კომენტარი

შენ მარტო არ ხარ – აივ ინფექცია არ კლავს, დეპრესია კლავს!

12 აგვისტო, 2014 • • 3001
შენ მარტო არ ხარ – აივ ინფექცია არ კლავს, დეპრესია კლავს!

აქამდე ვერასდროს მოვახერხე დაჯდომა და ჩემი ფიქრების ისე ორგანიზება, რომ ბლოგად მექცია. ახლახან წავიკითხე “ნეტგაზეთზე” ბლოგი, სადაც 25 წლის ანონიმური ავტორი წერდა საკუთარი თავის შესახებ და სწორედ მისმა ამბავმა მომცა სტიმული, რომ შევუერთდე ამ ინიციატივას და მას და სხვა ინფიცირებულებულ ადამიანებსაც გავაგებინო, რომ ისინი მარტო არ არიან.

 

მე ჩემი ისტორიის მოყოლას ვაპირებ, რომელიც წმინდად ადამიანური ტრაგედიაა. ზუსტად ერთი წლის წინ ერთი ადამიანი შემიყვარდა. ჩემი მის მიმართ სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ მის გამო ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი. ერთი წლის მანძილზე ერთად ვცხოვრობდით. ყველაფერი საერთო გვქონდა, ოჯახური ბიუჯეტიც კი.

 

ერთად ყოფნიდან რამდენიმე თვეში მის ნივთებში ფურცელს გადავაწყდი, რომელზეც ეწერა CD4 – 320 და ვირუსი 34 000. შიდსის შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მქონდა და ვიცოდი, რომ CD4 ადამიანის იმუნიტეტთან იყო კავშირში. პირველივე კითხვაზე უარყოფითი პასუხი მივიღე და ჩემმა პარტნიორმა მითხრა, რომ ეს ფურცელი მას არ ეკუთვნოდა. შემომთავაზა, თუ გინდა ერთად გადავიმოწმოთ თავიო. მე, რა თქმა უნდა, უარვყავი და ვუთხარი, რომ საყვარელი ადამიანისგან მსგავს რამეს არც ველოდი.

 

რამდენიმე თვის შემდეგ მის უჯრაში წამალიც ვიპოვე. Efavirenz, ასე ჰქვია ანტირეტროვირუსულ პრეპარატს, რომლითაც აივ ინფექციას ებრძვიან. ჩემმა პარტნიორმა ესეც უარყო და მის მიმართ უნდობლობაში დამადანაშაულა.

 

ამის შემდეგ დიდხანს და ბედნიერად აღარ გვიცხოვრია, რადგან ერთ დილით ჩემმა პარტნიორმა გამომიცხადა, რომ მას მონოგამია მობეზრდა. ჩვენ დავშორდით. მე იმ დღისითვე ერთ-ერთ ორგანიზაციში წავედი ანალიზების გასაკეთებლად. პასუხი იყო, რომ 10 დღეში გადაგვემოწმებინა (ლაკმუსის ფურცელი არ შეიღება). მაშინვე გამახსენდა, რომ ასე იმ ადამიანებს ეუბნებოდნენ, ვინც საეჭვოდ აივ დადებითები იყვნენ.

 

განმეორებითი ანალიზის გაკეთება ერთი თვის შემდეგ შევძელი. ეს დღე არასდროს დამავიწყდება. ერთ პატარა ოთახში ზიხარ, კარგად ნაცნობ ექიმთან ერთად, რომელიც გეუბნება: “ყველაზე მეტად შენთვის არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ პასუხი დადებითია! ახლავე შიდსის ცენტრში უნდა წავიდეთ და გადავამოწმოთ! 2% არის იმის ალბათობა, რომ უარყოფითი იყო!”

 

პირველი შეგრძნება რაც იყო, ხელების მოძრაობა აღარ შემეძლო და ვიგრძენი, მუცელი და მუხლები როგორ ამეწვა ერთდროულად. წყალი მომიტანა ექიმმა და დამშვიდება დამიწყო, რომ არ მოვკვდებოდი და მკურნალობა არსებობს. მისი სიტყვები არ მესმოდა და ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე პირველად ვიგრძენი სიმარტოვე და უსუსურობა. ეს იყო ჩემი პირველი დაპირისპირება კლინიკის ძალაუფლებასთან, რომელიც გიდგენს ბედს!

 

იმ დღისითვე დავუკავშირდი ჩემს პარტნიორს, შევხვდი და ვუთხარი, რომ თვითონაც სასწრაფოდ შემოწმებულიყო. მისმა რეაქციამ გამაკვირვა, რადგან ძალიანაც არ განუცდია, თითქოს ჩემზე უფრო წუხდა, ვიდრე იმაზე, რომ თვითონ შეიძლებოდა ეს დაავადება ჰქონოდა. ექიმთან წასვლაზე მითხრა, რომ ახლა არ ეცალა, გამოცდები ჰქონდა და რამდენიმე დღეში მივიდოდა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დავურეკე და მოვიკითხე, მისი ყველა პასუხი დამაბნევლად და აბსურდულად მეჩვენა – ვერ იხსენებდა ექიმის სახელს, ვერ იხსენებდა, რა ანალიზები გაუკეთეს და ა.შ.

 

რამდენიმე კვირის შემდეგ შევხვდი და ვუთხარი, რომ სარჩელის შეტანას ვაპირებდი, რადგან ეჭვი მქონდა, რომ შეგნებულად გადამდო ეს დაავადება. მხოლოდ ამის შემდეგ გამოტყდა და მითხრა, რომ ჩემთან ურთიერთობამდე თითქმის ერთი წლით ადრე იცოდა, რომ ინფიცირებული იყო. მკურნალობის კურსიც უკვე დაწყებული ჰქონდა, ჩემგან ფარულად.

 

ეს იყო ადამიანი, რომელიც ყოველდღე მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და რომ ჩემს გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. ერთადერთი კითხვა მქონდა – რატომ? მისი პასუხი ძალიან მარტივი იყო და გულწრფელი – მიყვარდი და მეგონა, რომ სულ შენ მეყვარებოდი და სულ ერთად ვიქნებოდით.

 

ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, ჩემი პირველი პარტნიორი იყო. ჩემი პირველი შეყვარებული, რომელთან ერთადაც ვცხოვრობდი.

 

ჩემი ისტორია ადამიანური ტრაგედიის ისტორიაა. ტრაგედიისა, სადაც დაავადებაზე მძიმე მისი დამართების გზაა. ყოველ დილით რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, რომ მე ეს არ დამიმსახურებია. ვფიქრობ, რომ პარადიგმა, რომელსაც ასწავლიან ადამიანებს, რომ მონოგამია სექსუალური ცხოვრების ყველაზე უსაფრთხო გზა არის, it’s just a bullshit!

 

მე 22 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ აივ დადებითი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა მჭირდებოდა, მასზე უარი ვთქვი, იმ იმედით, რომ ჩემი იმუნიტეტი მაშინვე გაუმჯობესდებოდა, როგორც კი ჩემს დეპრესიას თავს დავაღწევდი. მართლაც ასე მოხდა, დღეს ჩემი იმუნიტეტიც გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, ვირუსული დატვირთვაც დაბალია და კიდევ სამი თვე შემიძლია გავატარო მკურნალობის გარეშე.

 

მაგრამ ტრავმა, რომელიც ჩემმა ფსიქიკამ მიიღო, გაცილებით უფრო ფატალური აღმოჩნდა. ყოველწამს, როცა მახსენდება, თუ რა გამიკეთა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ვიცი, რომ ჩემი ემოციები ჩემს იმუნიტეტს უფრო მეტად ანადგურებს, ვიდრე აივ ინფექცია.

 

ამ ბლოგში ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის თავის შეცოდება. ჩემი მიზანი ერთადერთია, იცოდეთ, რომ ადამიანებზე უფრო სანდო კონტრაცეფციის გამოყენებაა! მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რისი მსხვერპლიც არ უნდა გახდეთ, თუ თქვენ გადარჩით და სიცოცხლის გაგრძელება გსურთ, ნუ შეწირავთ ამას საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. იყურეთ მხოლოდ მომავლისკენ და წარსულში დაშვებული შეცდომები მხოლოდ მყარ ფუნდამენტად გამოიყენეთ.

 

ჩვენ ბევრნი ვართ! ძალიან ბევრი!

შენ მარტო არ ხარ!

უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე იაპონიაში, 2005 წელი, ფოტო: EPA
უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე იაპონიაში, 2005 წელი, ფოტო: EPA


შენიშვნა რედაქციისგან: ძალიან ბევრი მასალა არსებობს იმისა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთეული შემთხვევები და ყველა ის სტერეოტიპი, რომ აივ ინფექციის მატარებელი შეგნებულად ავრცელებს ინფექციას, არ დამტკიცებულა არც ერთ ქვეყანაში. მხოლოდ ერთეული შემთხვევები არის აღწერილი სხვადასხვა ქვეყანაში. ვრცლად ამ საკითხზე წაიკითხეთ ინტერვიუ აივ პოლიტიკის და ადვოკატირების ექსპერტ მზია ტაბატაძესთან შემდეგ ბმულზე – რა უნდა ვიცოდეთ აივ ინფექციის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი