კომენტარი

სასულიერო პირები და კულტურული მემკვიდრეობა სვანეთში

28 ნოემბერი, 2013 • • 2444
სასულიერო პირები და კულტურული მემკვიდრეობა სვანეთში

როდის და რატომ ჩამოაყალიბეთ ორგანიზაცია „ლიდბაში“?


ეთნოლოგი ვარ პროფესიით და თან ლატალის თემიდან, სადაც ეკლესიების სიმრავლეა, რამდენიმე ათეული ტაძარია და, შესაბამისად, დღეობებთან და ტრადიციებთან შეხება მუდმივად მქონდა. ამჟამად ტრადიციები და დღეობები გადაშენების პირას დგას და მათი გადარჩენის მიზნით და ადგილობრივი ხალხის წახალისებით ჩვენმა ორგანიზაციამ მეგობრების, შოტლანდიელი ქალბატონის მეჯ ბრეის და ეთნომუსიკოლოგ ნანა მჟავანაძის  დახმარებით, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფოლკლორული ტურები წელიწადში ორჯერ („ლიმხერი“ – ივლისში და „მარიამობა“ – აგვისტოში).

 

დღეობებზე ჩამოდიან ეთნოლოგები და ეთნომუსიკოლოგები, ხდებიან სოფლის მცხოვრებლები, სწავლობენ ხალხურ სიმღერებს ადგილობრივი უხუცესებისგან, ემზადებიან დღეობისთვის, როგორც იქაურები, და ხდებიან იმ ხალხის და სოფლის  ნაწილი, სადაც სტუმრობენ. როცა მათ სიღრმისეული შეხება აქვთ ამ ტრადიციებთან, უფრო ადვილად იგებენ მასპინძლის ენას. თუ ეს დღეობები მოიშლება, შეგვრჩება მხოლოდ სასცენო ფოლკლორი, რომელიც ყალბია.

 

მადონა ჩამგელიანი
მადონა ჩამგელიანი

კულტურულ მემკვიდრეობას დღეს რა პრობლემები აქვთ სვანეთში?


არის ტაძრები, რომელთანაც მჭიდრო კავშირშია ხალხური რიტუალი. მაგალითად, ლატალის თემის ლახუშდის მაცხოვრის ეკლესიის სამხრეთის კარი წელს ამოქოლეს, რაც უშუალო კავშირშია „ლიფაანალის“ რიტუალთან. ეკლესიის სამხრეთის კარიდან წინაპრების სულებს იწვევენ. 18 იანვარს, შებინდებისას უხუცესი მიდის ეკლესიის სამხრეთის კართან და ამბობს: „ქრისტე ღმერთო, გამოუშვი ჩვენი დიდებული სულები ოჯახში“. როგორც ხორციელი სტუმარი ეყოლება სახლში, ისე პატიჟებენ. ეს ტრადიცია ძალიან იშვიათადაა შემორჩენილი.

 

რატომ ამოქოლეს?

 

რესტავრატორმა მიპასუხა, რომ თაღის გასაკეთებლად სჭირდებოდა. მე-17 საუკუნის ეკლესიაა, მოქმედი უნდა გახდეს, რაც სასიხარულოა, მაგრამ ვფიქრობ, იქ არსებული რიტუალები კანონიკურ წირვა-ლოცვას ხელს არ უნდა უშლიდეს. ხოლო ამ კარის ამოშენებით დაირღვა როგორც არქიტექტორული ნორმები, ასევე, კულტურული და ფოლკლორული ტრადიციაც. როგორც ვიცი, ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან სანქცია არ ყოფილა.


კიდევ რა ტიპის დარღვევები დააფიქსირეთ სვანეთის ეკლესიებში?


როგორც მთელ საქართველოში, იგივე ხდება სვანეთშიც, ტაძრების ამოქმედებასთან ერთად, ბუნებრივია, ირღვევა რაღაც ნორმები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით. ეს ბუნებრივია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზანმიმართული ბრძოლა იქ არსებული წეს-ჩვეულებებისადმი. წელს, ზაფხულში მოვიარეთ მთელი სვანეთი, მე არ ვარ სპეციალისტი და, უბრალოდ, თან ვახლდი ხელოვნების ისტორიკოსებს, 15-20-მდე ეკლესიაში ვნახეთ მსგავსი დარღვევები. ყველა მოქმედი ეკლესიაა.

 

მაგალითად, ასეთ ფაქტს შევესწარით. სოფელ იფარში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ორი მცველი იცავს. ამ ზაფხულს რომ მივედით და ეკლესიაში შესვლა გვინდოდა, მცველებს ტაძრის  გასაღები არ ჰქონდათ. მცველებმა თქვეს, მღვდელმა ჩამოგვართვა, რადგან წესებს ვარღვევთ ეკლესიაში შესვლის დროსო. არადა, სააგენტოს მცველებს, წესითა და კანონით, უნდა ჰქონდეთ ეკლესიის გასაღები.

 

მულახში მეცხრე საუკუნის ტაძარზე ბლოკებით სათავსო მიაშენეს.

 

მეცხრე საუკუნის ეკლესიაზე ამავე პერიოდის ხის კარი ჩამოხსნეს და თანამედროვე, რკინის ლაპლაპა კარი ჩადგეს. აღმოჩნდა, რომ ზომა არ აუღიათ სწორად, კარი დიდი აღმოჩნდა. გამოანგრიეს კედელი, რომ კარი ჩაესვათ. ეს ხდება მეცხრე საუკუნის ტაძარში.

 

მაგალითად, გაბრიელ მთავარანგელოზის დღეობა ტარდება ადრეშუასაუკუნეების თანღილის მთვარანგელოზის ტაძარში, რომელშიც უნიკალური ფრესკებია. ხალხმა თავიანთი ხარჯით ააშენა კელიები საეკლესიო პირებისთვის. დასახლდნენ იქ ბერები და ხალხი ჩვეულებრივ დადიოდა წირვა-ლოცვაზე. მოვიდა დღეობის დრო. ხალხი ავიდა უხუცესებთან ერთად თანღილზე და ბერებმა შიგნით შესვლის უფლება არ მისცეს, ეკლესიის ეზოში საკლავის დაკვლისა და ფერხულში ჩაბმის უფლება არ მისცეს, არ შეიძლება ტაძრის ეზოშიო.

 

ჩემთვის ეს დღეობა ერთ მნიშვნელოვან გადმოცემას უკავშირდება, რომელიც ჩემს ოჯახთანაა დაკავშირებული: ბებიაჩემს ერთ თვეში დაეღუპა 40 წლის მეუღლე და 14 წლის ქალიშვილი, დარჩა 4 ობოლი, ყველაზე უფროსი 10 წლის და უმცროსი – 6 თვის. ძალიან მძიმე დროს, ომის პერიოდში. მთელი თემი განიცდიდა თურმე ამ ქალის ტკივილს და ტრაგედიას. ამ პერიოდს დაემთხვა ტანღილის მთავარანგელოზობაც. ხალხი ასულა მთაზე სალოცავად, ბებია ეზოდან აყურადებდა თურმე და სიმღერის ხმა ვერ გაუგია. ხალხი ბებიაჩემის ხათრით ფერხულს არ აბამდა. ძაძით შემოსილი ქალი ასულა მთაზე და თავად ჩადგომია ფერხულს სათავეში, თვითონ დაუწყია სიმღერაც. ასე სწამდა იმ ხალხს და მე არ მაქვს უფლება ეს სულისკვეთება დავკარგო.

 

ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწვია ბევრში. მე თბილისში ვიყავი და დამირეკეს იქიდან, ძალიან  აღვშფოთდი და ფეისბუქზე გამოვაქვეყნე ამის შესახებ, რომ თუ შეშის ღუმელის დადგმა მე-13 საუკუნის პატარა ტაძარში შეიძლებოდა, ღვთის სადიდებელი ფერხულის ჩაბმა არაქრისტიანულია?

 

რეაქცია ჰქონდათ მღვდლებს, გამოიტანეს ღუმელი ეკლესიიდან?


არა მგონია, ჩემი მიზეზით, მაგრამ თანღილიდან წავიდნენ ბერები და ღუმელი გამოიტანეს ტაძრიდან. ასე ჰგონიათ, რომ სვანეთში სულიერების განვითარებას ვებრძვი. პირდაპირ ეკლესიაზე თავდასხმად აღიქვამენ, თუ ვინმე ტრადიციას და კულტურულ მემკვიდრეობას იცავს.

 

მე ძალიან კარგად მესმის იქ მოღვაწე სასულიერო პირების, რადგან მოხვდნენ უცხო სამყაროში. სვანეთში რაც ხდება, სახარებაში ვერ წაიკითხავ. სხვა რამე უნდა მაგისთვის, რომ გაითავისო და წარმოიდგინო იმ ხალხის მდგომარეობა, ვისთანაც გიწევს მუშაობა. მოხდა ისე, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მღვდელი. ინერციით მაინც სრულდებოდა ქრისტიანული დღეობები, რაც დღესაცაა შემორჩენილი და ეს თავისებური რწმენა და რიტუალები ხშირად გაუგებარია მნახველთათვის.

 

სასულიერო პირებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ადგილობრივი დღეობების მიმართ? 

 

არსებობს კულტურული და ფოლკლორული ტრადიციები, რომელსაც მიცემული აქვს რელიგიური ელფერი, მაგრამ ეს ტრადიციული წესები და რიტუალები წარმოადგენს სვანი ხალხის ფოლკლორულ თავისებურებებს. ეს წესები და რიტუალები მოსახლოებისთვის ძალზე ძვირფასია ისტორიული, კულტურული და ფოლკლორული თვალსაზრისით და ასევე წარმოადგენს თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება-დემონსტრირების ერთ-ერთ საშუალებას. მაგრამ სასულიერო პირების დიდი ნაწილი უკრძალავს მოსახლეობას, ჩაატარონ ხალხური ფოლკლორული რიტუალები, რითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღიზიანებულია.

 

ბოლო წლებში სვანეთში განახლდა საეკლესიო მსახურება, უკვე მრავალ ტაძარში რეგულარულად ტარდება წირვა-ლოცვა, რამაც მოსახლეობაში დადებითი განწყობა გააჩინა სამღვდელოების მიმართ, მაგრამ თანდათან გაჩნდა პრობლემა და დაიწყო დაპირისპირება მოსახლეობისა და სასულიერო პირების მნიშვნელოვან ნაწილს შორის. კერძოდ, ზემო სვანეთის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები დაუშვებლად თვლიან ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ტრადიციული რელიგიური რიტუალების შესრულებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვნი ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს ამ ტრადიციული რელიგიური რიტუალების შესრულებას. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როცა ეკლესიაში ჟამის წირვას აღასრულებს სასულიერო პირი და ტაძრის გარე მინაშენში ადგილობრივი უხუცესები აღავლენენ ხალხურ ლოცვას. ეს ქმნის დიდ გაუგებრობას ადგილობრივ მოსახლეობაში.

 

ისინი, ვისაც დღეობის აღნიშვნა სურს, როგორ იქცევიან, ემორჩილებიან სასულიერო პირების მოწოდებებს, თუ მაინც აღნიშნავენ დღეობებს?

 

ხალხი წინააღმდეგი არაა წირვა-ლოცვის ჩატარებისა, უბრალოდ, ვერ წარმოედგინათ, რომ ეს წინააღმდეგობაში იქნებოდა თავის ტრადიციებთან. ყოველდღიურად მცირდება დღეობები. რამდენ ხანს იქნებიან ეს უხუცესები, ამაზეა დამოკიდებული. თუ არ განახლდა და არ მოხდა მისი პოპულარიზება, გაქრება.

 

კალაში კვირიკობაზე რომ ახვიდე, შიგნით წირავს მღვდელი, გარეთ მოხუცები ხალხურ ლოცვას აღავლენენ. ხალხი გახლეჩილია – ორი ღვთისმსახურება ტარდება.

 

იონა წინასწარმეტყველის დღეობა, ლატალობაა 5 ოქტომბერი. ლატალის მთავარ დღეობაზე დიდი ამბავი უნდა ყოფილიყო. წელს არაფერი ხდებოდა. დაახლოებით 50 ადამიანი თუ იქნებოდა მთლიანობაში. არც უხუცესებს არ უგალობიათ, არც ფერხული ყოფილა. მღვდლებმა ჩაატარეს წირვა-ლოცვა. წინა წლებში იყო. უფრო საინტერესო იყო. ხალხიც ბევრი იყო. 

 

როგორ აპირებთ ამ გაუგებრობის და დაპირისპირების მოგვარებას?


ვაპირებთ ჩავატაროთ კონფერენცია „ფოლკლორიზებული ქრისტიანობა“. მოწვეულია რამდენიმე საკმაოდ ძლიერი მეცნიერი, რომლებიც ფარდას ახდიან დღეობების ნაწილს, რომლებსაც წმინდა ქრისტიანული ძირი აქვთ. ადგილობრივი ხალხისთვის იქნება მნიშნელოვანი, რომ გაიგებენ უფრო მეტს. ძალიან ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რას აკეთებს. ინერციით მოდის და ახსნა არ აქვს.

 

მღვდელი ხშირად  ითხოვს, რომ „ამიხსენით, აბა, რას ნიშნავს“. ახსნით კი ვერ უხსნიან, ვერაფერს გააკეთებ, გარდა იმისა, რომ ადგილობრივებს აუხსნა, რასთან აქვთ საქმე, რომ უფრო მყარად დაიცვან თავიანთი კულტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი