კომენტარი

მე მირზას ვირჩევ

4 თებერვალი, 2013 • 1334
მე მირზას ვირჩევ

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

 

წავიკითხე და იქვე სპონტანურად სურვილი გამიჩნდა, რომ ჩემი მოკრძალებული მოსაზრება დამეწერა. დამეწერა იმიტომ, რომ ეს ბოლო დღეებია ყველა მხრიდან ერთი და იგივე არაფრისმთქმელი ამბები მესმის. ხან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავობენ, ხან ჭიდაობის ფედერაციაში ატეხილ ცემა-ტყეპაზე, ხან ბათუმის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე, ხანაც კოჰაბიტაციაზე ვერ შეთანხმებულან და ა.შ. უსასრულობამდე.

 

 

ამ ფონზე კი ბევრი ისეთი რამ ხდება ჩვენ ირგვლივ, რაც ყველაზე ძვირფასს, ადამიანის სიცოცხლეს ეხება და ხშირად ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება.  სულაც არ ვაპირებ ჩემს მოსაზრებაში ვინმეს სოლიდარობის მნიშვნელობაზე ვესაუბრო. უბრალოდ, მინდა მირზას გადასარჩენად ერთი ამბავი გიამბოთ. ამბავი, რომელიც, ალბათ, უფრო მე მეხება, ვიდრე მირზას. მაგრამ ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს საჯაროდ მხოლოდ მირზას გამო ვყვები.

 

 

დაახლოებით სამი წლის წინ ავტოავარია შემემთხვა. გონება დავკარგე და დღემდე არ ვიცი, როგორ მოვხვდი საავადმყოფოში. გონების დაკარგვაზე უარესი კი გონებაზე მოსვლის შემდეგ გავიგე. თურმე მარჯვენა ფეხზე იმდენად რთული მოტეხილობა მქონდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შევძლებდი სიარულს. სიარულს რომ თავი დავანებოთ, თითქმის ერთი თვე ზურგზე უნდა ვწოლილიყავი გაუნძრევლად. მართალია, ფსიქოლოგიურად ტრავმა იოლად დავამარცხე და რეანიმაციაშივე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ აუცილებლად ისევ გავივლიდი, მაგრამ ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

 

 

მაშინ პირველად გავიგე, რას ნიშნავს იყო უმწეო და სხვებზე დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვა, იყო და თან არ იყო.

 

 

ავარიის შემდეგ ორ თვეზე მეტი მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ ყავარჯნებზე დაყრდნობით ცალი ფეხი მიწაზე დამედგა. ყავარჯნების გარეშე სიარული პირველად ნახევარი წლის შემდეგ დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ტროსტს კიდევ დიდი ხანი ვატარებდი, ჩემი პირველი ნაბიჯები მეორედ დაბადებას ჰგავდა. ჰო, ჰგავდა იმიტომ, რომ მე ისევ შემეძლო იქ წასვლა და იმ ადგილების ნახვა, რომელიც ყველზე მეტად მენატრებოდა და ხანდახან მესიზმრებოდა კიდეც. შემეძლო არ დავლოდებოდი, როდის მოვიდოდა ჩემი მეგობარი ჩემთან და თავად შემეძლო მასთან მისვლა.

 

 

ახლა რომ ვფიქრობ, ვხვდები _ ავტოავარიის და იმ უსიამოვნო დღეების შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ჩემი ამბისა და მირზას მდგომარეობის მასშტაბებს შორის სხვაობა ძალიან დიდია, მაგრამ მინდა, რომ მირზასაც ჰქონდეს იმის შანსი, ბევრი კარგი მოხდეს მის ცხოვრებაში. მით უმეტეს, ჯერ მხოლოდ 11 წლის არის და ბევრი, ბევრი, ბევრი კარგი შეუძლია გააკეთოს. ამისთვის კი ჩვენი თანადგომა სჭირდება. მჯერა, რომ თუ სოლიდარულები ვიქნებით, მირზაც უკეთესად იქნება.

 

 

ვიცი, იყო სოლიდარული, ეს ძალიან მარტივია. აი, ახლა შენ, ვინც ამ ამბავს კითხულობ, შეგიძლია 0901500513 დარეკო და მირზას დაეხმარო.

 

 

არ მინდა, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები სოლიდარობას მხოლოდ სატელევიზიო შოუს მონაწილეების მიმართ იჩენდნენ და საკუთარი სიამოვნებისთვის ასიათასობით სატელეფონო ზარს თავიანთი ფავორიტის გადასარჩენად ახორციელებდნენ.

 

 

დაბოლოს, თუ მაინც არჩევაზე მიდგება საქმე, მაშინ მე მირზას ვირჩევ. 

 

ამავე თემაზე: მირზას ჩვენი დახმარება სჭირდება

 

მირზას ანგარიშის ნომერი:
მიმღები ბანკი: „სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი“. ბანკის კოდი BAGAGE22; მიმღების დასახელება: ცეცხლაძე იამზე; მიმღების ანგარიშის ნომერი: GE61BG0000000285946400

მასალების გადაბეჭდვის წესი