კომენტარი

ზვიად ქორიძე: ჩვენ მივიღეთ თვითკვდომის პროცესში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი

11 აპრილი, 2014 • • 1188
ზვიად ქორიძე: ჩვენ მივიღეთ თვითკვდომის პროცესში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამერვეო საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურად სცნო?

 

მიმაჩნია, რომ კანონი კონსტიტუციასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. მათ შორის, სამეურვეო საბჭოს წევრების ვადამდე გათავისუფლება, ზოგადად, პრობლემას არ წარმოადგენს. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, თუ რა არის უპირატესი საზოგადოების განვითარებისთვის, რა არის უპირატესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რა არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები.

 

შეიძლება განხილულიყო კანონპროექტის ეს მუხლი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობაში ჩარევად?

 

როცა მე მქონდა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიასთან, ზუსტად ამაზე გავაკეთე განმარტება, რომ ევროპული გამოცდილება (საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია ევროპული გამოცდილებაა) გვაძლევს ძალიან ბევრ პრეცედენტს, მათ შორის იმისა, თუ როგორ არ უნდა დაითხოვონ სამეურვეო საბჭო. ეს გამოცდილება იმის პრაქტიკასაც გვთავაზობს, რომ სამეურვეო საბჭოები ვადაზე ადრე დაუთხოვიათ და დაუნიშნავთ ახალი არჩევნები. პრაქტიკა საკმაოდ ბევრნაირია. თუმცა, უპირატესი პრაქტიკა, რომელსაც ევროპაა დაფუძნებული არის საზოგადოების დემოკრატიულ მიზნები.

 

მიმაჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ პრინციპიდან ამოვიდოდა და მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ მან გააკეთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს მთლიანად პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დაფუძნებული გადაწყვტილებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლე ასეთი კატეგორიებით მოქმდებს და აზროვნებს, იმიტომ რომ სასამართლო არ უნდა იღებდეს ვიწრო, ლოკალურ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

 

გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, რაზეც საუბრობს ვენეციის კომისია, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ პრინციპზე, არანაირად არ დარღვეულა. თუ სამეურვეო საბჭოს დათხოვნის და ახალი სამეურვეო საბჭოს არჩევით, ახალი საკანონმდებლო პრინციპებით, დაირღვეოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა, საბჭო იქნებოდა მთლიანად პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული და ვერ მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებებს, მაშინ  შეგვეძლო გვეთქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ირღვევა.

 

ამის არგუმენტაციას ძალიან ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. ახლა დასასაბუთებელია ვისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, მაუწყებლის მაყურებლების თუ კონკრეტულად ამ ექვსი ადამიანის? ასევე, სად შეიზღუდა მათი გამოხატვის თავისუფლება?

 

ჩვენ შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რამდენად სწორია, ან არ არის სწორი ასეთი მიდგომა, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება. ემზარ გოგუაძისთვის, დავით კანდელაკისთვის, ან ნატალია დვალისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის თუ ის არ იქნება სამეურვეო საბჭოს წევრი. მას შეუძლია გამოხატოს თავისი ნება სხვანაირად. მეტიც, თუ ის დასაქმებულია, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრი ამით ქვეყანაში არ არის გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კატეგორიებით უნდა ემსჯელა, მაგრამ მან ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიიღო, რითიც ქვეყანაში შეაფერხა პროცესი. ეს არ იყო სამართლებრივად, პოლიტიკურად და კონცეპტუალურად გააზრებული გადაწყვეტილება.

 

საკონსტიტუციო სასამრთლომ დღეს გადაწყვიტა, რომ სწორედ ეს შედის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების მიზნებში. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა, კეთილი ინებოს და ტვირთოს ეს პასუხისმგებლობა. სასამართლომ დღეს მიიღო უპრეცედენტოდ გაუაზრებელი გადაწყვეტილება, მას ასე ესმის კონსტიტუცია, მას ასე ესმის საზოგადოების განვითარების პერსპექტივა. ახლა ყველაფერია დამოკიდებული პარლამენტზე ის რას გააკეთებს. პარლამენტს პრაქტიკულად საკონსტიტუციო სასამართლომ დაუტოვა კონფრონტაციული მოქმედების ბერკეტი და ესეც ძალიან ცუდია. საქართველოს პარლამენტი დღეს არს ერთპარტიული, უბრალო უმრავლესობით ერთი კოალიციის მიერ მართული. ამ პარლამენტს დღეს მოუწევს პარტიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.

 

თუ პარლამენტი დაამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს ახალ კანდიდატურებს, ამ შემთხვევაში რა მოხდება?

 

პარლამენტმა რომ დაამტკიცოს ეს კანდიდატერები, აზრი აღარ აქვს. პარლამენტი დაამტკიცებს 9 კაციან საბჭოს, რომელიც ვერ შევა ტელევიზიაში. პარლამენტი არ შეცვლის კანონს, არ დააბრუნებს მის ძველ რედაქციას. ვიდრე დღეს მოქმედი ქმედუუნარო საბჭოს დარჩენილ შვიდ წევრს არ ამოეწურება კანონის ძველი რედაქციით მინიჭებული უფლებები ისინი იქნებიან და ვიდრე ბოლო წევრი არ გავა და საბჭო აღარ იარსებებს ბუნებაში, მანამდე ახალი საბჭო ვერ შევა. ყველაზე ცუდი სცენარი არჩია საკონსტიტუციო სასამართლომ და ამ ცუდი სცენარის ლეგიტიმაცია მოახდინა მან.

 

საქართველოს პარლამენტს ეყოლება არჩეული ახალი კანონით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 9 კაციანი საბჭო არჩეული, რომელიც ვერ ახდენს თავის ლეგიტიმაციას, ანუ ის ვერ შევა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, როგორც სამეურვეო საბჭო, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დღეს მოქმედი საბჭოს დათხოვნა ვერ მოხდება. მას ვერ დაითხოვს პარლამენტი და ვერ მიიყვანს ახალ საბჭოს.

  

15 კაციანი საბჭოდან დარჩენილია 7 ადამიანი. ეს შვიდი ადამიანი არის არჩეული სხვა საკანონმდებლო ბაზით, ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებას: ვერც პროგრამულ პრიორიტეტებს, ვერც ბიუჯეტს დააამტკიცებს ეს საბჭო, რადგან ქმედუუნაროა. ანუ ჩვენ უნდა დაველოდოთ ვიდრე შვიდი კაციდან 2014 წელს არ გაუვა ვადა, შემდეგ 2016 წელს უნდა დაველოდოთ, და ბოლოს 2017 წელს. ასე ნელ-ნელა ეს საბჭო თვითკვდომის პროცესში გადავა, შესაბამისად ეს სამი წელი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ეყოლება საბჭო და ჩვენ მივიღებთ თვითკვდომის რეჟიმში მყოფ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მე მიმაჩნია, რომ ეს არ შედის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების მიზნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი