კომენტარი

კვიტაშვილი: რექტორობის წინაპირობა დოქტორის ხარისხი არ უნდა იყოს

11 ივნისი, 2013 • • 1196
კვიტაშვილი: რექტორობის წინაპირობა დოქტორის ხარისხი არ უნდა იყოს

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ თანამდებობის დატოვება. ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენ წინააღმდეგ მიმართული აქტია?

 

ჩემ წინააღმდეგ რომ იყოს ეს კანონი მიმართული, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. არა მგონია, ეს ასე იყოს. თუმცა პრობლემა არის ამ კანონპროექტის არსთან და ფორმასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის საქმიანობაში ხდება საბჭოს უგულვებელყოფა იმიტომ, რომ, როგორც წესი, უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს აკადემიური საბჭო და ეს აქამდე ყველა ხელისუფლების პირობებში ასე იყო. ამ უფლების ჩამორთმევა, მე ვფიქრობ, არის მართლაც უპრეცედენტო ჩარევა უნივერსიტეტების საქმიანობაში, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა ამ კანონპროექტში. აქ ძალიან ბევრი პრობლემური საკითხია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან ბევრ პრობლემას გამოიწვევს.

 

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

 

როგორც ჩანს, ეს გაკეთებულია ხალხის მიერ, რომელიც ძალიან ცუდად ერკვევა უნივერსიტეტების საქმიანობაში, როგორ

ალექსანდრე კვიტაშვილი
ალექსანდრე კვიტაშვილი

ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, როგორ ხდება შემოსული თანხების გადანაწილება, როგორ ხდება ხელფასის წარმოების საქმე, ვინაიდან თუნდაც ის, რომ გათანაბრებული იყოს ხელფასები, ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, თუ არ მოხდება პროფესორთა ერთი ნაწილისთვის ხელფასების ჩამოკლება და ამის ხარჯზე სხვებისთვის მომატება. ასევე, საკმაოდ რთული და არასწორია ის, რომ დოქტორანტებს არ აქვთ საშუალება წაიკითხონ ლექციები როგორც ასისტენტ- პროფესორებმა. ესეც ცუდია იმიტომ, რომ ეს შეუშლის ხელს უნივერსიტეტს ახალი კადრების მოზიდვაში და თუნდაც დოქტორანტების, რომლებსაც სურთ სადოქტოროზე სწავლა და უნივერსიტეტში დარჩენა პროფესორად.

 

მე მიმაჩნია, რომ პროფესურის ოთხსაფეხურიანი სისტემის შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა იმ კონკურსის გადახედვა, რომელიც ჩატარდა უნივერსიტეტში. თუმცა ყველაზე უფრო გაუგებარია ის ფაქტი, რომ გუშინ განათლების სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა, სადაც მიწვეული ვიყავით დიდი უნივერსიტეტების რექტორები. ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ იქმნება ახალი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, ვინაიდან, მათივე თქმით, ძველი კანონი არ იკითხება და მას არავითარი აზრი არა აქვს. სამინისტრომ ჩვენ გვთხოვა, მონაწილეობა მიგვეღო ამ კანონის ფორმირებაში. ასევე იყო სსიპ–ებისთვის სპეციალური კანონის მიღებაზე. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და საინტერესო შეხვედრა.

 

შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი კანონპროექტის იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლის შესახებაც დღეს, 11 ივნისს გახდა ცნობილი?

 

სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ იმ კანონზე, რომელზეც ჩვენ უნდა გვესაუბრა, პარლამენტის კანცელარიაში უკვე 31 მაისს არის შესული. მთავრობას 30 მაისს აქვს ეს დადგენილება მიღებული და შემდეგ გადაგზავნილი პარლამენტში. ჩემთვის ცოტა გასაკვირია, რა საჭირო იყო 10 ივნისს ამ შეხვედრის ჩატარება იმიტომ, რომ უკვე ტენდენციად იქცა, უნივერსიტეტებს არავინ არაფერს არ ეკითხება იმ რეფორმებთან და რეგულაციების შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. სამინისტროს მხრიდან 10 ივნისის შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მრჩეველი მამუკა ბერიაშვილი, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები დავით ზურაბიშვილი და თამარ სანიკიძე.

 

რამე ერთობლივი ნაბიჯის გადაგმას ხომ არ აპირებთ სხვა უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად? როგორ აპირებთ რეაგირებას ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე?

 

ჩემი პირადი აზრია და არ ვიცი, რამდენი გაიზიარებს, რომ ეს არის რეტროგრადული კანონპროექტი, გასული საუკუნის 70–იან წლებში, ან უკეთეს შემთხვევაში, 90–იან წლებში დაბრუნებაა, ვინაიდან აქ სახელმწიფო განსაზღვრავს ყველაფერს, მათ შორის, ხელფასების გაცემის წესს. ეს გამოიწვევს იმას, რომ გაჭირდება უნივერსიტეტში კვალიფიციური კადრების მოზიდვა, სასწავლო პროცესს კი ძალიან დიდი ზიანი მიადგება, თუ მოხდება ხელახლა აკადემიური კონკურსების ჩატარება. თუ ამას ეყოლება თანამოზიარე, ვნახოთ. არ არის მხოლოდ პირადი საკითხი, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იქიდან გამომდინარე, რა ფუნქციაც აკისრია უნივერსიტეტის რექტორს უნივერსიტეტის მართვაში, აქ აუცილებელი წინაპირობა დოქტორის ხარისხი არ უნდა იყოს, რადგან რექტორი არ არის ჩართული სასწავლო პროცესში, არ განსაზღვრავს სასწავლო პროგრამებსა და კურიკულუმებს. ამისთვის უნივერსიტეტში არის ხარისხის სამსახური, ფაკულტეტის საბჭოები, აკრედიტაციის სამსახური. იმის თქმა, რომ რექტორი აუცილებლად უნდა იყოს ის, ვისაც აქვს დოქტორის წოდება, ეს, ჩემი აზრით, აუცილებელი წინაპირობა არ არის ამ პოსტის დასაკავებლად. ჩემი 30–წლიანი გამოცდილება მართვის და ასევე ნიუ–იორკის უნივერსიტეტის ხარისხი საჯარო მმართველობაში მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე მაქვს ყველანაირი გამოცდილება უნივერსიტეტის სამართავად. თუმცა, რადგან ეს ცვლილება შედის კანონში, მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და ცხადია, ამის გამო ბევრს ვერაფერს ვერ ვიზამ. ცხადია, აქ საუბარია იმ ფორმაზე, როგორ ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ განხორციელება. პრაქტიკულად, ეს არის გაგრძელება იმ გამონათქვამებისა, რომ უნივერსიტეტების საბჭოებში არიან ჩანერგილები, შპიონები, მოსადის აგენტები და კიდევ ათასი რამ იყო ნათქვამი, მათ შორის ისიც, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, გადაწყვიტონ უნივერსიტეტის საქმეები. ეს არის ამ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ახლა უკვე კანონად იქცევა.

 

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მსგავს კამპანიას თუ აწარმოებდნენ კონკრეტულად თქვენ წინააღმდეგ? ხელისუფლებისგან გრძნობდით მსგავს დამოკიდებულებას?

 

მე აბსოლუტურად თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღემდე არავითარი უარყოფითი დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ მიგრძვნია, თუმცა არც დიდი მოთხოვნა ჩვენთან თანამშრომლობაზე არ ყოფილა. ერთადერთხელ იყო უმაღლესი განათლების განვითარების გეგმის პრეზენტაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. ამ კუთხით სხვა რაიმე კოლექტიური თანამშრომლობა არ ყოფილა. რაც შეეხება რაიმე მინიშნებას, სურვილის გამოხატვას ან ზეწოლას ჩემ მიმართ, მსგავსი რამ არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი