კომენტარი

ბერლინი მუნდიალის წინ ტიფოზის თვალით

16 ივნისი, 2014 • • 1855
ბერლინი მუნდიალის წინ ტიფოზის თვალით

ერთი შეხედვით, ბერლინი ფეხბურთის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა. არც არის გასაკვირი – ეს მიუნხენი არ არის, არც დორტმუნდი, არც გელზენკირხენი. „ჰერტა“ გერმანიის დედაქალაქის შედარებით ცნობილი კლუბია და ქართველებმა მისი სახელი ლევან კობიაშვილის წყალობით ვიცით.


ფეხბურთზე გადარეული ფანების კოლონები, სახემოხატული და ხმაურიანი გულშემატკივრებით, არ შემხვედრია, სამაგიეროდ, ყველა სუპერმარკეტსა და მაღაზიაში მხვდებოდნენ ტიპები, რომლებიც აქსესუარებს ყიდულობდნენ. ქუდებს, მაისურებს, დროშებს, საყურეებს და ა.შ.


მე ტიფოზი ვარ. სკუადრა აძურას 2000 წლიდან ვგულშემატკივრობ. ახლაც მახსოვს ის ღამე, ფეხბურთი რომ შემიყვარდა, შვეიცარია-ბელგიის თამაში იყო, რომელმა მოიგო, არ მახსოვს, თუმცა მახსოვს აზარტი და ემოციები, რომლითაც მე და კარლსონი ვიყავით ტელევიზორს მიმსხდრები. კიდევ კარგი, მატჩები გვიან იმართებოდა. ტკბილი 90-იანების დასასრულს კი შუქი მხოლოდ ღამით მოდიოდა და მატჩების ნახვის საშუალება გვქონდა. მერე ის საზიზღარი ფინალი იყო, ტრეზეგეს ოქროს გოლით და ჩემპიონატის შემდეგ შეცვლილი დამატებითი დროის წესდება.


გერმანიის ნაკრები ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან მახსოვს. კორეა-იაპონიის ფინალში სწორედ მათ ვგულშემატკივრობდი, თუმცა მეხუთე ვარსკვლავი ბრაზილიელებმა დაიმსახურეს. დიდი სიმპათიით მათ მიმართ არასოდეს გამოვირჩეოდი და ერთმა კიდეც დამცინა, გერმანიამ გამოგზარდა და მის ნაკრებს არც კი გულშემატკივრობო. რას ვიზამთ, 2006-ის ნახევარფინალი დღემდე ტკბილად მახსენდება, დამატებითი ტაიმების მიწურულს იტალიელების მიერ გატანილი ორი გოლი მათ კარში. მაშინ ბალაკი ასრულებდა სანაკრებო კარიერას, ზიდანიც და მალდინიც.


ნაკრებში აღარც ბალაკია და აღარც კანი. საკუთარ გუნდზე საუბარი კი გერმანელებს, იტალიელებისა არ იყოს, არასოდეს ბეზრდებათ – განსაკუთრებით, მოახლებული ჩემპიონატის ფონზე.  ასე, მაგალითად, შეგიძლია რომელიმე ღია ბარში ლუდით ხელში ჩამოჯდე და ნაკრების ბრაზილიური გამოწვევები გაარჩიო. გერმანელი თავის პოზიციას კარგად იცავს, უბრალოდ, ვერაფრით ხვდება, რატომ გულშემატკივრობს ქართველი იტალიის ნაკრებს.


პაბებისა და ბარების გარდა, ეკრანი ბრანდებურგის ჭიშკართანაცაა. როცა სამონტაჟო სამუშაოები ვნახე, თანხმლებმა მითხრა, აქ მთელი თუ არა, ნახევარი ბერლინი შეიკრიბება, ლუდს დავლევთ და მსოფლიოზე ჩვენს გუნდს ვუგულშემატკივრებთო. უცებ წარმოვიდგინე სიტუაცია. ლუდით და ფეხბურთით მთვრალი გერმანელები, მთვრალი გერმანელებისათვის დამახასიათებელი ყველა ქცევით და მეორე დღეს ქალაქის დასუფთავების სამსახური შემეცოდა. 


ჰოდა, დღეს, როდესაც მატჩი დასრულდა, აქლემის წინასწარმეტყველება არ გამართლდა და გერმანიამ 4-0 მოუგო პორტუგალიას, ბერლინის ცენტრზე, ბრანდებურგის ჭიშკარსა და იქვე დამონტაჟებულ უზარმაზარ ეკრანთან შეკრებილ ნახევარ ბერლინზე გამეფიქრა. ალბათ, სათანადო აღჭურვილობით იქნებოდნენ შეიარაღებული, ქუდებიც ექნებოდათ, სასტვენებიც, მაისურებიც, შარფებიც და ყელზე ჩამოსაკიდი გერმანიის დროშის ფერი აქსესუარებიც და, რა თქმა უნდა, ლუდიც. ჰოდა, გული დამწყდა. კარგი იქნებოდა, იქ ერთ მატჩს მაინც დავსწრებოდი.


ბრანდებურგის ჭიშკართან ეკრანს ამონტაჟებენ
ბრანდებურგის ჭიშკართან ეკრანს ამონტაჟებენ


P.S. აქსესუარები მაინც წამოვაყოლე – გრილიანდები გერმანიის დროშის ფერებში. უფრო იმიტომ, რომ შევხედავ, 2014 წლის მსოფლიო გამახსენდეს, რომელიც მოულოდნელობებით დაიწყო. პირველივე მატჩებიდან კი აშკარაა, რომ ერთი თვე ზედმეტად ლამაზი ფეხბურთის მომსწრენი გავხდებით. იმიტომ, რომ ყოველ მატჩში მოედანზე საოცრებები ხდება!


თამარ კრელიძე - ჟურნალისტი/ბლოგერი
თამარ კრელიძე – ჟურნალისტი/ბლოგერი

მასალების გადაბეჭდვის წესი