კომენტარი

ბერძენიშვილი: ლაპარაკი, რომ თურქები მტრები არიან, საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული

7 მარტი, 2013 • • 2042
ბერძენიშვილი: ლაპარაკი, რომ თურქები მტრები არიან, საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ქსენოფობიური გამოვლინებები:

“მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა უპირველეს ყოვლისა, რადგანაც ყველა ადამიანი არის თანასწორი, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, ეთნიკურ-ეროვნული წარმოშობისა, კანის ფერისა, სქესისა თუ სხვა შეხედულებებისა, თუნდაც. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც მუდამ, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ძალიან დიდ პატივს სცემდა სხვა ერებს, სხვა სარწმუნოებებს და ეს არ უნდა იყოს ის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ჩვენსა და სხვა ერებს შორის. ჩვენ ყველა ერის მიმართ უნდა გვქონდეს თანასწორი დამოკიდებულება, პატივისცემა და ასევე სხვა ერებისგან უნდა მოვითხოვოთ ანალოგიური თანასწორობა და პატივისცემა ჩვენ მიმართ”.

რაც შეეხება ბათუმში მეჩეთის აშენებას, საჯაია მიიჩნევს, რომ საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს თავიანთი რელიგიური რიტუალების განხორციელების საშუალება უნდა ჰქონდეთ:

“რადგანაც ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, ალბათ ყველას გვენდომება, როდესაც წავალთ სხვა სარწმუნოების მქონე ქვეყანაში, რომ ჩვენც ანალოგიურად მოგვეცეს შესაძლებლობა ვილოცოთ ქრისტიანული წესით ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ ტაძარში. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ გვქონდეს ეს უფლება, ანალოგიური უფლება უნდა მივანიჭოთ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს.”

აქციის შეფასებისას გაცილებით მკაცრია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ქსენოფობიით სამშობლოს და ადამიანის სიყვარული არ გამოიხატება:

“რა თქმა უნდა, სამშობლოს და ადამიანის სიყვარული არ გამოიხატება დაწერილი კანონების და კონსტიტუციის უპატივცემულობით. საქართველოში გარანტირებულია აღმსარებლობის თავისუფლება და ამიტომ ყველანაირი ასეთი გამოსვლა სირცხვილია და თავის მოჭრა არის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამაში მონაწილეობენ.”

ბერძენიშვილი განმარტავს, რომ თურქეთთან ჩვენ საპრეტენზიო არაფერი გვაქვს:

“მრავალი ათეული ათასი, თუ მეტი არა, ქართველისთვის თურქეთი არის ერთადერთი საშუალება, თავი გაიტანოს. ამიტომ თურქეთი ჩვენთან ვალში ეკონომიკურად არ არის და ამაზე უნდა დაფიქრდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ასე უნდა ილაპარაკონ – თურქებმა იყიდეს ბათუმი და… ბათუმი, სხვათა შორის, იყიდეს არა მარტო თურქებმა, არამედ ქართველებმა, ირანელებმა, რუსებმა, ჩეხებმა და ვინც გინდა. სანამ რამე იყიდება, იმიტომ იყიდება, რომ ვიღაცამ უნდა იყიდოს”.

ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთის მტრებად მონათვალა საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია:

“ეს ლაპარაკი, რომ თურქები არიან ჩვენი განსაკუთრებული მტრები, არის ლაპარაკი საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ასეთი ტიპის სტრატეგიული პარტნიორი, როგორიც არის თურქეთი, ერთი მხრივ და აზერბაიჯანი, მეორე მხრივ, ახლა, ამ წუთას პოლიტიკური მიზეზების გამო უკეთესი მეზობელი არ გვყავს და გული ვისკენ უფრო მიგვიწევს, ეს სხვა საკითხი არის.  კულტურული თვალსაზრისით, სხვათა შორის, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, მათ შორის თურქეთთანაც და ვისაც ჩემი არ სჯერა, ორჰან ფამუქის წიგნები წაკითხოს.”

სასულიერო დაწესებულებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ იმდენი აშენდება, რამდენიც ხალხს უნდა:

“მეჩეთს რაც შეეხება, იმდენი მეჩეთი აშენდება საქართველოში, რამდენი მოთხოვნაც ექნება შესაბამის ადამიანთა ჯგუფს. რა არის აქ გაუგებარი, არ მესმის. ასევე, აშენდება ბევრი ეკლესია, აშენდება ბევრი მეჩეთი და იმდენი, რამდენიც გვჭირდება.”

დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ ხალხის გადასაწყვეტი არაა, ვინ რა კონფესიის წარმომადგენელი იქნება:

“მე არა მგონია, რომ რა აღმსარებლობა უნდა ჰქონდეს, ეს უნდა გადაწყვიტოს ადამიანთა რომელიმე ჯგუფმა, თუნდაც ყველაზე უფრო, თავისი აზრით, პატრიოტულად განწყობილმა და არ არის მეჩეთის წინააღმდეგ ბრძოლა ქართველობის ნიშანი. იმიტომ, რომ თუ ვინმე დაუფიქრდება, პატივისცემა ექნება არა მარტო სხვა ადამიანების, სხვა ეთნოსის ადამიანების მიმართ, არამედ ქართველი მუსლიმების მიმართაც.”

დღეს თურქეთის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელშიც 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა,  პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილი მიმართვა წაიკითხეს, რომლითაც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის დაწყებას გმობენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტი” “გმობს გადაწყვეტილებას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ, ასევე, აჭარაში თურქეთის რელიგიურ-ეკონომიკურ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და მოითხოვს, ხელისუფლებამ ყველა სერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი აამოქმედოს თურქეთის მიერ ანექსირებულ ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურულ-რელიგიური ძეგლების აღსადგენად და დასაცავად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი