ახალი ამბები

სტიქია სამეგრელოში: ქარმა და წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა დააზიანა

6 თებერვალი, 2024 • 542
სტიქია სამეგრელოში: ქარმა და წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა ქარმა და ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარმა სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში. ასევე, რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.

რაც შეეხება, ზემო სვანეთის მხარეს, ამ ეტაპზე ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.

“ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგურს შტორმის გამო ზღვა არ იღებს, რის გამოც მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.

რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია, სპეციალური კომისიები შეისწავლიან ზარალს”, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა, გიორგი გუგჩიამ.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები გუშინვე გაიწმინდა.

ამ დროისთვის რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი