ახალი ამბები

აშშ-ში Dove-ის და სხვა მშრალი შამპუნები გაყიდვიდან ამოიღეს კიბოს საფრთხის გამო

25 ოქტომბერი, 2022 • 1570
აშშ-ში Dove-ის და სხვა მშრალი შამპუნები გაყიდვიდან ამოიღეს კიბოს საფრთხის გამო

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვიდან ამოიღეს Dove-ის და სხვა ბრენდების მშრალი შამპუნები, კიბოს გამომწვევი ნივთიერების [ბენზოლი] პოტენციური არსებობის გამო. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ [FDA] გაავრცელა.

FDA-ის ცნობით, ბენზოლის არსებობის საფრთხე იყო Dove, Nexxus, Suave, TIGI და TRESemmé-ის 2021 წლის ოქტომბერში გამოშვებულ პროდუქციაში, რომელიც შეტანილი იყო აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მაღაზიებში.

FDA-ის განმარტებით, ბენზოლი კლასიფიცირდება როგორც კარცენოგენი. ორგანიზმში ის შეიძლება მოხვდეს შესუნთქვის, გადაყლაპვის ან კანზე მოხვედრის შედეგად და გამოიწვიოს ლეიკემია და ძვლის ტვინის სიმსივნე, ასევე, სიცოცხლისთვის საშიში სისხლის დარღვევები.

“ჯანმრთელობის საფრთხის დამოუკიდებელი შეფასებით, არ არის მოსალოდნელი, რომ გაყიდვიდან ამოღებულ პროდუქტებში ტესტის შედეგად აღმოჩენილი ბენზოლის ყოველდღიური ზემოქმედების მაჩვენებელი ჯანმრთელობისთვის არასასურველი შედეგების გამომწვევია. Unilever US [აღნიშნული შამპუნების მწარმოებელი კომპანია] ამ პროდუქტებს დიდი სიფრთხილის გამო იღებს”, – განმარტებულია FDA-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს ცნობით, საცალო მოვაჭრეებს ეცნობათ, რომ უნდა შეაჩერონ აღნიშნული პროდუქტების გაყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი