ახალი ამბები

ია ანთაძე: “მე-9 არხი” გასაყიდად მზად არ იყო

22 ოქტომბერი, 2013 • • 1576
ია ანთაძე: “მე-9 არხი” გასაყიდად მზად არ იყო

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად “მე-9 არხთან” დაკავშირებით, ია ანთაძე ამბობს, რომ არხის რესურსების აღწერის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის: 

 

“როდესაც ბოლო შეხვედრა გვქონდა ბატონ პრემიერთან, მან ამ იდეის მიმართ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა. ამის შემდეგ სხვა ეტაპზე გადავედით. მან ორი ადამიანი სპეციალურად შეგვახვედრა ამ საქმესთან დაკავშირებით და მათთან უნდა გაგვეგრძელებინა მოლაპარაკება. ეს ნიშნავდა იმას, რომ მათ უნდა წარმოედგინათ ჩვენთვის სია იმ რესურსის, რაც ტელევიზიის სახით იყიდება. პარალელურად, მიმდინარეობდა ტელევიზიის აღწერა. ცხადია, ჩვენ ველოდებოდით, რომ რაღაც გონივრულ ვადაში დასრულდებოდა აღწერა და დაიდებოდა სია იმისი, რაც იყიდება. ამ სიიდან ჩვენ გვეძლეოდა საშუალება შეგვერჩია ის, რაც გვინდოდა, შემდეგ- უკვე ფასზე და გადახდის ფორმებზე მოლაპარაკება. ბოლოს ისევ ითხოვეს მინიმუმ 2 კვირა. თქვეს, რომ ეს ძალიან რთული პროცესია და ზუსტად არ ვიცით, როდის დასრულდება.” 

 

ამასობაში, ანთაძის განმარტებით, არხმა “პირველ სტერეოსთან” დადებული ხელშეკრულება დაკარგა:

 

“ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჰქონდა “მე-9 არხს”, იყო მისი ხელშეკრულება “პირველ სტერეოსთან,” რაც ტელეკომპანიას საშუალებას აძლევდა ეთერში ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მოგეხსენებათ, როდესაც ტელევიზია აპირებს იყოს თვითდაფინანსებაზე, ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეკლამას, რაც პირდაპირ არის მიბმული იმასთან, თუ რამდენ ოჯახს აქვს საშუალება უყუროს ტელევიზიას. ეს იყო ძალიან ძვირფასი და მრავალწლიანი ხელშეკრულება. მაგრამ იქამდე, სანამ ეს აღწერა მიმდინარეობდა, ეს ხელშეკრულება დაირღვა, მათ გააფორმეს ახალი ხელშეკრულება სტუდია GDS-სთან, რეგიონებზე. რაც შეეხება თბილისში ჩვეულებრივი ანტენით მაუწყებლობის საკითხს, ამაზე მოლაპარაკება “პირველი სტერეოს” დირექტორთან დავიწყეთ. ამ ლიცენზიაში საკმაოდ ძვირი უნდა გადაგვეხადა. რა თქმა უნდა, სანამ არ გავარკვევდით მეორე საკითხს, რა მდგომარეობაა რესურსთან დაკავშირებით, მანამდე ფულს ვერაფერში გადავიხდიდით. ამიტომ გარკვეული ვადები იყო დათქმული, რამდენ ხანს დაგველოდებოდა “პირველი სტერეო”, რომ გაგკვერკვია რესურსის საკითხი?! ეს ვადა ამოიწურა 17 ოქტომბერს, დავრეკეთ და ვუთხარით, რომ ვერ ვაგრძელებთ ამ ეტაპზე მოლაპარაკებას.” 

 

კითხვაზე, რა გეგმები აქვს სააქციო საზოგადოებას იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების პროცესი ისევ გაიწელა დროში, ია ანთაძე ამბობს, რომ ეს, სავარაუდოდ, მორიგ შეხვედრაზე გაირკვევა: 

 

“ერთ-ერთი ადამიანი, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკება, საქართველოში არ იმყოფებოდა და გუშინ უნდა დაბრუნებულიყო. მორიგ შეხვედრაზე გაირკვევა, მოხერხდება თუ არა ყველა კომპონენტის შეჯერება და ტელევიზიის ამუშავება. ასეთ შემთხვევაში გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ერთ რაღაცაში ვერ გადავიხდით ფულს, თუ ყველა სხვა კომპონენტი დალაგებული არ არის.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი