კომენტარი

რეჟისორ გიორგი სავანელის ღია წერილი კულტურის მინისტრს და მის მოადგილეს

8 სექტემბერი, 2013 • 3328
რეჟისორ გიორგი სავანელის ღია წერილი კულტურის მინისტრს და მის მოადგილეს

გიორგი სავანელი
გიორგი სავანელი

„დიდი იმედები“… დიკენსის ნაწარმოები არ მიგულისხმია… არამედ ჩვენი ამჟამინდელი რეალობის ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორია… ეს ბუნებრივია… თუმცა, ამ დიდ იმედებს ხანდახან ჩრდილი ადგება მავანთა და მავანთა მიერ და გარკვეული მოვლენების გამოისობით. შორს რომ არ წავიდეთ… ინიციატივა ახალი კანონისა სახელმწიფო თეატრების შესახებ… ამან დიდი ვნებათაღელვა, ეიფორიაც კი გამოიწვია; ცხარე გარჩევები, „მრგვალი მაგიდები“ და… ბოლოს მივიღეთ ახალი კანონი თავისი დადებითი და ნაკლოვანი მხარეებით; თუმცა ამქვეყნად ხომ ყველაფერსა აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი. და… გამოცხადდა კონკურსი, 28 სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად. განაცხადების მიღება 16 აგვისტოს დასრულდა… საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილება – მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი, შერჩეული კანდიდატების ვინაობა დაახლოებით 24-25 აგვისტოს გახდა ცნობილი და… დღემდე პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გაჩნდა.

 

წინასწარ იყო ცნობილი კულუარებში, რომ დიდი „გადანაწილება“ მიდიოდა, მაგრამ ბოლო წელიწადს საზოგადოებაში გაჩენილი უკეთესობის რწმენით დაიმედებულმა, მეც მივიღე მონაწილეობა კონკურსში. სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად შევიტანე განაცხადი: პირველი – ახალციხის თეატრის, მეორე – დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე – ერთ-ერთ ამ თეატრში ყველაზე მეტად მინდოდა მემუშავა; ახალციხე და დმანისი ნაწილობრივ არაქართულენოვანი რეგიონებია, სწორედ ეს იყო ჩემთვის მთავარი გამოწვევა, რომ ამ რთულ რეგიონებში ქართული სიტყვის ძალა, ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეები გამევრცელებინა, და მესამე, სენაკის თეატრში, რადგან ვიცოდი, რომ იქ არასახარბიელო შემოქმედებითი მდგომარეობაა, იქ წასვლა არავის უნდოდა ადგილობრივი კანდიდატის გარდა. მე კი საშუალება მექნებოდა,  ძალები მომესინჯა და ჩემი შემოქმედებითი პოტენციალი გამომევლინა. მოხდა ისე, რომ სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებში ვერ მოვხვდი. ეს არაფერი; ვიღაცამ მაჯობა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა ვინ გაჯობებს?.. აი, ამან გამაოცა და გამაოგნა. ახლციხის თეატრის ხელმძღვანელად წარადგინეს ამავე თეატრის მსახიობი, თეატრის ყოფილი მმართველი ქ-ნი ლია სულუაშვილი; კარგით, ბატონო, ამაზე არაფერი ვთქვი – ქ-ნი ლია წლებია ამ თეატრში მუშაობს, დიდი ამაგი აქვს ამ თეატრზე, როგორც მსახიობს და როგორც მმართველს; ვთქვათ, საბჭომაც ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა და ქ-ნი ლიას ფაქტორმა დაჩრდილა ჩემ მიერ წარდგენილი ამ თეატრის განვითარების, ჩემი აზრით, და საბედნიეროდ არა მარტო ჩემი აზრით, ძალიან პრიორიტეტული თეატრის განვითარების 4- წლიანი სამოქმედო გეგმა; ჩვენთან ხომ „წარსულის აჩრდილებს“ მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მომავლის გეგმებს, და თუ ვინმე თანამდებობაზე დაინიშნა, აუცილებლად იმ თანამდებობაზე უნდა იყოს სიცოცხლის ბოლომდე, ეს „პრესტიჟის საკითხია“! ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს! – ამაში ორი აზრი არ არის. ეს საბჭოს წევრთა მენტალობის პრობლემაცაა, თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს… ესე იგი, ხომ აქვს მნიშვნელობა ვინ გაჯობებს, უფრო სწორად, ვის გამჯობინებენ?.. და !.. სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად წარადგინეს ბოლო ათეული წლის განმავლობაში ამ თეატრის მმართველი, ვინმე ლევან ადამია, რომელმაც წლებია ვერ უზრუნველჰყო თეატრის გამართული და ინტენსიური მუშაობა, თეატრი ინერციის ძალით არსებობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ თეატრის შემოქმედებით ხარიხზე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის შეიძლება საინტერესო რეჟისორია, მაგრამ როგორც ხელმძღვანელმა, ფაქტია, რომ არ გაამართლა; ხოლო, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად საბჭომ მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინა … ჰოი, საოცრებავ! – მოზარდმაყურებელთა თეატრის, რბილად რომ ვთქვათ, არაპირველხარისხოვანი მსახიობის, ვინმე კოტე მჟავიას კანდიდატურა. მეტს არაფერს ვამბობ ამ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, მიმხვედრი თავად მიხვდება(განვმარტავ, რომ არც ერთ ამ პიროვნებასთან არა მაქვს რაიმე სახის ურთიერთობა, მით უმეტეს, შეუთავსებლობა, რადგან ქალბატონ ლიასთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი მაკავშირებს და პატივს ვცემ როგორც კარგ მსახიობს, ბატონ ლევანს საერთოდ არ ვიცნობ, ბატონ კოტესთან კი, მხოლოდ კარგი სალამის დონეზე მქონია ურთიერთობა).

 

ამასთან დაკავშირებით გაჩენილი, ვთვლი, რომ ობიექტური, პრეტენზიითა და შეკითხვებით, ა.წ. 29 აგვისტოს პირადად მივმართე კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ხელოვნების სამმართველოს მესვეურებს და ვითხოვე,  სარეკომენდაციო საბჭოს და ხელოვნების სამმართველოს მოეცათ ჩემთვის წერილობითი პასუხი, თუ რა კრიტერიუმებით „მაჯობეს“, თუ რა მოტივაციით შეარჩეს სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატებად ბატონები, ადამია და მჟავია. პასუხად მივიღე, რომ საბჭოს დებულებაში არ უწერია, რომ ის ვალდებულია გასცეს მსგავსი არგუმენტაციები და მათგან ამის მოთხოვნა არ არის მიზანშეწონილი; ამასთანავე, განმიცხადეს, რომ კანდიდატების დამტკიცების პროცესი უკვე ბოლო ფაზაშია და ამ საკითხის თუ მასთან დაკავშირებული პრეტენზიების თავიდან განხილვა არ შედის მათ სამუშაო გეგმაში.

 

ამის შემდგომ გადავწყვიტე, ეს საკითხი გამერკვია ამავე უწყების მაღალ ინსტანციებში. ბატონ მინისტრთან მიღების ილუზია არც მქონია, რადგან ახალდანიშნული როცა იყო, ჩემი მსგავსი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებაზე სამი ადამიანი ვიყავით ჩაწერილი, მათ შორის ერთი სახალხო არტისტიც; ამიტომ შეხვედრა ვითხოვე მინისტრის მოადგილესთან, ქ-ნ მანანა ბერიკაშვილთან ა.წ. 29 აგვისტოს და შეხვედრის მოტივიც ჩავაწერინე მის მდივანს. წერილს რომ ვწერ, უკვე 8 სექტემბერია და… მასთან შეხვედრა „სიზმრისეულ ზმანებად“, „სანატრელ რანდევუდ“ მექცა… მაგრამ პასუხი არ არის.

 

ეს რა არის, მოუცლელობა? – ვერ იცლიან იმისთვის, რაც სწორედ მათი სამსახურეობრივი პრეროგატივაა?.. მათ ხომ სწორედ ამ საკითხების გარკვევა, გადაჭრა, რეაგირება და მოწესრიგება ევალებათ; თუ …? მათ ხომ ქართული თეატრის უკეთეს მომავალზე ზრუნვა ავალიათ! ეს კონკურსიც ხომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა! მაშ!.. როცა არსებობს უკმაყოფილება, პრეტენზიები (და ეს მარტო ჩემი შემთხვევა არაა, სამწუხაროდ, ბევრია ასეთი, სხვადასხვა თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით), პასუხგაუცემელი კითხვები, ხომ უნდა გაარკვიონ, ღრმად ჩაიხედონ ამ საკითხში, ხომ უნდა დაინტერესდნენ, მაინც რატომ არის ამდენი პრეტენზია, ამდენი სადავიდარაბო, ამდენი… ამდენი… ამდენი… ხომ უნდა გაარკვიონ, სად არის სიმართლე, სად არის ობიექტურობა და, ბოლოს და ბოლოს, „სად არის ძაღლის თავი დამარხული“… არ მინდა დავიჯერო, რომ „დამარხული ძაღლის თავის“ კვალი მათ კაბინეტებთან მიიყვანს „გამოძიებას“ და ამიტომ არიდებენ თავს! მთელი ჩემი შეგნებით არ მინდა ეს დავიჯერო!!! იმედების მსხვრევა ძნელი გადასატანია, მით უმეტეს, დიდი იმედების! თან მერამდენეჯერ…

 

ამიტომ გადავწყვიტე ღია წერილის საშუალებით მაინც მივაწვდინო ხმა კულტურის სამინისტროს თავკაცებს.

 

წესით, სახელმწიფო თეატრებში ახალი ხელმძღვანელების დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს ზოგადად თეატრის როლის გაძლიერებას და კონკრეტული თეატრის განვითარებას, შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობას, მისი ინტენსივობის გაზრდას და ეს ყველაფერი უნდა იყოს ნასაზრდოები ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. და მრავალი სხვა, რომელიც ყველას კარგად მოეხსენება და რიტორიკით თავს არ შეგაწყენთ. ასე რომ, არსებული ვითრებიდან გამომდინარე, მე მაქვს რამდენიმე შეკითხვა და თხოვნა თუ მოთხოვნა, რომელზეც მინდა მივიღო კონკრეტული პასუხი…

 

1)თქვენ მიგაჩნიათ, რომ სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ამ მიზნისათვის შესაფერისი კანდიდატია ლევან ადამია, ხოლო დმანისის თეატრში – კოტე მჟავია? აქვე დავსძენ, თუ მიპასუხებთ, რომ ეს ორივე კანდიდატი მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ წარმოადგინა (რეალურად ეს ასეა) და ამიტომ პრიორიტეტი მათ მიენიჭათ; მაშინ, მე მეორე კითხვას დავსვამ – რა აზრი ჰქონდა მაშინ სარეკომენდაციო საბჭოს არსებობას, თუ თეატრალურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელი პირების (ამაში საწყენი არაფერია და ბუნებრივიცაა, რომელიმე მუნიციპალიტეტის გამგებელს სულ არ ევალდებულება ერკვეოდეს თეატრის საკითხებში და პრობლემებში) გადაწყვეტილებას მეტი წონა ექნებოდა? ასე ხომ ისედაც იყო წლების განმავლობაში; გამგებლების ნებით ინიშნებოდა რეგიონალური თეატრების ხელმძღვანელობა და ისიც საკმარისად მიიჩნეოდა, თუ თეატრი ფორმალურ სახეს მაინც ინარჩუნებდა. იყო გამონაკლისებიც, მაგრამ სენაკის და განსაკუთრებით დმანისის თეატრი სწორედ ასეთი ფორმალობის „საბურველქვეშ“ არსებობდა;                                                                                                                                            

2)გთხოვთ მომცეთ ახსნა-განმარტება, რა კრიტერიუმებით „მაჯობეს“ ჩემმა კონკურენტებმა ზემოხსენებული ორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად?

 

3)გთხოვთ საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს ზემოხსენებული ორი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული თეატრის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა;

 

4)გთხოვთ, მომცეთ საშუალება წარვსდგე სარეკომენდაციო საბჭოს წინაშე ამა თუ იმ თეატრში ჩემს კონკურენტთან ერთად, ბატონი მინისტრის, თქვენი და ჟურნალისტების თანდასწრებით; მაქსიმალური ობიექტურობისა და გამჭვირვალეობისათვის იქ თავიდან განიხილოს ეს კონკრეტული საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ, თავიდან ჩატარდეს საბჭოს წევრების მიერ, პროცედურულად დადგენილი – კანდიდატის გამოსავლენად საჭირო ფარული კენჭისყრა. მხოლოდ ეს ყოველივე არ უნდა გაიჭიმოს 2-4 სამუშაო დღეზე მეტი, რათა არ გაჩნდეს ახალი კითხვის ნიშნები.

 

ამ ღონისძიების შემდეგ თუ აღმოჩნდა, რომ მაქსიმალური გამჭვირვალეობის და ობიექტურობის პირობებში საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება მცდარია, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ არადა- „სამართალმა პური ჭამოს“.

 

კულტურის სფეროში წლების მანძილზე დაგროვილი „კლანურობის“ და უსამართლობის დასათრგუნად, სამართლიანობის გამარჯვებისათვის თუ გადაწყვეტთ და მიმიღებთ შეხვედრაზე და მიიღებთ ჩემს წინადადებას, პირველ რიგში, ობიექტური შედეგისათვის, გთხოვთ – წინდაწინ გაეცნოთ ჩემს შემოქმედებით მონაცემებს, დოკუმენტაციას და… როგორ და რა სპექტაკლი მომიხსნეს 2011 წელს ვაკის თეატრალური სარდაფის, იგივე ილიას უნივერსიტეტის თეატრის რეპერტუარიდან (ამ სპექტაკლით ბატონმა რევაზ თავართქილაძემ მიიღო პრემია „დურუჯი 2011“-მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მე არ ვგულისხმობ, რომ მოვლენა იყო ეს სპექტაკლი, არამც და არამც; მაგრამ უვარგის სპექტაკლებში ხომ არც მსახიობები ჯილდოვდებიან) და თავად მიხვდებით, თუ რატომ… ამ კითხვის დასმა აღარ იქნება საჭირო; შედეგად კი, ვგონებ თვალნათლად დაინახავთ ჩემს შემოქმედებით და მოქალაქეობრივ ორიენტირებს.

 

ბოლოს კი, რიტორიკისათვის დავსძენ… ჩემი „ქართული ოცნება“ სამართლიანობა, ობიექტურობა და პროგრესი იყო. როგორც მახსოვს, თქვენიც… მოდით, ამ პირობას მივსდიოთ, ყველამ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის. ვისაც რა შეუძლია, იმ საქმის კეთების საშუალება მიეცეს. არ მინდა გამტყუნდეს კიდევ ერთხელ „დიდი იმედები“… მე მინდა ამიხდეს ჩემი წილი „ქართული ოცნება“! მინდა იცოდეთ, სამხატვრო ხელმძღვანელობა ჩემი თვითმიზანი არ არის, ის ჩემი პოტენციის გამოვლენის, ჩემი საქმის კეთების, ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულების, ჩემს ხალხთან, ერთან საუბრის და სიკეთის კეთების საშუალებაა. ამისთვის კი მუდამ ვიბრძოლებ…

 

მასალების გადაბეჭდვის წესი