კომენტარი

ნიკა ჩიტაძე: რუსეთს ჰგონია, საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია მასზე

19 თებერვალი, 2013 • 1655
ნიკა ჩიტაძე: რუსეთს ჰგონია, საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებულია მასზე

ბატონო ნიკა,  რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, რუსეთის მაღალჩინოსნების განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის საგადასახადო სისტემაში ინტეგრაციის შესახებ. რამდენად შეუშლის ეს პროცესი ხელს საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულ დიალოგს?


რუსეთმა ამ ქმედებით ანიშნა საქართველოს, რომ ის გარკვეულ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხთან დაკავშირებით. მან ამით მიანიშნა, რომ შესაძლებელია ურთიერთობის გაგრძელება, მაგალითად, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე განახლებასთან დაკავშირებით, სავაჭრო–ეკონომიკურ, კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე, მაგრამ ამავე დროს, ისე არ აპირებს დათმობას სხვა საკითხში. 

 

ამ პროცესით კი გამოჩნდება, რომ რუსეთს არა მხოლოდ ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, არამედ ანექსირებულიც. ორივე რეგიონი იმყოფება რუსეთის პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში, განსაკუთრებით ეს შეეხება ცხინვალის რეგიონს, რომელსაც, მაგალითად, არც საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსი აქვს და არც საგადასახადო, რუსეთის კანონმდებლობასთან არის ინტეგრირებული მათი ე.წ კანონები. ამ ინფორმაციით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ამით, მოსალოდნელი იყო.

 

შეხების წერტილებშიც კი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობდა დიალოგის დაწყებისთვის, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. გენადი ონიშენკოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ 12-მა კომპანიამ არ წარმოადგინა სრულყოფილად დოკუმენტები და რუსეთის დელეგაცია იქამდე არ ეწვევა საქართველოს, სანამ ეს არ მოწესრიგდება. რუსეთი ყველანაირად ცდილობს გაწელოს მოლაპარაკება და პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოოს საქართველოსთან და სხვა რაიმე დათმობაზე წასვლა აიძულოს.

 

რაც შეეხება კონკრეტულად ცხინვალის საგადასახადო სისტემის ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს  საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებსთან, რომ საქართველო არ აპირებს საგარეო პოლიტიკურ კურსს გადაუხვიოს. 

 

ასეთ შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს?

 

პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ეცნობოს ეს ყველაფერი და ჟენევის ფორმატში ეს საკითხი უნდა იყოს განხილული.

 

გარდა ამისა, ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ რუსულ ბაზარზე, არ არის გამორიცხული, ქართულმა მხარემ მტკიცე პოზიცია დააფიქსიროს. რუსეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ამაზეა დამოკიდებული, თუმცა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, საქართველოს ეკონომიკა გადარჩა. მაგალითს გეტყვით, 2006 წელს, როდესაც რუსეთმა შემოიღო ღვინოზე და მინერალურ წყლებზე საქნციები, 2007 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12%–ით გაიზარდა და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

 

აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების გარეშე დამოუკიდებელი სავაჭრო–ეკონომიკური წარმოება. მით უმეტეს, 2006 წლიდან საქართველო არ არის რუსეთის ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებული, როდესაც აზერბაიჯანის სახით საქართველოში ახალი ენერგორესურსი გამოჩნდა.

 

ანუ ფიქრობთ, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი რიტორიკის დროს სწორი იქნება სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების საკითხიც თავიდან გადაიხედოს?


ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მარტო დიპლომატიური ნოტა საკმარისი არ არის. მით უმეტეს, რომ ონიშენკო ასეთ პრეტენზიებს უყენებს საქართველოს. თუ საქართველო–ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებას ხელი მოეწერა, სავაჭრო რეჟიმი, რომელიც არსებობს 7 200 მდე დასახალების პროდუქციის შეტანაზე, საქართველოს გაუხსნის გზას რეალურ და მეტად უფრო სანდო პარტიორებთან ურთიერთობაში. მძიმე მდგომარეობაში ნამდვილად არ ჩავარდება საქართველოს ეკონომიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი