“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პიროვნებას დღისით, მზისით იტაცებენ დაუდგენელი პირები და 24 საათზე ნაკლებ დროში ის უკვე სხვა ქვეყანაშია. აქ უკანონობა იმდენად ცალსახაა, რომ ძნელია სხვა შეფასება გააკეთო, თუ არა ის, რომ ან ადგილი ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურების აზერბაიჯანთან პირდაპირ თანამშრომლობას, ან სახეზეა თვალის დახუჭვა”, – ამბობს გიორგი გოგია უფლებადამცველი, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი.
გოგიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მას ფაბრიკაციისთვის ფოტოებიც გადაუღეს იმის დასადასტურებლად, რომ ამ უკანასკნელმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
თბილისიდან “გაუჩინარებული” და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურალისტის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 31 მაისს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აფგან მუხთარლის მხარდასაჭერ აქციიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებას აპროტესტებენ, საქართველოს ხელისუფლებიდან კი დაწყებული გამოძების შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა – ნიშინად იმისა, რომ აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში თავზე ჩამოცმული ტომრით გადაიყვანეს და მისი უფლებები დაარღვიეს- სიმბოლურად თავადაც ჩამოიცვეს თავზე ტომრები .