კომენტარი

ცოტნე გამსახურდია: მე–9 არხი იქნება მცირებიუჯეტიანი ტელევიზია

27 აგვისტო, 2013 • • 1723
ცოტნე გამსახურდია: მე–9 არხი იქნება მცირებიუჯეტიანი ტელევიზია

ცოტნე გამსახურდია„ნეტგაზეთი“ პრემიერთან საუბრის და მე–9 არხთან დაკავშირებული ინტერესების შესახებ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას ესაუბრა:

 

თქვენ როგორ მოხვდით ბიძინა ივანიშვილთან გამართულ ონლაინ კონფერენციაზე მე–9 არხის საკითხზე სასაუბროდ?

 

ია ანთაძე და ვასილ მაღლაფერიძე ჩემი მეგობრები არიან და შევუერთდი სამოქალაქო ინიციტივას. ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდაც ასე მოვხვდი. ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს?  

 

როგორ ჩაერთვებით პროცესში – ტელევიზიის აქციონერი იქნებით, თუ მენეჯმენტში იმუშავებთ?

 

მე–9 არხის აქციების შეძენას ვაპირებ და ასევე, შემიძლია ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას. შეიძლება მე არ ვარ ეგრეთ წოდებული „ტელევიზიონშიკი“, მაგრამ გამაჩნია გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები იმისათვის, რომ ამ წამოწყების წარმატებას ხელი შევუწყო.

 

რა თანხას ჩადებთ იმ სააქციო საზოგადოების კაპიტალში, რომელმაც ტელევიზია უნდა მართოს? 

 

ეს კომერციული საიდუმლოა, პირდაპირ გეტყვით. ეს თანხა საკმაოდ მოკრძალებული იქნება.

 

პრემიერმა განაცხადა, რომ მე–9 არხის შენახვა თვეში 1 მილიონი ლარი უჯდებოდა. ეს იყო წამგებიანი პროექტი. ამ შემთხვევაში, რა გარანტიაა, რომ თქვენ ფინანსურ მოგებას მიიღებთ?

 

ჩვენი კონცეფცია გახლავთ სწორედ ის, რომ ეს იქნება მცირებიუჯეტიანი ტელევიზია. რომელიც იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე და ბაზარზე ორიენტირებული. ის იქნება თავისუფალი ყოველგვარი ფინანსური თუ არაჯანსაღი გავლენებისაგან. ტელევიზია იქნება ორიენტირებული მხოლოდ საზოგადოებაზე და მის გემოვნებაზე. როგორც კი რაიმე არაჯანსაღი მომენტი იჩენს თავს, ეს ეგრევე აისახება საზოგადოების განწყობაზე ამ მედიასაშუალების მიმართ. ეს იქნება ასევე, მოგეხსენებათ, სააქციო საზოგადოება, და ვინაიდან ასე იქნება, მყისიერად გაუფასურდება მისი აქციები. ეს არ იქნება არც აქციონერების ინტერესებში და არც, საბოლოოდ, სამეთვალყურეო საბჭოსა და მენეჯმენტის. ჩვენი კონცეფციის ქვაკუთხედი სწორედ ის გახლავთ, რომ ეს არ იქნება არავითარ შემთხვევეში დოტაციური პროექტი. ჩვენ ბატონ ბიძინას დახმარებას მივესალმებით, მან გამოთქვა კიდეც სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა, როგორც ერთ–ერთმა რიგითმა აქციონერმა, მაგრამ მისი სურვილიც ეს არის და ჩვენც ვეთანხმებით, რომ ტელევიზია ყოველგვარი გავლენისაგან თავისუფალი იყოს. ეს ხელს შეგვიწყობს, რომ ჩამოვაყალიბოთ ჭეშმარიტად თავისუფალი ტელევიზია საქართველოში.

 

რა ვადებში შეიქმნება სააქციო საზოგადოება, როგორ მოხდება აპარატურის და შენობის გადმოცემა?

 

ჩვენ თვითონ შევიძენთ, ასე ვთქვათ, მესაკუთრისაგან აუცილებელ აქტივებს. ეს იქნება სიხშირე, აპარატურა თუ სხვა არამატერიალური აქტივი, სააქციო საზოგადოების ფულით. ეს მოხდება უახლოეს დღეებში. ამის იურიდიული ჩარჩოს გაკეთებაზე იურისტები მუშაობენ. ეხლა არ ვარ მზად, რომ კონკრეტულად გითხრათ.

 

რა თანხა დაასახელა პრემიერმა ტელევიზიის გასაყიდ ფასად დღეს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე? 

 

პრემიერს თანხა არ დაუსახელებია. ივანიშვილი მზად არის, რომ დამოუკიდებელი  ტელევიზიის განვითარებას ხელი შეუწყოს ისე, რომ თავისუფალი იყოს მისი გავლენისაგან. ჩვენც არ გვინდა, მას კიდევ ერთი უხერხულობა შევუქმნათ. გვექნება, ასე ვთქვათ, ზომიერი პირობები მისი მხრიდან. ეს ჩვენთვის უკვე იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, ხოლო შემდგომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ არც პრემიერს დააწვეს ტვირთად ეს ტელევიზია და თავისუფალი ვიყოთ გარეშე ფინანსური თუ პოლიტიკური გავლენებისაგან.

 

თქვენ განაცხადეთ, რომ პემიერი შეიძლება იყოს მე–9 არხის აქციონერი. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური გავლენისაგან თავს როგორ დაიცავთ?

 

ეს სურვილი თავად გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმა. აქ არის სიმბოლურ აქციებზე საუბარი. მას არ ექნება საკონტროლო პაკეტი და არც რაიმე დიდი წილი.

 

შეინარჩუნებთ თუ არა მე–9 არხის მენეჯმენტს და თანამშრომლებს?  ვინ დასაქმდება ამ ტელევიზიაში? 

 

ეს აღარ იქნება, როგორც ასეთი, იგივე მე–9 არხი. ეს იქნება თავისუფალი ტელევიზია. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულ რაოდენობას თანამშრომლებისას, მე–9 არხის ყოფილი თანამშრომლები იქნება თუ სხვა ტელევიზიის თანამშრომლები, თუ დღეს დაუსაქმებელი პროფესიონალები, შევინარჩუნებთ და დავიქირავებთ. მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მოზიდული კაპიტალი და ბიუჯეტი, რა  აქტივობების საშუალებას მოგვცემს.   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი