ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე: მე–9 არხის საკითხზე პრემიერმა ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

20 სექტემბერი, 2013 • • 1348
ვასილ მაღლაფერიძე: მე–9 არხის საკითხზე პრემიერმა ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

 

როგორც “ნეტგაზეთს” ჯგუფის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, გუშინ, 19 სექტემბერს მათ დაუკავშირდა პრემიერის წარმომადგენელი და უთხრა, რომ ივანიშვილს მათთან შეხვედრის სურვილი აქვს.

 

‘შეიძლება დღესაც შედგეს ეს შეხვედრა’, – ამბობს მაღლაფერიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

სააქციო საზოგადოება “ტელევიზია” 9 სექტემბერს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მისი დამფუძნებლები ია ანთაძე, ცოტნე გამსახურდია და ვასილ მაღლაფერიძე არიან. მათ მე–9 არხის საკითხზე საკუთარი გეგმები პრემიერს სწორედ ზემოხსენებულ პერიოდში გადაუგზავნეს. ვასილ მაღლაფერიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ივანიშვილი, სავარაუდოდ, სააქციო საზოგადოების მოსაზრებებს უკვე გაეცნო და მათთან შეხვედრას სწორედ ამიტომ გეგმავს.

 

“სამუშაო მოლოდინი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდება, წინასწარ ლაპარაკი ძნელია, რადგან ეს მოლაპარაკებები და ბიზნესია, არც უხდება საქმეს წინასწარ ლაპარაკი. პროცესი ჯერჯერობით ნორმალურად მიდის”, – აცხადებს მაღლაფერიძე.

 

ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბერს განაცხადა, რომ მას არარეალისტურად მიაჩნია “მეცხრე არხის” ბაზაზე საზოგადოებრივი ტელევიზიის დაარსება, თუმცა იგი 4 სექტემბრისთვის სააქციო საზოგადოების გეგმას ჯერ არ იცნობდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი