ნეტგაზეთი | რატომ არ მჯერა ოცნების სამართლის? რატომ არ მჯერა ოცნების სამართლის? – Netgazeti

რატომ არ მჯერა ოცნების სამართლის?

„ქართული ოცნება“ გაკვირვებულია. ფაქტობრივი მტკიცებულება, მათი შიდა საუბრის ჩანაწერები, ბუნებრივია, არ მაქვს, მაგრამ მათ სახეებზე, მათ გამოსვლებში მუდმივად იგრძნობა ეს – შეცბუნება და გაკვირვება რაღაც იმისგან, რასაც არ ელოდნენ.

სამართლიანობის აღდგენის სახელით მოსულმა ხელისუფლებამ ერთ დღესაც გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მათი „სამართლიანობა“, რაც ჯერჯერობით უკვე მესამე წლის განმავლობში მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წევრების დაპატიმრებით შემოიფარგლება, სინამდვილეში არავის სჭირდება, არც გარეთ, არც შიგნით.

 

1 ოქტომბრის არჩევნები ჯერ კიდევ ახალი ჩავლილი იყო, როდესაც ვწერდი, რომ ახალი ხელისუფლება დიდ შეცდომას დაუშვებდა, თუ იურიდიული სამართალი საზოგადოებაში ლამის ფოლკლორად ქცეულ უამრავ ამბავში აერეოდათ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს წერდნენ და ამბობდნენ, ვინ აღარ. გაგებით ჩვენც ბევრი რამ გაგვიგია წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე, საკუთარი თვალებით ვნახეთ კიდეც, მაგრამ იურიდიული სამართლისა და დამნაშავის იდენტიფიცირებისთვის არსებობს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული ამბის, დანაშაულის იურისპრუდენციის სფეროში მოსაქცევად: რეალური ფაქტობრივი მტკიცებულება და სასჯელის მიზანშეწონილობა. ამის გარეშე სხვა ყველაფერი უბრალოდ ფოლკლორია, ანუ ის, რაზეც ვსაუბრობთ სამზარეულოში, მეგობრებთან, ან საჯარო სივრცეში, მოსაზრებებისა და ვარაუდების სახელით.

 

1 ოქტომბრამდე სტუდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე ვიყავი და სრულიად ვიზიარებდი მოძრაობის მიზანს, რომ წინა ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო, დამნაშავეები დასჯილიყვნენ, ხოლო მოძალადე სისტემა (ზოგადად სისტემა და არა კონკრეტული პარტია) უნდა დანგრეულიყო. ხელისუფლება შეიცვალა, დანაშაულის კვლევა-ძიება სასამართლოს მივანდეთ, ჩვენი მხრივ კი ვიქეცით დამკვირვებლებად. ვიტყოდი, ჩასაფრებულ, სკეპტიკურ დამკვირვებლებად.

 

მოხდა ისე, რომ ახალი ხელისუფლების არჩევიდან თითქმის სამი წლის შემდეგაც კი ყველაზე გახმაურებული საქმეები, ის, რის გამოც სააკაშვილს პირსისხლიან მონსტრად სახავდნენ, ფინიშამდე ვერ მიდის. მაგალითად, სადაა ზურაბ ჟვანიას სააკაშვილის მიერ საფერფლით მოკვლის ამბავი? სადაა ჩვილი რაფალიანცის ნაციონალების მიერ ქვევრში განზრახ ჩახრჩობის ამბავი? სადაა ახალაიას მიერ გაუპატიურებული პატიმრების ამბავი? პირველ საქმეზე არაფერი ისმის, მეორე საქმის მთავარი ბრალმდებელი მთლად კულტურის მინისტრის მოადგილეა, ახალაია ლამის ვაშლის გათლის ინციდენტის გამო დააპატიმრეს, ხოლო პატიმრების ერთ-ერთი მწვალებელი და მოძალადე ბედუკაძე გმირის ტიტულით დააბიჯებს ქალაქში და ალაგ-ალაგ ჭკუასაც გვარიგებს, გვმოძღვრავს ხოლმე, თუ რა არის მორალური და რა – ამორალური.

 

მთელი სამი წლის მანძილზე ხელისუფლების უკლებლივ ყველა ქმედება აგებულია ნეგატიურ რიტორიკაზე. ისინი თავს იმით კი არ იწონებენ, თუ რა შექმნეს ახალი და კარგი, არამედ იმით, თუ რაში, როგორც თავად ამბობენ, არ გვანან წინა ხელისუფლებას. არადა, ავიწყდებათ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლებიც თითქმის 98%-იანი ნდობით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და 4-5 წლის მანძილზე ქვეყნის რადიკალური რეფორმირების ხარჯზე დააგროვეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი, „ქართული ოცნება“ 60%-იანი ნდობით მოვიდა და ბევრიც არაფერი გაუკეთებია მის გასაზრდელად. ამიტომ ჩემთვის სრულიად ლოგიკურია, რომ სამ წელიწადში მათი ნდობა მერის არჩევნების პირველ ტურზე 50%-საც კი ვეღარ ასცდა.

 

რა მოხდა ამასობაში? რატომ დარჩა ბიძინა და კომპანია გაკვირვებული?

 

თითქმის ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც საქართველოში ტარდებოდა და ტარდება, ქვეყნის #1 პრობლემად უმუშევრობასა და მძიმე სოციალურ ფონს სახავს. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო მიშას დროს, ასეა ახლაც. რაც არ უნდა ამტკიცოს ამჟამინდელმა ხელისუფალმა, რომ ხალხმა ისინი „სამართლიანობის აღდგენისთვის“ აირჩია, რეალურად საზოგადოებას სხვა პრობლემა აწუხებს, ან, უბრალოდ, საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ სიტყვა „სამართლიანობის“ გაგება დრამატულად აცდენილია ერთი-მეორეს.

 

ერისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკედ ვერ გამოვდგები. მეტიც, ჭირის დღესავით მძულს, როდესაც ამას იბრალებენ ხოლმე. მე მხოლოდ ჩემი დაკვირვება შემიძლია გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიგვაჩნია სამართლიანობად და კანონის წინაშე თანასწორობად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და პირადად მე.

 

ჰოდა, აი, მე – და დარწმუნებული ვარ ამაში ბევრი თანამოაზრე მყავს, ვინც დამეთანხმება – ვფიქრობ, რომ სამართლიანობის სახელით არ უნდა ლაპარაკობდეს ხელისუფლება, რომელსაც:

 

1)   პირველი და უმთავრესი: ვერ მოუგვარებია სოციალური პრობლემები. არაადეკვატურობა, ვიტყოდი, ამორალობაა ისაუბრო თანასწორობასა და სამართალზე ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მათი დიდი ნაწილი ღამეს ღია ცის ქვეშ, მუყაოს ყუთებზე ათევს მშიერ-მწყურვალი (გაიარეთ ქალაქის ყველაზე მარგინალურ უბნებში, გამძღარო ბატონებო, ჩემი თუ არ გჯერათ). ადამიანებს არ აქვთ დასაქმებისა და დასაქმებამდე, განათლების მიღების საშუალება. სამართლიანობის სახელით უბრალოდ არ უნდა ისაუბრო ხელისუფალმა, რომლის ქვეყანაშიც საარსებო მინიმუმი 150 ლარით განისაზღვრება. ციფრები გინდათ? დავითვალოთ! უხეშად რომ ვთქვათ, ერთი ჩინოვნიკი ულტრათანამედროვე ჯიპის შესაძენად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ხარჯავს იმდენს, რამდენსაც იგივე სახელმწიფო საარსებო მინიმუმად  1000 ადამიანს ერთად აღებულს უსაზღვრავს. ერთი ჩინოვნიკის 150.000-იანი ჯიპი – თვეში 150 ლარად მცხოვრებ 1000 მოქალაქეზე. ხოლო ქვეყნის არაფორმალური მმართველის კოლექციიდან პიკასოს ერთი ნახატი ალბათ ათასობით ახალი დასაქმებული ადამიანის ფასი ღირს.

 

2)  სოციო-ეკონომიკური ფონი მთლად რომ სკანდინავიის ქვეყნების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, საქართველოში კანონის უზენაესობა(გაცვეთილი და ილუზორული ფრაზაა, მაგრამ მაინც), უბრალოდ, არ არსებობს, ეს ფაქტია. თუ არ გჯერათ, შემახსენეთ, რამდენი ადამიანი დაისაჯა იმ ფიზიკური ზარალისა და სამუდამო ფსიქოლოგიური სტრესის გამო, რაც ათიათასობით გაშმაგებულმა ექსტრემისტმა მოგვაყენა 17 მაისს. ან, რამდენი ადამიანი დაისაჯა ჭელასა და სამთაწყაროს ამბების, სომხური ეკლესიის დარბევის გამო? კანონი აქაც უძლურია, როდესაც საქმე ძალაუფლების ვერტიკალში წამოსკუპებულებს ეხებათ, ამ შემთხვევაში, ეკლესიას. ძალაუფლების მპყრობელები უბრალოდ ვერ უბედავენ ერთმანეთს საქციელი გაუკონტროლონ და დანაშაული იურისპრუდენციის სფეროში გადაიტანონ. რიგითი მოქალაქეები კი ისევ დაუცველად ვგრძნობთ თავს, ვინც არ უნდა იყოს ეს. რეპრესორი ხელისუფალი იქნება თუ ეკლესია, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს! „რუსთავი 2“-ს რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, გაგიკვირდებათ და, ეს სრულებით არ ნიშნავს თავისუფალ გარემოსა და თავისუფლად სუნთქვას.

 

3) დაბოლოს, წმინდად სამართლებრივადაც და მორალურად, უხერხულია სამართლიანობაზე საუბარი იქ, სადაც ქვეყნის უვნებელი მოქალაქის მიერ მინდორში ამოსული ბალახის მოხმარება იმაზე დიდ დანაშაულად ითვლება, ვიდრე ადამიანის გაუპატიურება, მკვლელობა, ძალადობა, ფაშიზმი, დარბევა და ცემა… და არც ის ხელისუფლება უნდა საუბრობდეს სამართალზე, რომლის პოლიტიკაც ქვეყანაში კრიმინალის შესამცირებლად არა დანაშაულის მიზეზების კვლევასა და პრევენციაში, არამედ პრიმიტიულად – დასჯაში გამოიხატება. ორიენტირებულია არა პოტენციური დამნაშავეების წინასწარ და შემდგომ რეაბილიტაციაზე, არამედ მათ კიდევ უფრო დესოციალიზაციასა და მოკვეთაზე.

 

და კიდევ არის უამრავი მიზეზი, რის გამოც პრემიერ ღარიბაშვილის მაჩოური, მკაცრი ტონით საუბარი სამართლიანობასა და „საზოგადოების დაკვეთის“ შესრულებაზე მინიმუმ სიბრალულის ღიმილის მომგვრელია.

 

ზემოთ ჩამოთვლილ რეალურ პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის საშინაო საქმეების მთავარი გამოწვევებია, არათუ ერთი, ათი მიშას დაჭერაც ვერ უშველის. ვერც ასის. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, იერარქიულად ყველაზე დაბლა მდგომი რიგითი პარტმუშაკიც კი სამუდამოდ რომ ჩასვან ციხეში, მხოლოდ ნამდვილი პრობლემების გადაფარვას მოახერხებენ მოკლევადიან პერსპექტივაში, ჰა-ჰა, ნიუსების ჰედლაინებში, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის კიდევ უფრო შელახვასა და მაგალითად, ევროპასთან პოლიტიკური დაახლოების შეფერხებაზე.

 

 ხოლო მშიერი ადამიანები, რომელთათვისაც განათლება და დასაქმება მიუწვდომელ ოცნებად რჩება, ადამიანები, რომლებსაც საჯარო თვითგამოხატვის უფლება ბრუტალურად ჩამოგვართვეს, ადამიანები, რომლებსაც არაფრის გამო აპატიმრებთ, ისევ აქ ვართ, არსად წავსულვართ, ჩვენ-ჩვენი პრობლემებითა და ტკივილებით, რომელიც სახელმწიფოს უბრალოდ კიდია.

 

გრძელვადიან პერსპექტივაში კი შეგახსენებთ, რომ ყველა ხელისუფლებამ, რომლისთვისაც განათლებული, დასაქმებული, ღირსეულად მცხოვრები საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა მთავარი ამოცანა არ ყოფილა, ცუდად დაამთავრა, ძალიან ცუდად.

 

ძალაუფლება ტკბილია. ზოგისთვის მილიარდერის კარზე ყოფნაც ტკბილია. ცხოვრებაში ერთხელ იმის შესაძლებლობა, რომ მკაცრი, კაცური და ამაყი ტონით ტელეკამერების წინაშე ისაუბრო, ხომ მთლად ნეტარებაა, მაგრამ ამ ყველაფერს ერთი ნაკლი აქვს: სამუდამო არაა. უბრალოდ, წაიკითხეთ ძველი, ან გაიხსენეთ უახლესი ისტორია, ხშირად უყურეთ 17 მაისის კადრებს იუთუბზე, გაიარეთ ხოლმე ქალაქის მარგინალურ უბნებში, დახედეთ მუყაოს ყუთებზე მძინარე მომაკვდავებს და მერე ერთად ვისაუბროთ სამართლიანობაზე.

გიორგი კიკონიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გიორგი კიკონიშვილი