ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს კვლავ კრიტიკული კითხვები თქვენს გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მას ცოტა ხნის წინ გადაუგზავნეთ?
კრიტიკული კითხვები არ ჰქონია, მაგრამ ჩვენ თვითონ გვაინტერესებდა, რა საფრთხეებს ხედავს ამ ინიციატივაში და მან ძალიან კონკრეტულად ჩამოგვითვალა ყველა საფრთხე, რომელიც, მისი აზრით, არსებობს ასეთ წამოწყებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ საქართველოში სააქციო საზოგადოების მიერ მართული ბიზნესი და, მით უმეტეს, ტელევიზია ახალი ხილია და, რა თქმა უნდა, თავისი საფრთხეები ახლავს, მაგრამ უფრო მეტად ჩვენ გვაინტერესებდა, რომ კონკრეტულად ეთქვა: სად, რომელ პუნქტებთან დაკავშირებით ჰქონდა მას ყველაზე მეტი კითხვა. მან გვითხრა ძალიან გულწრფელად, რომ იდეა მოსწონს და, რაც მთავარია, ეჭვი არ ეპარება, რომ ადამიანები გულწრფელად არიან დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს ასეთი ტიპის ტელევიზია. ასევე თქვა, რომ მისი მხრიდან იქნება ორი წარმომადგენელი, რომელიც დაიწყებს ჩვენთან უკვე მომავალი კვირიდან კონკრეტული საკითხების გავლას, ეს უკვე ტექნიკურ საკითხებს ეხება, რაც ჩვენ გვჭირდება, და როგორც უნდა მოვაგვაროთ იმის შესყიდვის საკითხი, რისი შესყიდვაც გვინდა, რა შეიძლება იჯარით ავიღოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ იურიდიულ ფორმებზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ შემდეგი კვირიდან მის წარმომადგენლებთან.
თუ არის ცნობილი მისი წარმომადგენლების ვინაობა?
ვერ გეტყვით. ბატონი კოკა ყანდიაშვილიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და მასთან გაირკვა ეს საკითხი. ჩვენ არ ვიცით, ჯერ ვინ არიან, მაგრამ მომდევნო კვირიდან გავიცნობთ.
დღეს მხოლოდ ამ წარმომადგენლების საკითხზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული? სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება თუ იყო?
ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში უნდა იარსებოს ტელევიზიამ, რომელიც იქნება სააქციო საზოგადოების მფლობელობაში და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ასეთი ტელევიზიის გაკონტროლების თეორიული შანსიც კი არ არსებობს, არათუ პრაქტიკული. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, როცა ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ მისი ხედვა ასეთია და მისი ნება ასეთია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუკი ასეთი ტელევიზია იარსებებს და თუკი ჩვენ შევძლებთ და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ამავდროულდ, მას ისევ რჩება ის კითხვები, რაც ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ასეთი ტელევიზიის მართვა და გაკონტროლება სააქციო საზოგადოების მიერ, თუმცა დღეს მისი პოზიცია მაინც უფრო თანხმობითი იყო, იმიტომ, რომ მან წაიკითხა ის კონცეფცია, რაც ჩვენ მივწერეთ და მკაფიოდ დაინახა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირებიუჯეტიანი ტელევიზიისთვის საარსებოდ აუცილებელი მინიმუმი და, რაც მთავარია, კონცეფციაზე თქვა, რომ ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც აქ წერიაო, ოღონდ ვნახოთ, როგორ გამოგივათო, ანუ, ფაქტობრივად, ახლა ჩვენს მოედანზეა ბურთი და ჩვენზეა დამოკიდებული, რაც გამოგვივა. მან დაწვრილებით ჩამოგვითვალა ის საფრთხეები, რასაც ხედავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგვხვდეს და ამ დაბრკოლებების ნაწილი უკვე შეგვხვდა და გზადაგზა უკვე ვლახავთ.
მაგალითად, რა დაბრკოლებებზეა საუბარი…
პირველ რიგში, საუბარია იმაზე, რომ სააქციო საზოგადოება რომ შედგეს და აქციები გაიყიდოს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ნდობა იმის, რომ რაშიც ისინი ფულს იხდიან, ნამდვილად ღირს ამად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი საფრთხე არის ეს, რომ საზოგადოებას სინამდვილეში ექნება თუ არა ნება, რომ თავისი პირადი რესურსი ამოიღოს და დადოს ასეთი ტელევიზიის არსებობისთვის. შემდეგ მან თქვა, რომ იქნება, ალბათ, პრობლემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეთავსდეს ერთმანეთთან კარგი ჟურნალისტები და მცირებიუჯეტიანი ტელევიზიის რესურსი, ანუ ვინ იქნებიან ეს ადამიანები, როგორ შევძლებთ ჩვენ, რომ მცირე რესურსებით კვალიფიციური რესურსები მოვიზიდოთ და როგორ შევძლებთ, რომ სამეთვალყურეო საბჭო იყოს აბსოლუტურად თანხმობითი და საბჭომ თავის თავზე ავიღოთ ის ფუნქცია, რასაც, ვთქვათ, კონტროლის პალატა აკეთებს ქვეყანაში – სააქციო საზოგადოების კუთვნილი ფულის ყველა კაპიკი უნდა გაკონტროლდეს პატიოსნად. ამ ტიპის კითხვები ჰქონდა მას. რა თქმა უნდა, იქ ჩვენ არ ვიყავით იმისთვის მისული, რომ იგი გადაგვერწმუნებინა, უბრალოდ, მან წაიკითხა ყველაფერი, რაც დავწერეთ და ამიტომ დღეს გაცილებით უფრო დადებითად იყო ამ იდეის მიმართ განწყობილი, ვიდრე პირველი შეხვედრისას. თუმცა მაშინაც თქვა და ახლაც, რომ ძალიან მიესალმება, თუკი ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ ახალი ტიპის ტელევიზია დავაფუძნოთ. თქვა, რომ მას სჯერა შესაძლებელია თვითკმარი ტელევიზიის არსებობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მან თქვა, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ტელევიზიამ იარსებობს თავისი შემოსავლებით.
თქვენ გქონდათ კონტრარგუმენტები [მის კითხვებთან დაკავშირებით]?
ჩვენ დიდწილად გამოვაქვეყნეთ უკვე ჩვენი კონცეფცია, მთლიანად არა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი გამოქვეყნებულია. საქმე ის არის, რომ პირველი საუბრის შემდეგ მას ჩვენთან 3 თხოვნა ჰქონდა: პირველი, უნდა ჩამოგვეწერა სია იმ რესურსის, რაც ჩვენ გვჭირდებოდა მე–9 არხიდან, მეორე იყო ის, თუ როგორ შეძლებდა სააქციო საზოგადოება ტელევიზიის, როგორც ბიზნესის მართვას და მესამე, ხომ არ შეუშლიდა ხელს ეს ახალი ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელს. პირველ საკითხთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, მესამე საკითხთან დაკავშირებითაც პრობლემა არ ყოფილა. მან თქვა, რომ მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირიქით დაეხმარება და გააძლირებსო, თუკი შეძლებთ და ასეთ ტელევიზიას მართლაც შექმნითო. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ იმას, თუ როგორ მართავს სააქციო საზოგადოება ტელევიზიას როგორც ბიზნესს, მას თავისი შეკითხვები ისევ დარჩა იმის შემდეგ, რაც ჩვენ მივწერეთ და მან ისევ თქვა, რომ 50/50–ზეა შანსი, რომ ეს გამოვიდეს, ან არ გამოვიდესო.
რაც შეეხება მე–9 არხის თანამშრომლების საკითხს, იცით, რომ ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული ტელევიზიაში, თქვენ ამბობთ, რომ ახლა მცირებიუჯეტიანი ტელევიზიაზეა ლაპარაკი. თუ იცით, ზუსტად რამდენი ადამიანი მუშაობდა მე–9 არხზე და როგორც შემცირდება მათი რაოდენობა. ასევე საინტერესოა, ძველი თანამშრომლები რჩებიან ტელევიზიაში თუ ახლები მოგყავთ?
იქმნება ახალი ტელევიზია. ამ ახალ ტელევიზიაში ვინ იმუშავებს, ამას გადაწყვეტს ტელევიზიის მენეჯმენტი იმის მიხედვით, რაც იქნება ტელევიზიის კონცეფცია. ახლა მე რომ თქვენ გითხრათ, რამდენი ადამიანი იმუშავებს ტელევიზიაში, ძალიან არასერიოზული იქნება, მაგრამ მე გეუბნებით, რომ თანრიგობრივად გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო და ეს ყველფერი მიბმულია ტელევიზიის კონცეფციასთან და კონცეფცია უკვე იქნება ცხადი მაშინ, როცა იქნება ეს საჯარო შეთავაზება, რადგან ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რაში იხდიან ფულს. მანამდე კონცეფციის დეტალები არის საკმაოდ დახურული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი ყველასთვის.
რაც შეეხება ფასს. თუ არის ცნობილი, ჯამში, რა დაუჯდება სააქციო საზოგადოებას ამ ყველაფრის ყიდვა?
ჯერ არ დაგვიწყია საუბარი მე–9 არხის მფლობელების წარმომადგენლებთან. ვნახოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრემიერს რაღაც რიცხვები მივწერეთ, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ვისაუბრო. ჩვენ ჩამონათვალიც მივწერეთ და ისიც მივწერეთ, თუ საბოლოდ რა თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ტელევიზიამ პირველი 6–12 თვე იფუნქციონიროს, მაგრამ ემისიის პროსპექტი არის დოკუმენტი, რომელიც ბიზნეს–გეგმასთან ერთად წარედგინოს ეროვნულ ბანკს მანამ, სანამ ის მოგვცემს უფლებას, რომ აქციები განვათავსოთ და ემისიის პროსპექტის წარდგენამდე ასეთი დეტალები მაინც არის, ასე ვთქავთ, ღია. სამეთვაყურეო საბჭოს სხდომებიც არ არის ღია… ეს ამ ეტაპზე მხოლოდ და უახლოეს მომავალში აბსოლუტურად ყველაფერი გამოქვეყნდება და ყველას ექნება საშუალება, რომ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს ტელევიზიის შესახებ.
ერთადერთს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნება მცირებიუჯეტიანი ტელევიზია, რომელიც იქნება უფრო სხვა ტიპის ტელევიზია, ვიდრე იყო აქამდე, თუმცა მცირებიუჯეტიანი ტელევიზიის მაგალითები იყვნენ რუსთავი 2, თავიდან როცა იწყებდა, “მაესტრო”, თავიდან როცა იწყებდა, კავკასია დღემდე, ეს არ ნიშნავს, რომ შინაარსობრივად ისეთივე იქნება, როგორიც ეს ტელევიზიები იყვნენ, მაგრამ დაახლოებით მოცულობაზე რომ გქონდეთ წარმოდგენა, ეს მინდა გითხრათ. ეს იქნება ტელევიზია, რომელსაც წლის განმავლობაში დასჭირდება მთელი სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის 6–5 პროცენტი.
ბიძინა ივანიშვილს ხომ არ გამოუთქვამს სურვილი, ან ხომ არ იყო ამაზე საუბარი, რომ უფასოდ გადასცეს სააქციო საზოგადოებას?
იცით რა, კიდევ ჰქონდა, როგორ არა… სურვილი როგორ, სურვილი არ ჰქონდა, მან თქვა, რომ რაკი თქვენ გაქვთ პრობლემაო, ამიტომ მე მოგყვებით იმ ნაბიჯებში, რომელსაც თქვენ თვლით საჭიროდ და ეს ჩუქებასთან დაკავშირებით თქვა ზუსტად, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ არ გვინდა ნაჩუქარი, იმიტომ, რომ ეს ნაჩუქარი… მასაც დაჟინებით კი არ უთქვამს, უბრალოდ, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შეუძლია, რომ ამ ტიპის დახმარებაც გაგვიწიოს, მაგრამ არ იქნება ნაჩუქარი, იქნება რაღაც სხვა ტიპის შეღავთები ალბათ, იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში იყოს ტელევიზია, რომლის მენეჯმენტი იქნება პოლიტიკისგან თავისუფალი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.