კომენტარი

პაატა ზაქარეიშვილის წერილი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე

26 აგვისტო, 2013 • 1601
პაატა ზაქარეიშვილის წერილი რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შედეგად, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს ის მცირე თავისუფლებაც კი, რაც მათ აქამდე ჰქონდათ. რეალურად, ისინი იზოლაციაში აღმოჩნდნენ. უცხო ქვეყნის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. ამ რეგიონების ეკონომიკა მთლიანად რუსეთის ხელშია, პოლიტიკური თვალსაზრისით კი მათი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება სულ უფრო მეტად იხშობა. ამდენად, აფხაზეთისა  და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებმა არა მხოლოდ ვერ მიაღწიეს საერთაშორისო აღიარებას, არამედ დიდი სახელმწიფოს მიერ მათი შთანთქმის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

 

სამწუხაროდ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებამ რუსეთს მისცა შესაძლებლობა, ხალხთა შორის ხელოვნური ბარიერები აღემართა, რაც  მავთულ-ხლართების გავლებაში გამოიხატა. გამყოფ ხაზებს ზიანი მოაქვს აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის, რამეთუ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა მხოლოდ რუსეთის საშუალებით გარე სამყაროსთან მდგრადი კავშირი.

 

შექმნილი ვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აფხაზებისა და ოსების, როგორც ეთნოსების, არსებობასაც. ბუნებრივია, არსებული ვითარება იწვევს საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას.  ჩვენ ვზრუნავთ და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აფხაზური და ოსური ენების, მათი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობა გააჩენს მომავლის იმედს, იმედს, რომ ჩვენთან ერთად შეძლებენ ევროპულ სივრცეში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ეს კი, თავის მხრივ, წარმოშობს მათი ხელშეუხებლობის ურყევ გარანტიასა და ეკონომიკური განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

 

რაც შეეხება რუსეთს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით წაგებული დარჩა ისიც.  ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მისგან დავალებულმა სულ რამდენიმე სახელმწიფომ მიბაძა, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ახლახან, დაამყარა რა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, ოფიციალურად ცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად აცნობიერებს, რომ ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს არა ძალის გამოყენებისა და მავთულხლართების გაბმის გზით, არამედ მოლაპარაკებებისა და ხალხებს შორის ნდობის აღდგენის მეშვეობით, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთი ფაქტობრივად იზოლირებული აღმოჩნდა საერთაშორისო არენაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის უდავოდ წამგებიანია.

 

ამასთან, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლით აღიარებული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სეპარატიზმის მხარდაჭერა წარმოშობს საფრთხეებს ქვეყნის შიგნით, რამეთუ ამით რუსეთი ირიბად აქეზებს მის ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს და ქმნის უარყოფით პრეცედენტს რუსეთის ტერიტორიაზევე. რუსეთის ისტორიული ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირებების გათვალისწინებით, მოსკოვს პრაგმატულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად უნდა მიაჩნდეს სეპარატისტული მოძრაობების არათუ წახალისება, არამედ მეზობლებთან ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზაობა, ვიყოთ ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობის ფაქტორი და აქტიურად ვითანამშრობლოთ რუსეთთან საერთო ინტერესების დასაცავად, მათ შორის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვაში.

 

საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა ფაქტობრივად საქართველოსთან  დამაკავშირებელი ბოლო ძაფიც გაწყვიტა. საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგებით და ევროატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანებით,  თავის არასტაბილურ რეგიონთან, რუსეთი ჩვენი სახით სანდო მეზობელსა და პარტნიორს შეიძენს. საქართველოს პოზიცია ნათელია – საქართველოს ხელისუფლებას სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, კულტურული, ხალხთა შორის კავშირებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, როგორც ამას ცხადყოფს უკანასკნელ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების განახლება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ე.წ. საელჩოა განლაგებული.

 

გვჯერა, დროთა განმავლობაში რუსეთი მიხვდება, თუ რა მოუტანა მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებამ. საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი კრიტიკა, საქართველოს, როგორც პარტნიორის, დაკარგვა, მის მიერ აღიარებული ტერიტორიების შენახვის ხარჯები უნდა ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის  ეროვნულ ინტერესებს.

 

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საერთაშორისო არენაზე, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში, ჩვენს დასავლელ მეგობრებთან აქტიურ მუშაობას, რათა რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს. ამავდროულად, საქართველო მადლიერია დასავლელი პარტნიორებისა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არაღიარების პოლიტიკის ესოდენ მტკიცედ მხარდაჭერისა და ეფექტურად გატარებისათვის. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დასავლეთის მეტ ჩართულობას. მომავალშიც დასავლეთის მხრიდან არაღიარების მყარი პოლიტიკის შენარჩუნება იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოს ხელისუფლება ცალმხრივად გადადგამს თამამ ნაბიჯებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებების მიმართ ნდობის აღდგენისა და მათი დეიზოლაციის მიზნით.  

 

ღრმად ვართ დარწმუნებული, ყველა მხარე მალე გააცნობიერებს ხუთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების უარყოფით შედეგებს, რამაც სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო სასურველ მიზანს ყველა ააცილა. აღნიშნული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება ყოველთვის შეიძლება თითოეული დაინტერესებული მხარის სახის შენარჩუნებითა და მათი რეალური ინტერესების გათვალისწინებით.

 

რედაქციის შენიშვნა: პაატა ზაქარეიშვილის ეს წერილი მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი