კომენტარი

კახა გოგოლაშვილი: თუ ასე გაგრძელდა, რუსეთთან მოლაპარაკებები არაადეკვატური იქნება

18 თებერვალი, 2013 • 1056
კახა გოგოლაშვილი: თუ ასე გაგრძელდა, რუსეთთან მოლაპარაკებები არაადეკვატური იქნება

რუსეთთან დიალოგის დაწყების პირველივე ეტაპზე რუსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო სივრცეში ინტეგრაციის შესახებ საუბარი დაიწყო. რას ნიშნავს ეს?

 

საგადასახადო კავშირი ინტეგრაციის ერთ-ერთი საშუალებაა მსოფლიოში. სუვერენულ სახელმწიფოებს უფლება აქვთ ასეთ შეთანხმებაში შევიდნენ სხვა ქვეყანასთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი, პრაქტიკულად საბაჟო კავშირში ცხინვალის რეგიონი და რუსეთის ფედერაცია ერთმანეთთან უკვე არიან. მათ შორის გადაადგილება თავისუფალია და ისინი იმყოფებიან ერთიან ეკონომიკურ ზონაში. მთლიანობაში, ცხინვალის რეგიონი  რუსეთთან პოლიტიკურადაც ინტეგრირებულია. კარგად ვიცით, რომ ცხინვალის არჩევნებიც ორივე ტერიტორიაზე, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი დე ფაქტო რომ ხდება, კარგად ვიცით ამის შესახებ.

 

ამ შემთხვევაში კი, რუსულ ბანკებს იქ ოფიციალურად უნდათ ოპერირება. უნდათ ცხინვალის რეგიონში ლეგალური უფლებები ჰქონდეთ და რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებით იფუნქციონირონ.

 

რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ?

 

ნებისმიერი სახის ასეთი ოფიციალური შეთანხმება ყოველთვის უნდა იწვევდეს ჩვენს პროტესტს. სამწუხაროდ, ამ პროტესტს რუსეთის მხრიდან არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

 

დიალოგი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე უნდა გაგრძელდეს თუ არა?

 

რაც შეეხება ჩვენს კონსულტაციებს რუსეთის მხარესთან, უნდა შევიკავოთ თავი რუსეთთან კონსულტაციებისგან იმ პერიოდში, როდესაც ის ახორციელებს ასეთი სახის ქმედებებს. საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების პერიოდში მხარეები ერიდებიან ერთმანეთისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯების გადადგმას.

 

შესაძლებელია, ცხინვალის რეგიონმა მოითხოვა ეს საგადასახდო სისტემის ინტეგრირება, მაგრამ რუსეთმა არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან. ეს იქნება ძალიან სწორი. სხვა შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის ცინიკური ანექსია გაგრძელდება, ალბათ, ყველანაირი მოლაპარაკების შეწყვეტა მოგვიწევს.

 

ჩვენ ჯერჯერობით რაღაც ეტაპზე გავჩერდით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს არ ვეხებით. თუ რუსეთის მხრიდან ამ სტატუსის გამყარება მოხდება და ეს პროცესი ასე გაგრძელდება, არაადეკვატური იქნება ჩვენი მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან. ეს თავიდანვე კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული იმისთვის, რომ რუსეთმა არჩევანი გააკეთოს. სხვა შემთხვევაში ჩავდგებით მათხოვრის როლში, რომლისთვისაც სულერთია, როგორ ექცევიან მას, ოღონდ გაშვერილი ხელი რაღაც კვოტებით შეუვსონ. გასაგებია, რომ მათ ამ საკითხებზე არ სურთ საუბარი.

 

მოლაპარაკების პროცესი ურთიერთპატივისცემის გარეშე ვერ იარსებებს და ასეთი სახის მოლაპარაკება არაფერს მოგვცემს.

 

შესაძლებელია, რომ მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებულია მხარეებს შორის, მალევე ჩიხში შევიდეს?

 

სრულიად შესაძლებელია, რომ ჩიხში შევიდეს. ამის მაღალი რისკი არსებობს. პირველ ატაპზევე უნდა გავიგოთ, რა აინტერესებს რუსეთს, რა მიზანი აქვს ჩვენთან ურთიერთობაში. თუ აგრძელებს არა მხოლოდ ოკუპირებას, უკვე ანექსიას და ინტეგრირებასაც, მაშინ რუსეთთან ნებისმიერ თამაშს უნდა შევეშვათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი