კომენტარი

„შენც დაეჭვდი, ალიოშა?“

23 თებერვალი, 2014 • • 1700
„შენც დაეჭვდი, ალიოშა?“

იქამდე იყო გარდაცვალება. ამ დღეს, მონასტერში გარდაიცვალა ბერთუხუცესი, რომელსაც ჯერ კიდევ სიცოცხლეში წმინდანად მოიხსენიებდნენ. მასთან რჩევის, სასოებისა და სამართლის საკითხავად ყველაზე შორეული სოფლებიდანაც კი ჩამოდიოდა მრევლი. ბევრს უყვარდა, ბევრსაც შურდა მისი და მოგვიანებით, როცა ის ამბავი მოხდება, მოშურნეები იტყვიან, მარხვებს არ იცავდა, ბლის მურაბიან ჩაის წრუპავდა და ამიტომაც მოხდა ესო…

 

ყველაფერი წესისამებრ დაიწყო. გვამი გააპატიოსნეს, სასახლეში ჩაასვენეს და მის თავთან ლოცვებს კითხულობდნენ. ალიოშა, ბერთუხუცესის საყვარელი სულიერი შვილი, ქვაზე დარდიანად იჯდა, ეტირებოდა გარდაცვლილზე. თუმცა ნეშტის დასვენებიდან რამდენიმე საათში ყრუ ქოთქოთმა, გადალაპარაკებებმა თანდათან იმატა. დამსწრე საზოგადოება ცდილობდა, მაგრამ ვერ ბედავდა ხმამაღლა ეკითხათ, „ნეტავ, რატომ უნდა მომხდარიყო ასე?“ მათი მოლოდინი არათუ არ მართლდებოდა, არამედ თვალსა და ხელს შუა თავდაყირა დგებოდა საქმე. იმდენად თავდაყირა, რომ მამა პაისმა შეშფოთებულ ალიოშას, შეგახსენებთ – ბერთუხუცესის უსაყვარლეს სულიერ შვილს, თვალი თვალში გაუყარა და ჩუმად ჰკითხა: „შენც დაეჭვდი, ალიოშა?“

 

საქმე ის გახლავთ, რომ ერიც და ბერიც ბერთუხუცესის გარდაცვალების შემდეგ მისი უხრწნელობის ნეტარ მოლოდინში იყო. მოლოდინი კი არათუ არ გამართლდა, არამედ გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში განსვენებულის ოთახში ელვის სისწრაფით მძაფრდებოდა სუნი – ხრწნის სუნი! წმინდანი გაიხრწნა!

 

ეს ამბავი ჯერ კიდევ საუკუნის წინ მოგვიყვა ფიოდორ დოსტოევსკიმ თავის გახმაურებულ რომანში „ძმები კარამაზოვები“.

 

თითქმის იდენტური ამბავი ჩვენ თვალწინ, ლაივში ხდებოდა და ვუყურებდით გუშინ მცხეთაში, და გუშინვე ერი თუ ბერი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გვამზე, ამჯერად ერთ გვამზე. მას უყურებდნენ, ტიროდნენ, უფართოვდებოდათ თვალები, ცდილობდნენ შეხებას, დანატროდნენ, ბანკის ვალების გასტუმრებასა და ქალიშვილის კარგ ოჯახში გათხოვებას შესთხოვდნენ… დარწმუნებული არ ვარ, თუმცა ალბათ ყნოსავდნენ კიდეც. აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა მამა გაბრიელის გვამს ხრწნის სუნი. ყნოსავდნენ, რადგან დილიდანვე გავრცელებული ფოტოები, სადაც თეთრზე შავით ჩანს, რომ სამარხში ტუფლებისა და თავის ქალის გარდა აღარაფერია დარჩენილი, საკმარისი არ აღმოჩნდა. ერი თუ ბერი მთელი დღე განიხილავდა და უარყოფდა ფოტოთი დადასტურებულ ფაქტს, ზეიმობდნენ გახრწნილი გვამის უხრწნელობას!

 

ქილიკი ბევრი ვისმინეთ. სამაგიეროდ გუშინდელ ამბებზე, ვფიქრობ, საუკეთესო კომენტარი ისევ სოციალურ ქსელებში გამოიძებნა, როდესაც ადამიანებმა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, ერიხ ფრომი გაიხსენეს, ნაშრომით ნეკროფილიაზე (ნეკროფილია, პირდაპირი თარგმანით, მკვდრის, გვამის სიყვარულს ნიშნავს).

 

ფრომი ნეკროფილიას ორ კატეგორიად ყოფს: სექსუალური და არასექსუალური. პირველი, რასაც უნდა ნიშნავდეს, გასაგებია. ხოლო მეორეში ის გულისხმობს სიცოცხლის, ცოცხალი ადამიანების მოძულე, სიკვდილისა და განადგურებისადმი ლტოლვის მქონე ინდივიდებს, რომელთათვისაც მორჩილება, კონტროლი და სიკვდილი გაცილებით მნიშვნელოვანი საკუთარი სასიცოცხლო ელემენტია, ვიდრე თავად სიცოცხლე, სპონტანურობა და თავისუფლება. მისი თქმით, ასეთი სახის ნეკროფილებს დამახასიათებელი ნიშნებიც აქვთ: მათი ლექსიკა გაჯერებულია სიკვდილსა და ექსკრემენტებთან დაკავშირებული სიტყვებით; ატარებენ მუქ, შავ სამოსს და ვერ იტანენ მკვეთრ, ბრჭყვიალა ფერებს; აღმერთებენ გამანადგურებელ მანქანა-იარაღებს; თვლიან, რომ კონფლიქტის მოგვარება აუცილებლად გულისხმობს ძალის გამოყენებასა და ძალადობას; მათთვის წარსული გაცილებით ცოცხალი და რეალურია, ვიდრე აწმყო და ა.შ.

 

გუშინ მცხეთაში გვამის სათაყვანოდ შეკრებილი ათასობით ადამიანიდან მათი ინდივიდუალური ფსიქო-სოციალური დახასიათება ჩემი საქმე არაა (მით უმეტეს, კოლექტიური დახასიათება). ჯერ ერთი, არ ვიცი, ვინ, რა კატეგორიის, რომელი სოციალური ფენის თუ გაქანების მქონე ადამიანები მიაწყდნენ იქაურობას და ეგეც რომ არა, ბოლოს და ბოლოს, გეტყვიან, რომ ეს მათი რელიგიური გრძნობაა, ეს გვამი მათი იმედი და სასოებაა. დაე, იყოს! მაგრამ თუ ზემოთ ჩამოთვლილ, ნეკროფილთა მახასიათებლებს ყურადღებით გადავავლებთ თვალს, ეჭვგარეშეა, არათუ სადღაც განყენებულად, არამედ აქვე, ჩვენ გვერდით მცხოვრები უამრავი თანამოქალაქის სახეს დავინახავთ. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად წარმომიდგა თვალწინ ეს ადამიანები და რა სევდიანია, თუ გეტყვით, რომ ფრომი ამ კატეგორიის ნეკროფილთა ყველაძე მკაფიო, კლასიკურ მაგალითად ჰიტლერს მიიჩნევდა.

 

შორს ვარ იმისგან, რომ კაცობრიობის ამ უდიდეს მკვლელ-ნეკროფილსა და რიგით ქართველ ბანკის ოპერატორს, სტიქაროსანსა თუ ბაზრობის მოვაჭრეს შორის ტოლობის ნიშანი დავსვა. არა, ასე არაა, ღმერთმანი! უბრალოდ, ფრომის ეს მოსაზრება, სამწუხაროდ, გვიხსნის იმ სენტიმენტებს, რაც საზოგადოების მოზრდილს ნაწილს აკავშირებს ჰიტლერთან ან, თუ გნებავთ, სტალინთან.

 

საერთოდ, რად უნდა ამას ჰიტლერი? მარტივად, რიცხვებშიც კი შეგვიძლია დავთვალოთ, რამდენი ადამიანი დადის კონცერტებზე, კინოში, კლუბში; რამდენი ადამიანია სიცოცხლის მოყვარული და სურს აწმყოს კულტურული ცხოვრების მონაწილე იყოს. რამდენი ადამიანი გამოდის, ვთქვათ, დასაქმებულთა მონური უფლებების გასაპროტესტებლად, ანუ რამდენი ზრუნავს ცოცხალ ადამიანზე და ამის საპირისპიროდ, რამდენი დადის გახსნილი საფლავების – მკვდრის, წარსულის მოსანახულებლად. გაიხსენეთ, შეადარეთ ეს რიცხვები და თავად დარწმუნდებით, ფაქტია, რომ აწმყოსა და წარსულს შორის, ეს უკანასკნელი იგებს დიდი რიცხვობრივი უპირატესობით. ეს კი, ვფიქრობ, სამწუხარო განაჩენია ჩვენი საზოგადოებისთვის.

 

მცხეთაში არ ვყოფილვარ, გვამი არ მინახავს, თუმცა ფოტოებიდან ორჯერ-ორი-ოთხია, რომ მამა გაბრიელისგან თავის ქალა და “ტუფლებიღაა” დარჩენილი (ეთიკური და ესთეტიური მოსაზრებით, ამ ფოტოს აქ დადება არ მსურს. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ თავად იხილოთ აწმყო-ფაქტი ამ ბმულზე). ჩემი რელიგიური გრძნობები რომ ამ გვამთან ასოცირდებოდეს, ალბათ ჩავიდოდი მცხეთაში და კატეგორიულად მოვითხოვდი, ხის სასახლისთვის დაფარული თავი აეხადათ, რათა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით მენახა, ეს წმინდანი მართლა უხრწნელია, როგორც დილით თქვეს, ნახევრად-უხრწნელია, როგორც შუადღეს თქვეს, თუ მთლიანად გახრწნილია, როგორც უკვე საღამოს საბოლოოდ დაადასტურეს თავად საეკლესიო პირებმა. ჩავიდოდი, სასახლეს თავს ავხდიდი და თავად დავფიქრდებოდი, იქნებ ჩემი მოძღვრის ქადაგება ქრისტიანი წმინდანების უხრწნელობაზე ტყუილი ყოფილა? ალბათ, მცხეთაშიც ბევრი კითხულობდა დღეს: „ნეტავ, რატომ უნდა მომხდარიყო ასე?“ – როგორ ასე? როგორ და, დღის ბოლოს გვაუწყეს საეკლესიო პირებმა, გაბრიელმა აღასრულა მცნება „მიწა იყავ, მიწად იქეც“-ო…

 

მცხეთის ტაძრის ეზოში გუშინ ყრუ ალიაქოთი იყო. ცხედარი ამოიყვანეს, გააპატიოსნეს, დაასვენეს… მის თავთან წაიკითხეს ლოცვები, მომლოცველებმა ბევრი იტირეს და ალბათ, იქაც შეშფოთებულები უყურებდნენ ერთმანეთს; ვერ ბედავდნენ ხმამაღლა დაესვათ შეკითხვა. ან იქნებ, ვინმემ გაბედა კიდეც, მრევლის რომელიმე აცრემლებულ წევრს მიადგა, თვალი თვალში გაუყარა და ჩუმად ჰკითხა: „შენც დაეჭვდი, ალიოშა?“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი