კომენტარი

ნელი ნაბიჯებით დემოკრატიისაკენ?

10 მარტი, 2013 •
ნელი ნაბიჯებით დემოკრატიისაკენ?

ქვეყნის ამ მიღწევას ნაწილი მოქალაქეებისა წინა ხელისუფლების უპირობო დამსახურებად თვლის, ზოგი ყოფილი ოპოზიციის გაერთიანებას და მისი ლიდერის დამსახურებად მიიჩნევს, ზოგი მიუთითებს დასავლეთის მნიშვნელოვან როლზე, ზოგი საუბრობს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობის მაღალ ხარისხზე, რაც არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით, არამედ საარჩევნო უბნების მოქალაქეთა მიერ დაცვით და აქტივობის სხვა ფორმებში გამოიხატა.

 

ჩამოთვლილი ფაქტორებს ხშირად აწყვილებენ – ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ნება და დასავლეთის ზეწოლა, ოპოზიციის გაერთიანება და საზოგადოების აქტიურობა. ინტერპრეტაციის ტიპი ხშირად კონკრტული ინდივიდის  პოლიტიკური სიმპათიებთანაა დაკავშირებული.

 

 

სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის დადგომას, როგორც წესი, რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა განაპირობებს, რომელთა წონაც შესაძლოა განსხვავებულია, მაგრამ ერთი ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორის არარსებობაც მოცემულ შედეგის (ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლების ცვლილება) შეუძლებელს გახდის. მოცემული სტატიის მიზანი დემოკრატიული განვითარების გზაზე არსებული პოლიტიკური-ინსტიტუციური კონტექსტის, მემკვიდრეობის, დღევანდელი გამოწვევებისა და რისკების მოკლე მიმოხილვაა. სტატიაში არ განვიხილავ სოციალურ-კულტურულ კონტექსტს, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებისათვის ჩამოყალიბების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია.

 

 

არჩევნების შედეგად ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა, რომელიც პერსპექტივაში, სავარაუდოდ, იმოქმედებს საზოგადოების სტრუქტურაზე და ძალაუფლების გადანაწილების ფორმებზე.  თუმცა კითხვა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საზოგადოებისთვის “საბედისწეროდ“ იქცა, კვლავ აქტუალურია _ რამდენად შეძლებს ქვეყანა წინსვლას კონსოლიდირებული დემოკრატიისაკენ?

 

სიპი ქვების მოედანი

 

 

ბოლო ოცი წლის განმავლობაში დემოკრატიის მშენობლების მცდელობები სრული ან ნაწილობრივი კრახით მთავრდებოდა. განვითარების ისტორიული ხაზი მრუდია დემოკრატიის მომატების  და/ან კლების კუთხით. საქართველოს პირველმა ხელისუფლებამ ეთნო-ნაციონალიზმის პრინციპების დამკვიდრება სცადა, მისი მმართველობა სამოქალაქო ომით დასრულდა. შევარდნაძის მმართველობისას სუსტი სახელმწიფო, კორუმპირებული ბიუროკრატია და ქვეყნის სტაგნაცია მივიღეთ, დემოკრატიის შედარებით მაღალი ხარისხით, რაც თავისუფალი მედიის ჩამოყალიბებასა და სამოქალქო სექტორის გაძლიერებაში გამოიხატა. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო თანამედროვე დემოკრატიის გაგებისგან.

 

 

“ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კიდევ ერთი მცდელობა დემოკრატიისკენ წინსვლისა წარუმატებელი აღმოჩნდა. პოლიტიკური ელიტისა და მათი ინტელექტუალური მხარდამჭერების ხედვა ქვეყნის უპირობო მოდერნიზაციას ისახავდა მიზნად დემოკრატიის “დროებითი“ უგულველყოფით. ეს მიდგომა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ საზოგადოება (ხალხი _ ასე უწოდებდნენ) არ იყო მზად დემოკრატიისთვის და “ჭეშმარიტების“ ექსკლუზიურად მფლობელი ელიტა ზემოდან ქვემოთ მოახდენდა საზოგადოების ცვლილებას. შედეგად, ერთი მხრივ, მივიღეთ კორუფციის აღმოფხვრა ბიუროკრატიის დაბალ და საშუალო დონეზე, რამდენიმე წარმატებული ინსტიტუციური რეფორმა, მიზნობრივი და არამიზნობრივი ინფრასტრუქტურული  პროექტები.

 

 

პროცესებს თან სდევდა პოლიტიკური, საჯარო, მედიასივრცის თითქმის სრული მონოპოლიზაცია მმართველი ჯგუფის მიერ. სახელმწიფოში შეზრდილი პარტიული მმართველობა. სასამართლოს დამოკიდებულება მმართველი ელიტისადმი. მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების გადაკვეთა, რაც ელიტარული კორუფციით გამოიხატებოდა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მუდმივი დარღვევა და სხვა დემოკრატიასთან შეუთავსებელი მავნე პროცესები, რომელსაც თან ერთვოდა რადიკალური მემარჯვენე იდეოლოგია. ერთი მხრივ, ეკონომიკის ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ მოქალაქეთა კრიტიკული რაოდენობა; სამოქალაქო საზოგადოების დასუსტება და მოქალაქის “გარიცხვა“ მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრებიდან; მოქალაქეთა მასიური კონტროლის მცდელობა სამართალდამცველი ინსტიტუტების მხრიდან და “ერესში“ შემჩნეულ ადამიანთა სანქცირების სხვადასხვა ფორმა.

 

 

სტატიაში წინა ხელისუფლების ყველა წარმატებულ თუ წარუმატებელ ქმედებების ვერ ჩამოვთვლი, ზოგადი დახასიათებით ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობის პარალელურად მოხდა დემოკრატიზაციის შეზღუდვა, მივიღეთ მოდერნიზებული სახელმწიფოს საწყისები დემოკრატიის სახელით, დემოკრატიის გარეშე.

 

 

მოედანი, რომელიც ახალ ხელისუფლებას დახვდა, მაცდუნებელი სიპი ქვებითაა სავსე, რომელზეც ფეხის დაცდენის შემთხვევაში იოლია ქვეყანაში ახალი ავტორიტარული მმართველობა მივიღოთ. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამისათვის ყველა პირობა შექმნა ინსტიტუციებს შორის ძალთა ბალანსის მოშლის, უკიდურესად ცენტრალიზებული მმართველობის ფორმით, სახელმწიფო ინსტიტუტების და ბიუროკრატიული აპარატის პოლიტიზაციით და სხვა ქმედებებით.

 

ბურუსი სიპი ქვების მოედანზე

 

თუ ვუშვებთ, რომ საზოგადოების ერთ-ერთი დაკვეთა დემოკრატიისკენ სვლაა, ახალი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის უმთავრეს მიზანიც ეს უნდა იყოს. ამ მიზნის მიღწევა – დემოკრატიული პროცესის მუდმივობის დამკვიდრება – საკმაოდ რთულია ისეთ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ წინა ხელისუფლების, ერთი მხრივ, ავტორიტარულმა მართველობამ, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციისა და დემოკრატიის სახელით სხვადასხვა სახის უსამართლობას ჩადიოდა, სავარაუდოდ, მოქალაქეთა ნაწილში დემოკრატიული თუ დასავლურ ტიპის სახელმწიფოს იდეის დისკრედიტირება გამოიწვია.

 

მეორე მხრივ, ცალსახაა, საქართველში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება შეუძლებელია ევროპისა თუ ამერიკის სახელმწიფობთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ორიენტირება ავტორიტარულ ქვეყნებზე, მაგალითად, რუსეთზე საქართველოში დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას იმთავითვე გამორიცხავს. სავარაუდოდ, ძირითადი მიდგომა, რომელიც დემოკრატიული წინსვლისთვისაა საჭირო – ახალი ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სახელისუფლო შტოებს შორის კონტროლისა და ძალთა ბალანსის ინსტიტუციონალური მოწყობა, დემოკრატიული პრაქტიკების ხელშეწყობასა და წახალისებაში უნდა გამოიხატოს.

 

 

თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს შესაბამისი ღირებულებების დამცველი და განმახორციელებელი. მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მუდმივი დისკუსია და არტიკულაცია, რომ დასავლურ საზოგადოებებში არსებული დემოკრატია არა მითი, არამედ ყოველდღიური ცხოვრების წესია.

 

დღეს ახალი ხელისუფლების ქმედებების სიღრმისეული შეფასება დემოკრატიული განვითარების კუთხით საკმაოდ რთულია, რაც განპირობებულია მმართველობაში ყოფნის მოკლე პერიოდით, კოაბიტაციის პროცესის გამოცდილების არარსებობის, მასთან თანმდევი რთული პროცესებით…. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მხოლოდ ჩანასახოვან ძვრებზე შეიძლება მსჯელობა, რომელთა განხორციელებაც შეიძლება ტენდენციად იქცეს, შეიძლება _ არა. შევეცდები აღვწეროთ ეს ძვრები.

 

 

რამდენიმე დაკვირვებადი ცვლილება ცალსახად პოზიტიურია. მაგალითად, ახალი მმართველი გუნდის მიერ საზოგადოებაზე სისტემურ ძალადობასა და კონტროლზე უარის თქმა. საქართველოში მეგობრებთან საუბრისას ჩანს, რომ აქვთ მეტი თავისუფლების განცდა, რაც საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვაში, ტელეფონზე თავისუფლად საუბარის შესაძლებლობაში გამოიხატება. სისტემური ძალადობა შეწყდა ციხეში. საკუთრების უფლების პატივისცემა გაზრდილია. ჩნდება პროფესიული კავშირების აქტიურობის კონტურები, რომლებიც პერიოდულად ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაცვას გაფიცვების საშუალებით და არ ეშინიათ, რომ ამის გამო სამსახურს დაკარგავენ. მსგავსი ქმედებები წინა ხელისუფლების დროს წარმოუდგენელი იყო.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოუსმინო ყველა მოქალაქის ტელეფონს, წინა ხელისფლებას არასოდეს გაუკეთებია განცხადება, რომ არ უსმენდნენ. ჩემი დაკვირვებით, იყო მცდელობა, მოქალაქეებს მუდმივად ჰქონოდათ განცდა, რომ მათი ყველა ქმედება კონტროლირებადი იყო. მოქალაქეთა “გათავისუფლება“ ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასთან ერთად მათი ვალდებულებაცაა, რომელსაც, იმედია, კარგად აცნობიერებენ.

 

 

მიუხედავად ამისა, მაინც რჩება ალბათობა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდეგ ავტორიტარული მართველობის ფორმები განახლდეს. რისკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ინსტიტუციური ცვლილებები, რომლეთა განხორციელებაც ავტორიტარულ ტენდენციებს მინიმუმამდე შეამცირებს. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა მოქალაქის უფლების დაცვა თანაბრად უნდა უზრუნველყონ. საინტერესოა, იქცევა თუ არა 8 თებერვლის ინცინდენტი სამართალდამცველი ინსტიტუტებისთვის მწარე მაგალითად, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მოქალაქეთა რისხვის აღკვეთა ვერ მოხერხდა.

 

სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, სამართლიანობის აღდგენა, ახალი ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი და მაცდუნებელი გამოწვევაა. მაცდუნებელი იმ აზრით, რომ ხელისუფლებას აქვს სრული მხარდაჭერა  და მოთხოვნა დანაშაულში ეჭვმიტანილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგელმების დასჯის, არსებობს “საღი აზრი“, თუ ვინ იყვნენ ძირითადი დამნაშავეები. მეორე მხრივ, სამართლებრივი პროცედურების დაცვა თითოეულ შემთხვევისას მნიშვნელოვანია.

 

არსებული სასამართლოს პირობებში სამართლიანობის პროცესის აღდგენა, როგორც ჩანს, შეუძლებელი იქნება. გახმაურებულ საქმეებში ეჭვმიტალითა მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გირავნობის შეფარდებასთან დაკავშირებით მოქალაქეებში ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. სასამართლოს რეფორმის აუცილებლობა ცხადია. იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე ინიციატივები, რომელიც სასამართლო სექტორში იგეგმება, ძირითადად პოზიტიურად ფასდება ავტორიტეტული არასამთავრობაოორგანიზაცია “საერთაშორისი გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ.

 

საინტერესოა, არის თუ არა დაგეგმილი ცვლილებები ხანგრძლივვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზანიც სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება იქნება. სასამართლო კანონმდებლობაში ცვლილებების მიღების შემთხვევაში  ინსტიტუციურად უფრო ჰორიზონტალურ სასამართლო სისტემას ვიღებთ – ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის. როგორ იქნება უზრუნველყოფილი წლების განმავლობაში პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფმა მოსამართლეებმა სამომავლოდ არ გაიმეორონ იგივე? ან რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მოსამართლეებს? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება.

 

 

შერჩევითი სამართლიანობის კუთხით გუნავას შემთხვევა ახალი ხელისუფლების ყელში გაჩხერილი პატარა ძვალია, რომელზეც საზოგადოებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ერთი შემთხვევა შერჩევითი სამართლიანობის შეუქცევად ტენდენციას  ვერ ქმნის, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე ამომწურავი პასუხის გაცემა მათი ვალდებულებაა. ახალი ხელისუფლება ამ ეტაპზე სამართლიანობის აღდგენის მოკლევადიან პროცესზე მეტადაა ორიენტირებული და ცდილობს საზოგადოების ეს დაკვეთა შეასრულოს. ამავდროულად, არ ჩანს ნათელი კრიტერიუმები, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება ამ ზოგადი პროცესის კონკრეტულ მახასიათებლებს გამოყოფდა – რას გულისხმობს ეს პროცესი? სად იწყება და სად მთავრდება?

 

 

პარლამენტი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გავლენიანი მმართველების გადაწყვეტილებების უსიტყვო განმახორციელებელი იყო. დღეს უფრო ცოცხალია. როგორც მინიმუმ, არსებობს პოზიცია და მმართველობის გამოცდილების მქონე ოპოზიცია. ამასთან “ქართული ოცნება“ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ხედვის პარტიებისგან შედგება, რაც, სავარაუდოდ, შიდა მრავალფეროვნების საფუძველს შექმნის სამომავლოდ.

 

კითხვები ჩნდება “ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან დეპუტატთა გადინების ტენდენციაზე, რაც, სავარაუდოდ, პოლიტიკური ზეწოლით არის განპირობებული. როგორი მიუღებელიც უნდა იყოს, “ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადიების დიდი უმრავლესობისათვის,  საპარლამენტო ოპოზიციის არსებობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია.

 

 

ინსტიტუციური რეფორმის თვლასაზრისით საინტერესოა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი. რეფორმის შედეგად ორდონიანი თვითმმართველობი იქნება, რასაც სოფლის მოსახლეთა წარმომადგენლობითი კრებები ემატება. ახალ თვითმმართველი ერთეულები უზრუნველყოფილი იქნებიან საკუთარი ბიუჯეტით და ადგილზე იქნება შესაძლებელი საკითხთა პრიორიტიზაცია, საკუთარი თემის განვითარების დაგეგმვა.

 

სამწუხაროდ, საქართველოში რეალური თვითმმართველობის გამოცდილება არ არსებოს. რაც აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს რეფორმის დასაწყისში. თუმცა, თუ არ გაჩნდა რეალური თვითმმართველობის საფუძვლები, პრობლემა მუდმივად იარსებებს.

 

თვითმართველობის წარმატებულ რეფორმას ალტერნატივა არ აქვს მომავალი დემოკრატიული განვითარებისათვის. არჩევნების შემდგომ არსებულ თვითმმართველობებზე პოლიტიკური ზეწოლა და “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა “ქართული ოცნების“ მიერ ჩანაცვლება დემოკრატიზაციის პროცესის საპირისპირო მაგალითია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართვის არსებული უკიდურესად ცენტრალიზებული ვერტიკალი ამ პროცესს მაღალი ალბათობით გამოიწვევდა. სამომავლოდ რეალური თვითმმართველობის დანერგვა მსგავსი შედეგებიდან თავდაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება.

 

 

ახალი ხელისუფლების მმართველობის ტიპი დაცლილია ერთგვარი მესიანიზმისგან, ნაციონალური იდენტობის კონსტრუირების და სიმბოლოებისადმი გადაჭარბებული მნიშვნელობების მინიჭებისაგან. მართალია, გვახსოვს პრემიერის საახალწლო ნაძვისხეზე მოციმციმე ხატები, მაგრამ  მესიანიზმი ყოველდღიური ნარატივის ნაწილი არაა. ზოგადი დაკვირვებით მათი მართვის სტილი უფრო რაციონალურია, ნაკლებადაა მიმართული საზოგადოების მანიპულირებისაკენ. ასეთი მიდგომა თანამედროვე ევროპული ტიპის მმართველობას უფრო ჰგავს. იმედია, სამომავლოდ არ გაჩნდება “პატრიოტთა ბანაკების“  მსგავსი სამჭედლოები ან მასიური მედიაშტურმი ქვეყნის გაერთიანებაზე, ან გელათის ტაძარში დადებული ფიცი, რომელიც დიდი ერის ხელახალი აღმშენებლობის ნაციონალურ სენტიმენტებს გააღვიძებს.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი მართვის ავტორიტარული ტენდენციისა პრემიერ-მინისტრის მიერ ირაკლი ალასანიას “დასჯა“ იყო. მიზეზი მსგავსი ქმედებისა კი ალასანიას მიერ საკუთარ თანამოაზრეებთან კარიერული მიზნებზე დისკუსია იყო. ეს შემთხვევა პრემიერის მხრიდან აზრის გამოხატვის თავისუფლებისადმი თუ მართვის სტილის არცთუ პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. დრო აჩვენებს, გამონაკლისია ეს შემთხვევა, თუ დამახასიათებელია მმართველი გუნდისათვის.

 

 

მედიასივრცე უფრო მრავალფეროვანი დისკუსიებითაა გაჯერებული, ვიდრე იყო. არ არის შემთხვევა თავისუფლაი მედიაზე ზეწოლის. მინისტრები აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა გადაცემაში, ეს ყველაფერი საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

 

თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაა. “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მნიშვნელოვანი დამსახურება რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო. რაც გამოიხატა, როგორც მმართველი გუნდის მულტიკულტურულ  ნარატივში, ასევე კონკრეტულ ინიციატივებში, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, რელიგიური უმცირესობების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემა და სხვა.

 

სექსუალურ უმცირესობებთან დამოკიდებულებების თვალსაზრისით წინა ხელისუფლება საჯარო პოლიტიკის დონეზე დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი მიდგომა ჰქონდა. თუცა ფარულად მათ მუდმივად აშანტაჟებდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლები სექსუალური იდენტობის საფუძველზე შანტაჟის შემაძრწუნებელი მაგალითია.

 

შეზღუდული შესაძლელბლობების მქონე პირთა სავალალო მდგომარეობა  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში კარგადაა აღწერილი. ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ჯერჯერობით ვერაფრით დაიკვეხნის.

 

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგნელი სექსუალური უმცირესობისადმი სიძულვილის ენას იყენებდა. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ნიგვზიანისა და წინწყაროს შემთხვევების გადაწყვეტის ფორმები ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების – გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით დასრულდა. ადგილობრივ მუსლიმებს მიეცათ ლოცვით რიტუალში მონაწილეობის შესაძლებლობა. სხვა სოფლებში მაცხოვრებლებს კი  არა.  ეს იგივეა, გორელ მართლმადიდებელს თბილისში სამების ტაძარში ჩასვლა რომ აუკრძალო.

 

 

ამავდროულად, პრემიერ-მინისტრს თუ სხვა მინისტრებს ხშირად ვხედავთ რელიგიური უმცირესობების დღესასწაულებზე, რაც პოზიტიური მესიჯია. შემდგომი პროცესები გვაჩვენებს, თუ რამდენად პრინციპული იქნება ხელისუფლება უმცირესობების ფუნდამენტური უფლებების დაცვაში,  რა პრინციპებით იხელმძღვანელებს შემდგომში ნიგვზიანის  მსგავს ინცინდენტებზე, რამდენად დაიცავს სექსუალური უმცირესობის უფლებებს, ან რამდენად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ინტეგრაციას.

 

 

მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები სახეზეა, ხელისუფლების მართვის სტილიც ჯერჯერობით უფრო დემოკრატიულია და ამის პოლიტიკური ნებაც არსებობს. კითხვები და ეჭვები ბევრია. იქცევა თუ არა ეს ძვრები შეუქცევად ტენდენციებად და გავცდებით თუ არა ჩაკეტილ წრეს, მომავალი გვიჩვენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი