კომენტარი

ტყიბული – ბრძოლა თავისუფლებისთვის!

26 თებერვალი, 2016 • 4447
ტყიბული – ბრძოლა თავისუფლებისთვის!

ვილაპარაკოთ ძალიან მოკლედ, კონკრეტულად და მოურიდებლად.

კაცობრიობის ყველანაირი მიღწევა – ხელოვნების ყველაზე დიადი ნიმუშები, კოსმოსში გაჭრა, გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა, გიგანტური ნაგებობები, საუკეთესო ფილოსოფიური იდეები – აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს იმ სამყაროში, სადაც ამ მიღწევების შემოქმედს,  ადამიანს, ვერ მოუხერხებია, რომ თავისი წარმომადგენლებიც კი მისივე მიზეზით აბსურდში არ იხოცებოდნენ.

კაცობრიობამ ტრაკში გაიკეთოს ყველანაირი მიღწევა იქ, სადაც პლანეტის მოსახლეობის 1% ფლობს იმაზე მეტ ქონებას, ვიდრე დანარჩენი 99% ერთად აღებული. კაცობრიობის მიერ დოვლათის გადანაწილების ეს მაჩვენებელი მტვრად აქცევს და აბსურდში აგორავებს ყველა ინდიკატორს, რომლითაც ადამიანები ადამიანობით ვამაყობთ.

მტვრის ფასი აქვს ნებისმიერ ცვლილებას, რაც აქვე, ჩვენს ქვეყანაში ხდება მანამ, სანამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არაადამიანურ – ხაზს ვუსვამ – არაადამიანურ პირობებში მუშაობს. პირობებში, რომელიც უკეთეს შემთხვევაში შიმშილით, დანგრეული ჯანმრთელობითა და განადგურებული ფსიქიკით, ნელი სიკვდილის წინაპირობაა. უარეს შემთხვევაში კი, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობის გამო – მომენტალური სიკვდილის, რომელსაც კულტურულად “საწარმოო ტრავმას” უწოდებენ ხოლმე.

ბოლო დღეებში ტყიბულში მასშტაბური გაფიცვა დაიწყო. ამ მასშტაბის დამოუკიდებელი გაფიცვა ადამიანის ფუნდამენტური შრომითი უფლებების დასაცავად ბოლო დროს უპრეცედენტოა საქართველოსთვის. ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ათიათასობით ადამიანის მიმართ სახელმწიფოს, ეკონომიკური ელიტისა და საზოგადოების ტოტალურმა, დამანგრეველმა გულგრილობამ გადაულახავ ზღვარსაც კი გადააჭარბა. მუშების საარსებო (თუ სასიკვდილო?) პირობები მივიდა იმ ზღვრამდე, რომლის იქითაც ადამიანებს აღარაფერი აქვთ დასაკარგი, მაშასადამე, ყველაფერზე არიან წამსვლელნი, მაგალითად, მინიმუმ დამსაქმებლის ადმინისტრაციულ შენობაში შტურმით შეიჭრან.

და აი, აქ, ამ მოლოდინში, რომ იქნებ ახლა მაინც შეიბერტყოს ვინმემ ყური, კერძო დამსაქმებლის გულგრილობის ფონზე სახელმწიფო დგამს ზუსტად იმ ნაბიჯს, რომლითაც უკანასკნელთა შორის უკანასკნელი წითელი ხაზიც კი თავად გადაკვეთა – ფიზიკური ძალით შლის გაფიცვას, ახდენს უკვე არაადამიანად მიჩნეულ გაფიცულთა დემონიზებას, უწოდებს მათ “ლოთებს”, “ვანდალებს”, “აგრესორებს”.

კერძო კომპანიის დუმილი, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ შენობიდან აქციის მონაწილეთა გამოყრა, მფლობელებისა და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენია. თუკი აქამდე გაფიცულთა შრომით ყოფაში სახელმწიფოს დამსახურება იმით შემოისაზღვრებოდა, რომ ის ფაქტობრივად დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ მონობას აკანონებდა, ახლა მონობის გაპროტესტების, ანუ უკანასკნელი უფლების გამოყენების შანსის წართმევა მმართველის პირდაპირი მესიჯია: მონა ვერასდროს გახდება თავისუფალი. ის ან კეთილს ინებებს და შეეგუება მონობას, ან – მოკვდება, ხან ნელ-ნელა, ხან მომენტალურად, “საწარმოო ტრავმით”. მონობასა და სიკვდილს შორის კი არჩევანი არ არსებობს, ვერ იარსებებს, რადგან ერთი თავის თავშივე მოიცავს მეორეს. მარტივად, კონკრეტულად და მოურიდებლად რომ ვთქვათ, სახელმწიფო, სადაც ადამიანებს აიძულებელ მონობასა და სიკვდილს შორის არჩევანის გაკეთებას – მკვლელია!

მკვლელის პირისპირ შერჩენილ მსხვერპლს ერთადერთი რამ უშველის – სრული სამოქალაქო სოლიდარობა და მობილიზაცია. ბოლოს და ბოლოს, პირველყოფილ ადამიანთა ქაოტური ჯგუფები საზოგადოებად სწორედ ამან აქცია – საერთო მკვლელისგან, მაგალითად, მხეცისგან ერთობლივად თავდაცვის ინსტიქტმა. ერთი მგელი ერთ ადამიანს შეჭამს, მაგრამ ათს – ვერა.

ამ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება-განხორციელებამდე შეგვიძლია უთავბოლოოდ ვიბოდიალოთ კანტიკუნტად, ქაოტურ ჯგუფებად. ამით საშუალებას მივცემთ ყველა ახალ მეფეს, (რომლებიც, როგორც წესი, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან) რომ ერთმანეთზე უარესად დატკბნენ ამ მონათმფლობელობით.

დატკბნენ მანამ, სანამ საერთო მკვლელის წინააღმდეგ მობილიზაციას არ გამოვაცხადებთ, მათ შემოთავაზებულ არჩევანს – “მონობა ან სიკვდილი”, ზედ დიდი ასოებით არ გადავაწერთ: “თავისუფლება!”.

ტყიბულის გაფიცვა დღეს, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სწორედ ესაა – ბრძოლა ადამიანად ყოფნისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის!

მასალების გადაბეჭდვის წესი