კომენტარი

არჩილ გამზარდია: პრეზიდენტი თანაგრძნობის გამოწვევას ცდილობს

6 მარტი, 2013 • 1202
არჩილ გამზარდია: პრეზიდენტი თანაგრძნობის გამოწვევას ცდილობს

ბატონო არჩილ, როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო დაცვის მომსახურებაზე უარის თქმის ფაქტს, როგორ ფიქრობთ, რას ისახავს მიზნად ეს გადაწყვეტილება?

 

ეს ერთგვარი პიარპროცესია, ორი ძირითადი სამიზნე აუდიტორიის მიმართ. ერთია, საერთაშორისო საზოგადოება, მეორე კი – შიდა აუდიტორია, ანუ ქართული საზოგადოება. პრეზიდენტი იყენებს პროპაგანდისთვის დამახასიათებელ კომპლექსურ მეთოდებს.
მაგალითად, შიდა სივრცეში ის იყენებს მეთოდს, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად ცდილობს მოიზიდოს ე.წ. თანაგრძნობა მოქალაქეებიდან. ამიტომაცაა, რომ ეს დღეები ის მედიაკამპანია, რაც მან აწარმოა, სწორედ ჩვენს თანაგრძნობით საზომებზე იყო გათვლილი, სხვათა შორის, იმუშავა კიდეც, – მის მიმართ დამოკიდებულებები, თუნდაც სოციალურ ქსელებში, მკვეთრად შემცირებული იყო – საზოგადოება ან იუმორით ხვდებოდა ამას, ან ზომიერი პოზიტივით.

 

მეორე მომენტი უნდა ვეძებოთ მის სასურველობის ნიღაბზე. ანუ კონტექსტი ასეთია – საზოგადოება მე ჩვეულებრივ მიღებს, ქალაქშიც შემიძლია გადაადგილება… სხვათა შორის, მისსავე ინტერესშია, გარკვეული ექსცესიც რომ მოხდეს და ამით ბევრად ფართო კამპანია გაშალოს.

 

რაც შეეხება ამ პროცესების მაყურებელ ნაკლებად ინფორმირებულ საერთაშორისო საზოგადოებას, მას წვეთ-წვეთ ჩაეწვეთება, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, რომელიც თითქოსდა პრეზიდენტს არ უფრთხილდება და მეორე მხრივ, პრეზიდენტის “განსაკუთრებულობა” და “თანამედროვეობაც” კი.

 

ბოლო დროს სააკაშვილი აქტიურად ურთიერთობს მედიასთან. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება პრეზიდენტის მსგავსი ქმედებები?

 

ესეც პრეზიდენტის საზოგადოებრივი კამპანიების ჩარჩოში უნდა განვიხილოთ. არჩევნების შემდგომ მისი პოზიციები, ცხადია, ბევრად გაფერმკრთალდა. არჩევნების შედეგი მთელი მსოფლიოსთვის პროგნოზირებადი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური მხარეების მიერ მისი მოღვაწეობა არ იყო დადებითად შეფასებული. ამის შემდგომ პრეზიდენტი მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია, რადგან, ერთი მხრივ, მარცხს ვერ ეგუება, მეორე მხრივ კი, მუდმივად ჩანს, რომ მტკივნეულად განიცდის მისი მოღვაწეობის უარყოფითად
შეფასებას.

 

მიუხედავად მუდმივი თავის მართლების რეჟიმისა, გარკვეული შეცდომების გათვალისწინება მაინც მოახერხა და ცდილობს გადაფაროს თავისი მახასიათებელი სისუსტეები. მათ შორისაა მედიასთან ურთიერთობაც. ის ცდილობს აჩვენოს საერთაშორისო და ქართულ საზოგადოებას, რომ მედიასთან მუდმივად თანამშრომლობს, მეორე მხრივ, ცდილობს დიქტატორის შექმნილი იმიჯი გადაფაროს ისე, რომ ოპონენტის „ძველმოდურობასა“ და „დიქტატობაზე“ შექმნას მითები დაახლოებული მედიასაშუალებებისა და ახალი ამბების შექმნის მექანიზმებით. მკაფიოდ ჩანს, რომ პრეზიდენტისათვის მედია კვლავინდებურად მხოლოდ საზოგადოების მართვის მთავარი ბერკეტია.

 

არჩილ გამზარდია
არჩილ გამზარდია

“ნაციონალური მოძრაობა” აპრილში მასშტაბური აქციას გეგმავს, თქვენი აზრით, რამდენად უკავშირდება ეს აქცია აპრილში მოსალოდნელ მოვლენებს? ვგულისხმობ პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნას.

 

პრეზიდენტის მხრიდან მთავრობის დათხოვნა მეტისმეტად უგუნური საქციელი შეიძლება იყოს, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი რესურსი, რომ ამ პროცესს სერიოზული დესტრუქცია მოჰყვეს. 

 

შესაძლებელია, გარკვეული იმედგაცრუებები არსებობდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული განწყობა საზოგადოებაში არ შენელებულა. მიუხედავად პრეზიდენტისა თუ მთლიანობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ფართო პროპაგანდისტული მუშაობისა, როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში, „ქართულმა ოცნებამ“ ძირითადი „ნაციონალური“ ნაღმები მაინც წარმატებით გააუვნებელყოფა და ამიტომაც მთავრობის დათხოვნას სერიოზული საზოგადოებრივი აღშფოთება მოჰყვება, პროცესები კი ბევრად სავალალოდ შეიძლება განვითარდეს. როგორც აღმოჩნდა, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ გათვალა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალები და ვერც პირიქით.

 

 

 

რამდენად არის საჭირო კონსტიტუციაში დასავლური კურსის უცვლელობის შესახებ ჩანაწერის გაკეთება, რეალურად არსებობს კურსის ცვლის საფრთხე?

 

ეს უფრო კონსტიტუციონალისტების პროფილია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ მსგავსი ინიციატივები შესაძლოა ასევე საზოგადოებრივი კამპანიის ნაწილი იყოს, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არა იმდენად ეს ცვლილება აღელვებს, არამედ მათი
სტრატეგიაა, საზოგადოებაში შექმნას აზრი, რომ საქართველო კურსს ღალატობს. „ქართული ოცნებიდან“ ამაზე თანხმობა შესაძლოა შემდეგ მისმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენონ იმგვარად, რომ ეს „საფრთხეები“ რეალური იყო და თითქოსდა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევამ უზრუნველყო „ქვეყნის გადარჩენა“ არასასურველი ორიენტირებისგან. თავისი შინაარსით ეს საკითხი უფრო
პროვოკაციას წააგავს შემთავაზებლის მხრიდან, რაც მოწინააღმდეგის დისკრედიტაციაზეა გათვლილი.

 

გახმაურებული საქმეები, რომლის გამოძიებასაც მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისგან ელოდებოდა, ჯერ კიდევ გაუხსნელია. რა
შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან?

 

ამ ბრძოლას, ისევე, როგორც სხვა „ბრძოლებს“, ძალაუფლების განმტკიცება ახლავს მიზნად, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“
მხრიდან, ასევე „ქართული ოცნებიდან“. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო ხელისუფლების შენარჩუნებაზე იბრძოლებს. ამჟამად მიმდინარე ე.წ. სამართალდაცვით პროცესებს უფრო საზოგადოებრივი კამპანიის დანიშნულება გააჩნია, ვიდრე – სამართალწარმოებითი მიზნები.

 

უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების, “ქართული ოცნების” შტოს მიერ წარმოებულ პროცესებს საზოგადოებისათვის სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზების მხილება უფრო წარმოადგენს, ვიდრე რეალური შედეგების მიღწევის მცდელობა. შესაძლოა გარკვეული მოსაზრებების კონფლიქტი იქმნებოდეს იმის თაობაზე, თუ რას მოიცავს “ქართული ოცნების” მიერ წარმოებული
პროცესი: სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას, თუ სასამართლო ხელისუფლების მხილებას. ამაზე მსჯელობა პირობითი იქნება საქართველოში, რადგანაც ორივე მოსაზრებას ამყარებს პოლიტიკური მხარე, რაც საზოგადოებრივი აზრის დაბნევას უფრო იწვევს, ვიდრე ადეკვატური აზრის ფორმირებას. საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კრიტერიუმებად შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, რომელთა უმრავლესობის აზრით, ქართული სასამართლო მძიმე კრიტიკის საგანია.

 

წინა დღეებში მედიამ ჩვენს სასამართლოებში მიმდინარე პროცესების შედეგების მონიტორინგის მცირე სტატისტიკა წარმოადგინა. მონაცემები, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოს ხდის, რომ სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური მხარის ინტერესის გარეშე საქმიანობს.

 

სასურველია, სოციოლოგებმა მეტი კონკრეტული მონაცემი დადონ, მედიამ კი – მეტი ინფორმაცია, როგორც ამ მონაცემების შესახებ, ასევე საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებების შესახებ. ამ შემთხვევაში შედარებით უკეთ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას და რეალობის ადეკვატური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი