კომენტარი

აგვისტოს ომის დაანონსებული გამოძიება

17 აპრილი, 2013 • 1526
აგვისტოს ომის დაანონსებული გამოძიება

ქალბატონო ლია, აგვისტოს ომის გამოძიება ამდენი წლის შემდეგ რატომ გახდა აქტუალური? თუ ეს პროცესია, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ნაკლებად იცის?

 

ეს პროცესი დაიწყო 2009 წლის ოქტომბრიდან – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუსმინა ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და მიიღო რეზოლუცია, ჰააგის ტრიბუნალს იმ ფაქტების გამოძიება დაეწყო, რომელიც ტალიავინის ანგარიშშია ჩამოთვლილი. ტალიავინის კომისიამ ფაქტები კი მოიძია, მაგრამ სამართლებრივი შეფასება არ გაუკეთებია. ჩვენ, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოს (რომის სტატუტის ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ისეთი დანაშაულების გამოძიებისა და დასჯის მიზნით, როგორიცაა გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის დანაშაული და აგრესია), ნაკისრი გვაქვს ვალდებულება გამოვიძიოთ, თუ ომის დანაშაული ჩადენილია ჩვენს ტერიტორიაზე.

 

საქართველოს პროკურატურას არ უთანამშრომლია რუსეთის ფედერაციის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან, მიუხედავად იმისა, რომ მინსკის კონვენციით ეს ორი სახელმწიფო ვალდებულია ერთმანეთთან ითანამშრომლოს. რომ არ უთანამშრომლია თუნდაც იმ საქმეებით ვიცი, რომლებიც ჩვენ გვაქვს სტრასბურგში გაგზავნილი. ჩვენ ვკითხეთ რუსეთს, თუ გამოიძიეს ის კონკრეტული დანაშაული, რაც ჩვენს კლიენტებს უკავშირდებოდა. რუსეთის ფედერაციიდან მოგვწერეს, რომ მათ საქართველოს პროკურატურა არ ეკონტაქტება, ინფორმაციას არ აწვდის და თვითონაც არ ითხოვს.

 

შიდა დონეზე გამოძიების ვალდებულება საქართველოს ჰქონდა და უნდა შეესრულებინა, რაც დღემდე არ შეუსრულებია. ახლა, რაკი პოლიტიკური ნება გაჩნდა, ჰააგის ტრიბუნალმა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების შესაძლებლობა მისცა.

 

რას ითხოვდა ჰააგის ტრიბუნალი და აქამდე რა ტიპის თანამშრომლობა არ შედგა?

 

მე არ ვიცი კონკრეტულად რა დოკუმენტებს ითხოვდა, რადგან ეს ყველაფერი კონფიდენციალურია. მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და სჭირდებათ მეტი.

 

რუსეთს თუ უყენებს იმავე მოთხოვნებს ჰააგის ტრიბუნალი და თუ არა, რატომ?

 

არა, რადგან რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი. ჰააგის ტრიბუნალი იძიებს კონკრეტული ფიზიკური პირების დანაშაულს. თუ ომის დანაშაული მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე (მოქალაქეობას არ აქვს მნიშვნელობა) და თუ დადგინდება, რომ გენოციდი, ეთნოწმენდა ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ ჩაიდინა რუსულმა მხარემ, ისინი მათ პასუხისგებაში მისცემენ.

 

ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

ჰიპოთეტურად თუ უშვებთ, რომ ჰააგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ვლადიმერ პუტინი ცნოს?

 

როგორც კი მტკიცებულება იქნება საკმარისი, როგორც კი ჰააგის სასამართლოს პროკურატურა დაადგენს, რომ საკმარისი მტკიცებულება არსებობს კონკრეტული პირის წინააღმდეგ, რითაც უტყუარად დასტურდება სამიდან ერთ-ერთი დანაშაული, რა თქმა უნდა, როგორც ორგანიზატორს, ბრალს წაუყენებენ. სწორედ ამიტომაც საქართველოს პროკურატურამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია ჩვენი პროკურატურა რამდენად შეძლებს საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებასა და ტრიბუნალისთვის გადაცემას.

 

თუნდაც ვლადიმერ პუტინის სამხილებლად?

 

პუტინი იქნება თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. ტრიბუნალიდან ჩამოსული ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებას ვერ მოახერხებს, თუ მას ჩვენი საგამოძიებო ორგანოები არ დაეხმარებიან. მე კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, მაგალითად, თინა ბურჯალიანს. მან თქვა, რომ ბევრი რამ გააკეთა პროკურატურამ. ჩვენ გაუპატიურების საქმეზე მივმართეთ მათ, ვუთხარით, რომ გვყავს ოსური მხარის მსხვერპლი, რომელიც თანახმაა მისცეს ჩვენება. ეს ქალი არ დაკითხეს. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს საქმე შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებულიყო, როგორც ჰააგაში, ისე – სტრასბურგში. ჰააგაში სარჩელი უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ ჩვენ მხარეს დიპლომატიური საშუალებები არ ჰქონდა გამოყენებული. თინა ბურჯალიანმა 12 აგვისტოს რომ შეიტანა საჩივარი, უნდა სცოდნოდა, რომ ვიდრე საჩივრით სასამართლოს მიმართავდა, უნდა ამოეწურა დიპლომატიური საშუალებები რუსეთის ფედერაციასთან ამ ომის გამო, მაგრამ მათ ეს არ გაუკეთებიათ.

 

გაუპატიურების საქმეში რუსი სამხედროები ფიგურირებდნენ?

 

მსხვერპლის თქმით, 1-2 იყო რუსი სამხედრო, 1-2 ოსი ბანდფორმიერების წარმომადგენელი, 5 ადამიანი იყო ერთდროულად. ქალი ამბობდა, რომ შეეძლო მათი იდენტიფიცირება. გამოძიებას მსხვერპლი რომ დაეკითხა, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი საქმე რუსეთის წინააღმდეგ.

 

ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას დაახლოებით ასეთი რამ თქვა: რუსულმა შენაერთებმა მას შემდეგ გადმოლახეს საზღვარი, რაც ქართულმა მხარემ გახსნა ცეცხლი. აქამდე ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ პირიქით მოხდა. პრემიერის ეს განცხადება რამდენად დააზარალებს ქვეყანას?

 

ეს არის პოლიტიკური განცხადება. მის უკან რა სამართლებრივი არგუმენტაცია დევს, ეს პროკურატურამ უნდა თქვას. ვფიქრობ, ივანიშვილი არ გააკეთებდა ამ განცხადებას, რომ არ ჰქონდეს ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებისგან. ამას უნდა მოჰყოლოდა მთავარი პროკურორის განცხადება, რა იგულისხმა პრემიერმა.

 

თუ დავუშვებთ, რომ გამოძიება საქართველოს ბრალეულობას გამოკვეთს, ეს შედეგი, მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობას ხომ გაუჩენს სურვილს, აღიარონ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა?

 

არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. სახელმწიფოს გაცილებით აზარალებს ომის დანაშაულის არგამოძიება. სახელმწიფოს დემოკრატიულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რამდენად ასრულებს ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. პირველ რიგში, იგულისხმება გამოძიების ჩატარების ვალდებულება.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, – თუ ჩვენ ომის დანაშაულთან დაკავშირებით გავჩუმდებით, ეს ცივილიზებული  საზოგადოებისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ რაღაცას ვმალავთ. თუ ჩვენთან დანაშაული მოხდა, ჯობია ყველა კითხვას გავცეთ პასუხი. არ ვიცოდეთ, ვინ არის დამნაშავე ადამიანურ ტრაგედიებსა თუ ტერიტორიების დაკარგვაში, უფრო დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, ვიდრე ამ საქმის გამოძიება.

 

ყოფილი ხელისუფლება ამბობს, რომ ამაში დამნაშავე რუსეთია. რატომ არ არის ეს საკმარისი არგუმენტი?

 

ყოფილ ხელისუფლებას უნდა გამოეძიებინა ეს ფაქტები, თუ ვერ დაიჭერდა დამნაშავეს, დაუშვათ რუსეთის მხარეს, მას უნდა ჰქონოდა უტყუარად დადგენილი, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და უნდა მოეთხოვა პასუხი ამ კონკრეტული დამნაშავეებისთვის… უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში არ მიცემა, გვიქმნის სერიოზულ რისკს, რომ კვლავ განმეორდეს ასეთი ტრაგედია. ჩვენ 90-იანი წლების აფხაზეთის, ცხინვალის კონფლიქტებიც არ გამოგვიძიებია და არც პასუხი მოგვითხოვია ვინმესთვის, ამიტომ დატრიალდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია. ამ ტიპის ტრაგედია მანამ დატრიალდება, სანამ დამნაშავეს არ დავსჯით.

 

საპარლამენტო კომისიამ ხომ გამოიძია ეს საკითხი?

 

პაატა დავითაიას კომისიის დასკვნა არის უსუსური, როგორც საგამოძიებო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილმა ევაკუაციასთან დაკავშირებით თქვა, “შესაძლოა ჩვენ ეს მომენტი გავუშვით ხელიდან”. მე ამას ვეძახი აღიარებით ჩვენებას. მან ამ ფრაზით დაადასტურა, რომ ევაკუაცია არ მომხდარა. თუ ეს კომისია შექმნილი იყო ომის საკითხის გამოძიებისთვის, მაშინ უნდა ეკითხათ, რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ, რა შეძლო, რა ვერ შეძლო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით. დავითაიას კომისიამ არც ერთი დასაზუსტებელი კითხვა არ დასვა. შედეგად მივიღეთ უსუსური დასკვნა.

 

არჩევნებიდან 6-7 თვის თავზე ქართულმა მართლმსაჯულებამ ვერ გამოიძია ვერც ერთი გახმაურებული საქმე. რამდენად შეძლებს ის ისეთი მძიმე დანაშაულის გამოძიებას, როგორიც არის ომის დანაშაული. ეს ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების გადაფარვის მცდელობა ხომ არ არის?

 

ვარაუდი, რომ გადაფარვის მცდელობასთან გვაქვს საქმე, მეც მაქვს. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი მომავალ დროში გველაპარაკებიან, რომ დაკითხავენ, გამოიძიებენ, იმის ნაცვლად, რომ უკვე შედეგები მოგვახსენონ და გვითხრან, რა დაადგინეს, ვინ დაკითხეს, რა გამოიძიეს. ახლახან რა განცხადებაც გააკეთა მთავარმა პროკურორმა, რომ თურმე გერმანიიდან ჩამოდიან ექსპერტები, რომლებიც მათ დაეხმარებიან ციხის წამების ფაქტების სწორად კვალიფიკაციაში, არის უსუსური. კვალიფიკაცია აქ უნდა გაკეთდეს და მერე უნდა ჰკითხო მოწვეულ სპეციალისტს ამ დასაბუთებას იზარებს თუ არა. ვერ გამოავლინეს ის პირებიც კი, ვინც პარლამენტის მიერ პოლიტიკური დევნის მსხვერპლად აღიარებული პირების საქმეები შეთითხნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი