს ვუსმინოთ, ჩავიწეროთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება და თუკი ეს ხმა ჩვენს გონებამდე მოაღწევს, სიგნალი ფურცელზე გადმოვიტანოთ და დიდი ასოებით მივაწეროთ “WOW”.

 

ამჯერად ერთ სიგნალს გთავაზობთ, რომელიც 2013 წლის 17 მაისს გამოიგზავნა ბრბოში მოქცეული ავტობუსიდან. ჩავრთოთ, დავძაბოთ სმენა და თუკი რამეს შემაძრწუნებელს აღმოვაჩენთ, ეს სიგნალი, თავისი დანართებით, გავუგზავნოთ საქართველოს სახელმწიფოს მოსამართლეებს, გავუგზავნოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვაიძულოთ, ყურები ჯერ საკუთარი ცივილიზაციის ხმებზე ავარჯიშონ, სანამ ყველას ცალ-ცალკე მოგვიწია ასეთი WOW სიგნალების გაშვება.

 

ყველაზე მეტად კი ამ ხმებზე ყური თავად ჰომოსექსუალებმა ავარჯიშეთ. განსაკუთრებით მათ, ვინც მსახურობთ, დადიხართ ან რამენაირი ფორმით შეხება გაქვთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მათ, ვინც ხშირ შემთხვევაში თავად ხართ ყველაზე აგრესიული ჰომოფობები, უკეთეს შემთხვევაში კი ჩუმად ჯდომას და სასიძოების სტატუსით საუბარს ამჯობინებთ, რითიც თავად კვებავთ ჰომოფობიისა და ადამიანთმოძულეობის ამ ურჩხულს. 

 

 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი